ქართული პოლიტიკის პარადოქსები - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის პარადოქსები

საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები ყოველთვის საკამათოა. პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ენდობა კვლევებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ არ ენდობა.­ თუმცა დარწმუნებულები ვართ, ისინიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ კვლევები გაყალბდა, გულდასმით ეცნობიან რეიტინგებს და ეს მოქმედებს მათ პოლიტიკურ რიტორიკაზე, მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე.IRI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას"­, 3%-მა გიორგი გახარიას "საქართველოსთვის"­ დაასახელა, 3%-მა კი ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება". გამოკითხულთა 2-2%-მა დაასახელა: ლეიბორისტული პარტია, "ლელო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი", ანა დოლიძის "ხალხისთვის", "მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი". 1%-მა განაცხადა, რომ ხმას "კონსერვატიულ მოძრაობა - ალტინფოს" მისცემდა, 1% - ელენე­ ხოშტარიას "დროას", 1% - გიგა ბოკერიას "ევროპულ საქართველოს". "პატრიოტთა ალიანსს", "ხალხის ძალასა" და სხვას ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა &7%-მა.

ოპოზიციისთვის ("ნაცმოძრაობის" გარდა)­ გამოკითხვის შედეგები დამაფიქრებელი უნდა იყოს. გასაგებია, ბევრს გაუხარდა "ოცნების" 19 პროცენტი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხვა ჩატარდა მარტში, ცნობილი მოვლენების ფონზე. შესაბამისად, დიდი მკითხაობა არ უნდოდა იმის დადგენას, რომ "ოცნების" რეიტინგი დაეცემოდა. გარდა ამისა, ამ 19 პროცენტში არ შედის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის სასარგებლოდ იმუშავებს.

ოპოზიციური პარტიებისთვის ("ნაცმოძრაობის" გარდა) კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის, რომ რა რეიტინგიც ჰქონდათ 2020-2021 წლებში (საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), იგივე აქვთ 2023 წელს, მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე - 1-დან 3%-მდე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან რეალურია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მივიღოთ ორპარტიული პარლამენტი - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" და პოლიტიკური ორპოლუსიანობის მორიგ წრეზე წავალთ.

ამასობაში, ექსპერტები და პოლიტიკოსები ალიანსებისა და კოალიციების სხვა­დასხვა ვერსიას განიხილავენ. მაგალითად, დაჯგუფებას "ნაცმოძრაობის" გარშემო. უფრო ზუსტად, ზოგიერთ პოლიტიკოსს "გამარჯვების ფორმულა" ასე წარმოუდგენია:­ "ნაცმოძრაობა" - ზურა ჯაფარიძის "გირჩი" მეტი თავისუფლება" - გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" და ელენე ხოშტარიას "დროა". ერთ-ერთმა ამ ალიანსის მომხრემ ისიც თქვა, რომ ასეთ გაერთიანებას თურმე შეუძლია "ოცნების" დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა.

აქვე ჩნდება ერთი კითხვა: კი მაგრამ, სად წავიდნენ ან წავლენ კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რომელიც "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მტკიცებით, პარტიას აკონტროლებენ და ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ მარიონეტია?! რას ეტყვიან ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია თავის ამომრჩეველს - ჩვენ რომ მივედით, კეზერაშვილი და მერაბიშვილი აორთქლდნენო?! არა, ისინი არსადაც არ აორთქლდებიან და როგორც დღეს აკონტროლებენ პროცესებს, ისევე შეეცდებიან ზემოხსენებული სამეულის გაკონტროლებას. ალბათ, პოლიტიკოსებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის (და "ნაცმოძრაობის" აქტივისტების ნაწილისთვისაც) წითელი ხაზია. შესაბამისად, თუ ასეთი კოალიცია შედგა, მაქსიმუმ ის მოხდება, რომ ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია დაკარგავენ ამომრჩეველს.

კი ბატონო, "ნაცმოძრაობის" ზურგით შესაძლოა მოხვდნენ 2024 წლის პარლამენტში, მაგრამ შემდეგ რას შვრებიან?! კეზერაშვილსა და მერაბიშვილთან მოთანამშრომ­ლის იარლიყის ჩამორეცხვა იოლი არ არის.

მეორეც - "ნაცმოძრაობაში" მთავარი­ ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. ამ დროისთვის არსებული სიტუაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია უნდა დაწერონ კეზერაშვილ-მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, ამ სიაში არ მოხვდებიან ნიკა მელია და მისი თანაგუნდელები. ამიტომ მთავარი დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის. გარდა ამისა, მელია რევანშზე ფიქრობს და ამის ნიშნები­ უკვე არის. მელიას მიზანია, მიაღწიოს პარტიაში ახალ რიგგარეშე არჩევნებს და ისევ დაიკავოს თავმჯდომარის პოსტი. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ უკვე კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი დაიწყებს­ შიდადივერსიებს და ა.შ. თუ მელიამ ვერ შეძლო პარტიაში ძალაუფლების დაბრუნება, მაშინ ის წავა პარტიიდან თავისი გუნდიანად.

