„ოცნებამ“ სარკეში ჩაიხედა, ნახა, რომ საერთოდ არ იყო სიმპათიური და ახლა გაიძახის, სარკე მრუდიაო“
„IRI-ს კვლევებით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა. მთელი ამ ხნის ძალისხმევა: გლობალური ომის პარტია საქართველოს ომში ითრევს, რომ საქართველო დასავლეთის ჯაშუშებით არის გამოტენილი, არასამთავრობოები აგენტები არიან, ევროკავშირი არ გვინდა, რუსებს თავზე ხელს რომ უსვამენ, ვიზა რომ არ სჭირდებათ აქ შემოსასვლელად და მორღვეულ ღობედ ვიქეცით, ამის გამო კარგი სილა მოხვდა ხელისუფლებას. ვეღარ ჩერდებიან, ხასიათში გადაუვიდათ აშკარად. დათო ზურაბიშვილი აგენტიაო, პარანოიაა... ძალიან კარგია, რომ ხალხს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აქვს", - ამბობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი:
- ერთადერთი პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, აქამდე ყველა კვლევაში 1% გვქონდა. რა თქმა უნდა, 2% დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ კარგია იმის გარკვევა, რომ ტყუილად გვლანძღავდნენ, პარტიული ნეგატივი თითქმის არა გვაქვს, როცა, მაგალითად, "ნაცმოძრაობას" ხმას კატეგორიულად დიდი რაოდენობა არ მისცემდა, ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას". ეს ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, ბედნიერი ვართო. გულწრფელად მინდა "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ არც ის მინდა, რომ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის პარტიებივით გაქრეს. მე მათ გაქრობაზე კი არ დამწყდება გული, პოლიტიკისთვის არ იქნება ეს კარგი. ამიტომ ჯობს, "ოცნება" ოპოზიციაში გადავიდეს და იქ დარჩეს. "ნაცმოძრაობა" კი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს! ხელებს იფშვნეტენ, მოვალთ, დედას გიტირებთო, ერთმანეთში რანაირი ამბები აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლის მერე რაღა იქნება. IRI-ს კვლევებიდან ყველაზე კარგი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ ხალხმა ქვეყნის საგარეო კურსზე ადეკვატური პოზიცია გამოხატა - გაზრდილია ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა, რუსეთს კი მტრად მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ერთწლიანი ანტიდასავლური კამპანია, რუსეთთან კუდის ქიცინი, წყალში ჩაეყარა და ტროლ-ბოტების გარჯაც გაუცამტვერდა.
- მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი ამბობენ, ეს კვლევები გაყალბებულიაო.
- ღიმილის მომგვრელია, როდესაც ხან IRI-სა და ხან NDI -ს კვლევებს ერჩიან. სინამდვილეში კვლევები სარკის ფუნქციას ასრულებს. "ქართულმა ოცნებამ" სარკეში ჩაიხედა, ნახა, რომ საერთოდ არ იყო სიმპათიური და ახლა გაიძახის, სარკე მრუდიაო. ბრედ პიტებად და ალენ დელონებად წარმოუდგენიათ საკუთარი თავები (პოლიტიკური თვალსაზრისით ვამბობ). კვლევაზე კი არ უნდა გაბრაზდე, სწორი დასკვნები უნდა გამოიტანო. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ - ჩვენთვის სასარგებლოა ეს კვლევა, სწორედ იმას მიგვანიშნებს, რა გავაკეთეთ და რა უნდა გავაკეთოთ.
- ოპოზიციის ნაწილმა ერთობის სიკეთეებზე დაიწყო საუბარი, მაგალითად, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციაა მნიშვნელოვანი. მსგავსი ინიციატივა აქვს "ლელოს", ოღონდ მინუს "ნაციონალები".
- ჩვენ ამ საკითხს ჯერ არ განვიხილავთ, დღის წესრიგში ახლა საკუთარი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა და იმის მაქსიმალურად გაკეთება, რასაც ხალხს დავპირდით. სანამ პარლამენტში ვართ, უნდა მოვასწროთ ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა საპენსიო სესხები, მარტოხელა დედები, ვეტერანები... ორი მანდატი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც ორ დეპუტატს შეუძლია.
- თქვენს დღის წესრიგში არც ვადამდელი არჩევნებია?
