„ვნახოთ, „ოცნებას“ როდემდე ეყოლება პარლამენტი პარალიზებული“
"პარლამენტში თავიდან იწყება თავდავიწყება", - ამბობს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე. მისი აზრით, მოსამართლეების სანქცირება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის ყულფის მოჭერას ნიშნავს. „ყველაფერი აქამდე მიდის, ეს არის ყველაზე ბოლო ინსტანციის ძალაუფლება, რომელშიც ყველაფერი წყდება: ფინანსური, პოლიტიკური დევნის საკითხები, არჩევნების შედეგები. იქიდან დაიწყეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ ახლა სანქციების დარდი აქვს", - განაცხადა გოცირიძემ. მისივე განმარტებით, სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრისთვის ოპოზიცია მომდევნო კვირასაც მზად იქნება.
- თავდავიწყება თავიდან იწყება. "ოცნება" პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და არ დადის პარლამენტში. კი, მოდიან პარლამენტში და დარბაზშიც სხედან, მაგრამ რეგისტრაციას არ გადიან. სხვათა შორის, ყოველ არმოსვლაზე ჯარიმაა დაწესებული, ხელფასის 10%. დეპუტატს 3 400-ლარიანი ხელფასი აქვს, შესაბამისად, მისი 10% ანუ 340 ლარი ყოველ გაცდენაზე ეჭრებათ, მაგრამ მათ ახლა ფული არ ადარდებთ. უფრო მეტიც, ფულს აქეთ მოგცემენ, ოღონდ არ მივიდეთ და არ შევაწუხოთ.
- მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მავნებლობაა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ.
- ახლავე ვაფრთხილებ, რომ სამშაბათიდან ყველანი მოვდივართ! "ქართულ ოცნებას"“ ისღა დარჩენია, რომელიმე ჩვენგანმა მშენებლობის ქვეშ გაიაროს და ჩამოვარდნილი აგური მოგვხვდეს თავში.
- როდემდე შეიძლება პარლამენტში ამ პროცესის გაგრძელება, გეგმა ბ თუ გაქვთ.
- არავითარი გეგმა ბ არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი სრული მობილიზებაა. წყლის დასალევადაც არ უნდა გავიდეთ დარბაზიდან. გეგმა ბ იქნებოდა, ოპოზიცია დაქსაქსული რომ არ იყოს. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთი მხრივ, ოპოზიციის ბრალიცაა. არ მესმის, რა მოუტანა მანდატების დატოვებამ იმ პარტიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ მე წარმოვადგენდი? დღეს რომ 60 კაცი ვიყოთ, გაცილებით უკეთესი მანევრირების საშუალება იქნებოდა. ასე პარლამენტის პარალიზება დაუშვებელია. სარჯველაძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც ამბობენ, არ დავუშვებთ კომისიის შექმნასო. რა თქმა უნდა, სასამართლო ხომ წმინდა ძროხაა, როგორც ინდოეთში, და ხელშეუხებელი, ვითომ უმწიკვლო, დამოუკიდებელი. ახლა მე მათ ვეკითხები, ქოლცენტრებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას დაუშვებენ? 30-მა დეპუტატმა უკვე მოვაწერეთ ხელი. ეს პროცესის დასაწყებად საკმარისია, გადაწყვეტილების მისაღებად 50 დეპუტატია საჭიროა. ხომ ამბობენ, რომ ქოლცენტრები ოპოზიციის და ვიღაცების დაფუძნებულიაო. აბა, ვნახოთ, რას იზამენ, დაუჭერენ ამ კომისიის შექმნას მხარს? თუ არ დაუჭერენ, ეს ნიშნავს, რომ ქოლცენტრები ხელისუფლების ორგანიზებული მაფიაა. ეს იქნება მთავარი ტესტი - მართლა სასამართლოს გამო არღვევენ კონსტიტუციას და წმინდა ცნებად მიაჩნიათ, თუ ნებისმიერ საგამოძიებო კომისიას დაბლოკავენ, რომელიც მათ პირად ინტერესებს ეხება.
- "ნაციონალები" ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის ბრალეულობას ვერ ხედავენ?
- "ნაციონალებმაც" მოაწერეს ხელი კომისიის შექმნის მოთხოვნას, ობიექტური გამოძიებით ისინიც დაინტერესებული არიან. თუ „"ქართული ოცნება" ქოლცენტრებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც ჩააგდებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მმართველი გუნდი არასდროს არ დაუშვებს კომისიის შექმნას. მათ უკვე უარი თქვეს საყდრისის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ასევე უარს ამბობენ გელათის საქმის გამოძიებაზე. ვნახოთ, როდემდე დაარღვევენ კონსტიტუციას და როდემდე ეყოლებათ პარლამენტი პარალიზებული.
- სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული IRI-ს კვლევების შესახებ მინდა გკითხოთ. რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ კვლევებში წარმოჩენილი ტენდენციები?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევებმა წარმოაჩინა, ის არის, რომ ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა იზრდება. შესაბამისად, ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი. ეს არის მთავარი ირიბი სიგნალი. პოლიტიკური პარტიების სანდოობა შემცირებულია და გასაკვირი არც არის, თუმცა ახალი პარტიები მოკლე ხანში ვერ შეიქმნება, ამიტომ ოპოზიციური ფლანგი უნდა გაჯანსაღდეს, თუ გვინდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მივიღოთ, რაც კოალიციური უმრავლესობის შექმნის საშუალებას მოგვცემს.
- გასულ კვირას პრემიერი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტსაც შეხვდა და გაეროს გენერალურ მდივანსაც. პოზიტიური იყო ორივე შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულება და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე კი საუბარი იყო საქართველოში შიდარეფორმების გაორმაგებასა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვაზე. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ჩვენს თავს?
- უპრეცედენტო ამბები ხდება - არა მარტო ღარიბაშვილს აქვს ვიზიტები დასავლურ ქვეყნებში, აქეთაც ჩამოდიან მინისტრები. ერთ დღეს ორი მინისტრი ჩამოვიდა - ერთი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეორე - საფრანგეთის. დასავლელი პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას არ ასცდეს. სერიოზული ზეწოლა მიდის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ გვექნება სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური მმართველობა. ახლა თავად განსაჯეთ, უნდა "ქართულ ოცნებას" სასამართლოზე გავლენის დაკარგვა და მართვის სადავეების გადაცემა ინსტიტუციებისთვის?!
ხათუნა ბახტურიძე