„არ შეიძლება IRI-ს კვლევაზე აყოლა“ - კვირის პალიტრა

„არ შეიძლება IRI-ს კვლევაზე აყოლა“

უცნაური ჩვევა აქვთ "ქოცებს", კანონებს იღებენ, კარგიაო ამბობენ და მერე თავადვე არღვევენ", - განაცხადა "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ. როგორც მან აღნიშნა, "გირჩი" მხარს უჭერს როგორც სასამართლოსთან, ასევე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ძალიან უცნაური ამბები ხდება საქართველოს პარლამენტში. ერთ-ერთი უცნაურობა ის არის, რომ კონსტიტუციაში ის ცვლილება, რომელიც 50 კაცით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, "ქართული ოცნების" შემოტანილია. ესე იგი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კენჭისყრის ჩაგდებით ისევე არღვევენ კონსტიტუციას, როგორც პრორუსული კანონის მიღებით არღვევდნენ.

- თქვენი აზრით, როგორ გადაწყდება საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხი?

- მგონია, "ქოცები" რაღაცას მოიმიზეზებენ, იტყვიან, რეგლამენტში ასე წერიაო, და ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ საკანონმდებლო ორგანოსადმი გამოხატული უპასუხისმგებლობის თვალსაზრისით. დაველოდებით, რა შეიძლება მოხდეს. სხვათა შორის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასაც. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ქოლცენტრების მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი.

- რა იცით, რომ კავშირი არსებობს?

- ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა, ვინაიდან მთავარი დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ, მაინც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ოპოზიციის მთავარ დონორზე ასეთი სკანდალია, ხალხი ითხოვს კომისიის შექმნას და შენ უარს ამბობ? როცა მოსამართლეებს გისანქცირებენ და მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან არის პრეტენზია, რომ მათი ლიდერი ევროპელ პენსიონერებს ყვლეფდა, საჭიროა ამ საკითხების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ჩვენება და არა იმ სასამართლოსთვის მინდობა, რომელიც დასანქცირებულია. ხელისუფლება კი რას აკეთებს? ხელს აფარებს როგორც მოსამართლეებს, ასევე ქოლცენტრებს.

- ყველაფრის მიუხედავად ამბობთ, რომ გაყალბებულია IRI-ს რეიტინგი, რომლის მიხედვითაც "ოცნების" რეიტინგი განახევრებულია.

- ძალიან გვაინტერესებს, როდესაც საბა ბუაძის, პაატა მანჯგალაძისა და სხვათა პიროვნული რეიტინგები იზომება, "გირჩის" პოლიტიკოსებმა რა დავაშავეთ? ამ დროს ჩვენს პარტიასაც 2% დაუწერეს და ამ პოლიტიკოსების პარტიებსაც. არა მგონია, IRI კორუმპირებული იყოს და ჩემგან ფულის მიტანას ელოდებოდეს, იმისათვის, რომ ჩემი პიროვნული რეიტინგიც გაზომოს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციის აქაური წარმომადგენლები გვერჩიან. ვთქვათ, ძალიანაც მომწონს ეს შედეგები, მაგრამ რომ ვიცი, ეს კვლევა ჩემ მიმართ ობიექტური არ არის, რატომ დავიჯერო, რომ "ქოცების" მიმართ ობიექტურია? ამ რეიტინგებში ძალიან საინტერესოა ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამას მოსახლეობის 62% ფიქრობს, იმავეს ფიქრობდა 2022 წლის სექტემბერში და 2021 წლის ივნისშიც. 2016-2019 წლებში უფრო მეტი ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. ხომ უცნაურია, 6%-ით დავარდა მმართველი პარტიის რეიტინგი და არ იცვლება იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება? ამ ქვეყანაში 26% რომ ჰქონდათ "ქოცებს" რეიტინგი, მაშინაც 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ახლაც, როცა 6%-ით დაუვარდათ, ისევ 62% ფიქრობს. ეს ხომ არასწორია? არ შეიძლება ამ კვლევაზე აყოლა. ნეტავ მართლა სანდო იყოს.

ხათუნა ბახტურიძე