- არა, რა თქმა უნდა! ძალიან არასერიოზულია ახლა ამაზე საუბარი. მართლა "იუმორინა" ხომ არ არის, ეს ოხერი, სერიოზული ადამიანები ასეთ რამეებს როგორ ამბობენ?! ჯერ ერთი, როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?! ახლა აპრილის ბოლოა, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება. ვთქვათ, შემოდგომაზე დაინიშნა, ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს?! კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები. ერთწლიანი პარლამენტი რას შეცვლის?! ეს ყველაფერი აურზაურის მეტს არაფერს მოიტანს. ცოტათი მაინც დაფიქრდნენ. ახლა რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იქნება 120/30-ზე პროპორციით, მაჟორიტარული უპირატესობა აპრიორი ექნებათ. რა სიცანცარეა, რა აჩემება, ვერ ვხვდები. როცა ვეუბნებით, ნუ ცანცარებთო, აქეთ გვლანძღავენ. სიები რომ ჩახსნეს და ვუთხარით, არასწორად იქცევი-მეთქი, სულ მოღალატეები და მთავრობასთან შეკრულები გვიძახეს. ახლა ხომ მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს და ეხვეწებიან "ოცნებას", სიები აღადგინეთო?! დასჭირდათ და ნახეს, რომ 11 მანდატი დააკლდა ჯამურად ოპოზიციას. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ზალიკო უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია - ეს ხალხი რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის დანაკარგია, ცალკე საკითხია, მაგრამ მათი შემცვლელებიც რომ არ შემოსულან?! "გირჩი" ჭკვიანურად მოიქცა, ზურა ჯაფარიძე გავიდა, არ ჩახსნეს სია და შემოვიდა ჰერმან საბო. ხომ ხედავთ, რა ხდება, თვლით დავდევთ სხდომაზე ერთმანეთს. ერთი კაცი რომ ავად გახდეს, ფეხი მოიტეხოს ან გული შეუწუხდეს, "ოცნება" მაშინვე შემოიტანს საგამოძიებო კომისიების საკითხს და ჩააგდებს. მაგათ რომ თავის დროზე სიები არ ჩაეხსნათ და 11 მანდატი არ დაეკარგათ, ახლა ასე სუს-ის ოპერმუშაკებივით არ დავუწყებდით ერთმანეთს კუდში დევნას. ამიტომ ზოგჯერ ჩვენც უნდა დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ. კარს მოგვადგა 2024 წლის არჩევნები. ხომ შეიძლება ამისთვის მოვემზადოთ და დავამარცხოთ "ქართული ოცნება"?! მაგრამ არა, ჩვევად ექცათ, ალბათ, 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან, ვადამდელი გვინდაო.
- რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დამთავრდება ეს ამბავი?
- დღეს "ქართული ოცნება" სასაცილო მდგომარეობაშია, რაზეც "ნაცმოძრაობას" დასცინოდა, ახლა თავად აკეთებენ იმავეს - ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა, საბოტაჟზე. ჩასაფრებულები არიან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს რამე დაემართოს. სულ ცოტა გონიერება მაინც გამოეჩინა ოპოზიციას, იკბინონ ახლა იდაყვებზე. რა ვიცი, რა მოხდება, ადრე თუ გვიან, ალბათ, რომელიმე ჩვენგანს შეემთხვევა რამე...
- როგორ ფიქრობთ, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს?
- აუცილებლად უნდა მივიღოთ! ახლა საჯაროდ ვიტყვი იმას, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვეუბნები უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ამ სტატუსს ელოდება ქართველი ხალხი და არა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხები კი არა, რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარებაცაა. რუსეთი, რომელიც უკრაინაში მარცხდება, ძალიან გაღიზიანებულია და ეძებს ქვეყანას, რომელსაც იოლად დაჩაგრავს. სწორედ სუსტი მეზობლის დაჩაგვრით შეეცდება პუტინი შერყეული რეიტინგის გამოსწორებას. საქართველო, რომელიც ახლა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ქვეყანაა, თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, პირდაპირ რუსეთის ხახაში აღმოჩნდება, მით უფრო, რომ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც პუტინის ერთ დაცემინებაზე სოროში იმალება. ეს ცნობილია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის და ვფიქრობ, სტატუსი აუცილებლად უნდა მივიღოთ!
ხათუნა ბახტურიძე