pagepol2-1682864189.jpg

მოკლედ, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, "ნაცმოძრაობა" 2024 წლის არჩევნებს დასუსტებული შეხვდება. რომც არ დასუსტდეს, 2012 წლიდან მოყოლებული, ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს პარტია მიუღებელია. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ "ნაცმოძრაობასთან" ალიანსი "გამარჯვების ფორმულაა", ამომრჩევლის მოტყუებაა. თუმცა ვიმეორებთ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ვაშაძეს, ჯაფარიძესა და ხოშტარიას შეუძლიათ "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიით მოხვდნენ მომდევნო პარლამენტში, თუმცა დაკარგავენ ამომრჩეველს. ვნახოთ, რა გზას დაადგებიან და დაუბრუნდებიან თუ არა "დედა პარტიას" (სამივე სხვადასხვა დროს "ნაცმოძრაობის" წევრი იყო).

სხვანაირი კონფიგურაციის ალიანსი პოლიტ­იკოსებს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა შესთავაზა. კერძოდ, მისი აზრით, წყენები­ გვერდზე უნდა გადადონ და 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ მამუკა ხაზარაძის "ლელო", გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" და ნიკა მელიას გუნდი.

ერთი შეხედვით ლამაზად ჟღერს, თუმცა ქართულ პოლიტიკაში წყენის გვერდით გადადება, რბილად რომ ვთქვათ, გავრცელებული არ არის. მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ადანაშაულებდა, რომ სწორედ მან ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტი. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი სკანდალი მუქარის წერილის გამო. ხაზარაძე დღემდე ითხოვს პასუხებს გახარიასგან ზემოხსენებული თემების შესახებ, თუმცა ყოფილი პრემიერი დუმს.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ნიკა მელია ადანაშაულებდა გახარიას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და მელიას აქტივისტები მღეროდნენ მიტინგებზე "ახალგაზრდებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია". თავის მხრივ, გახარია 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ პოლიციამ პარლამენტზე შტურმი მოიგერია და სამართალდამცველები პროტოკოლის მიხედვით მოქმე­დებდნენ. ამ ორი პოლიტიკოსის ურთიერთობაში კიდევ იყო ერთი მომენტი - გახარიამ გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ის დაასახელა, რომ "ნაცმოძრაობის" ოფისში გამაგრებულ მელიას დაკავების ოპერაცია სისხლის ღვრას გამოიწვევდა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას თანამდებობა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ განაპირობა.ასე რომ, პოლიტიკური სასწაული იქნება, თუ გაერთიანდნენ გახარია-ხაზარაძე-მელია იმ ფონზე, როდესაც ერთმანეთს უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ. მაშინ ხაზარაძემ უნდა თქვას, რომ შეეშალა და გახარიას არ ჩაუშლია ანაკლიის პროექტი; ან გახარიამ უნდა აღიაროს სტრატეგიული პროექტის ჩაგდება და მოინანიოს. მელიამ უნდა თქვას, რომ გახარიას არ დაურბევია ხალხი, გახარიამ კი - როდესაც შტურმზე ვსაუბრობდი, მელიას არ ვგულისხმობდიო. თუ წყენების გვერდზე გადადებაა, მაშინ რა დააშავა ალეკო ელისაშვილმა და მეორე "გირჩმა"?! წარმოუდგენელი ამბავიც რომ მოხდეს და ზემოხსენებული კონფიგურაციის ალიანსიც რომ შედგეს, ამომრჩეველი არ დაიჯერებს, რომ ყველამ ყველას ყველაფერი აპატია. განსხვავებული მდგომარეობაა ხაზა­რაძე-მელიას კუთხით. როდესაც­ მელია თბილისის მერად კენჭს იყრიდა, ხაზარაძე მზად იყო, ვიცე-მერის თანამდებობა დაეკავებინა. თუმცა ეს ალიანსი რომ შედგეს, ამისთვის საჭიროა მელიამ დატოვოს "ნაცმოძრაობა" და გადავიდეს "ლელოში". რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოხსენებულის ფონზე, ისმის კითხვა: ხომ არ დადგა დრო, რომ პოლიტიკოსები შეეშვან ალიანსებზე ფიქრს, დრო აღარ დაკარგონ და "ყველამ თავის პარტიას მიხედოს". ორპოლუსიანობას სწორედ ის დაასრულებს, რომ სხვა პარტიები გაძლიერდნენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ მარტო მიშაზე, გეოპოლიტიკასა­ და პრორუსულობა-პროევროპელობაზე კი არ ილაპარაკონ, არამედ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას რეალურად აწუხებს - დაწყებული ჯანდაცვის პრობლემებით და უმუშევრობით დამთავრებული. ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს.

P.S. IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% არც ერთ პარტიას არ ენდობა. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ყველაზე მეტად სწორედ ამაზე დავფიქრდებოდი.

გიორგი კვიტაშვილი