განადგურება იარაღის გარეშე
18 წლის მარიამ გრიგალაშვილი კიბერბულინგის მსხვერპლია - გოგონას "ტიკ-ტოკზე" ღირსების შემლახავ ვიდეოებს უვრცელებენ, რასაც თან ერთვის სექსუალური შინაარსის ტექსტები. სანამ მარიამი საჯაროდ დაიწყებდა საუბარს, მანამდე პოლიციას მიმართა, სადაც უთხრეს, რომ განცხადების დაწერას აზრი არ ჰქონდა და მიზეზად მსგავსი საქმეების გამოძიების სირთულე დაუსახელეს. "ტიკ-ტოკზე" ვიდეოების პარალელურად, მარიამის პერსონალური ინფორმაცია სექსუალური მომსახურების საიტზეც გავრცელდა. გოგონას საგამოძიებო უწყებიდან რეაგირებას ელის, მისი მიზანია გაირკვეს, ვინ დგას ამ ფეიკექაუნთების უკან. მარიამმა, რომელსაც დახმარების იმედი აღარ აქვს, გადაწყვიტა თავად მოაგვაროს პრობლემა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.
- პირველი ვიდეო თებერვალში დაიდო "ტიკ-ტოკზე", რომელსაც ისეთი საშინელი და უხამსი ტექსტი ერთვოდა, ვერც გავიმეორებ. შინაარსით ჩვეულებრივი ვიდეო იყო, ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლების "ფეისბუკიდან" აღებული. ვიდეოს ქვეშ თანდათან ისეთი კომენტარები წამოვიდა, გადავირიე. მაშინვე წავედი პოლიციის განყოფილებაში, სადაც მითხრეს, ჩივილს აზრი არა აქვს, რადგან პირად მონაცემებში არ იყო შეღწევა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულად არ კვალიფიცირდება. პოლიციაში ბევრი მსგავსი შემთხვევა და შემოსული განცხადებააო. მაშინ, როცა ჩემი ვიდეოების სიხშირემ მოიმატა და ჩემს მშობლებსაც მისწვდნენ, 27 თებერვალს პოლიციაში განაცხადი შევიტანე. თავდაპირველად რეაგირება არ ყოფილა, ახლა ველოდები პასუხს და იმედია, ყველაფერი გაირკვევა.ჩემი ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ანგარიშით ვრცელდება, თუმცა მაქვს ეჭვი, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ის გარკვეულ მინიშნებებს მაძლევს. ვიდეოების დადება გრძელდება და მათი ნახვები 700-800 ათასამდე ადის. უხამსი სათაურების გარდა, საშინელი კომენტარები იწერება, რაც კიდევ უფრო განგრევს, ფსიქიკას გირყევს. აღდგომის წინადღეს დადეს ერთი ვიდეო და კომენტარებში ამომწყვიტა ხალხმა, ისე მწყევლიდნენ და მლანძღავდნენ... როცა იმ ადამიანმა უკვე ჩემი მშობლების ფოტოები გამოიყენა დამამცირებელ კონტექსტში, მივხვდი, რომ პირადად მე მერჩოდა. გამოძიებას მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია... იმდენი გაბედეს, 3 მარტს ჩემი ფოტო და მობილურის ნომერი, ანუ პერსონალური ინფორმაცია სექსუალური მომსახურების საიტზეც გაავრცელეს. ღამის 1-2 საათი იქნებოდა, როცა ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, რომ ამა და ამ საიტზე ჩემი პირადი ინფორმაცია იდო და თურმე ადამიანებს ერთღამიან ურთიერთობას ვთავაზობდი. ამ საიტის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემს ნომერსაც არავის ვაძლევ და გამოდის, გამავრცელებელს ჩემს ნომერზე წვდომა ჰქონდა. 1 წუთში დაახლოებით 15-მა კაცმა დამირეკა, მომდიოდა მესიჯები ვაიბერში, ტელეგრამში...
ისევ წავედი პოლიციაში და მშობლებთან ერთად შევიტანე განცხადება, მთელი გულით ვთხოვდი გაერკვიათ, ვინ მერჩოდა, ეს ხომ ქართული საიტი მაინცაა და პირადი ღირსების შებღალვასთან გვქონდა საქმე. რაც პოლიციაში წავედი, იმ დღის მერე არავინ დამკავშირებია, ჩემი ნომერი იმ საიტზე აღარ ფიქსირდება.
ვიდეოებს რაც შეეხება, დღემდე ვრცელდება, ავტორი მეძავად მომიხსენიებს და მასზე საშინელ სათაურებს აწერს. ეჭვი მაქვს, გოგონაა და ვხვდები კიდეც, ვინ არის, მაგრამ სანამ არ მექნება დამამტკიცებელი საბუთი, ხელს ვერ დავადებ. ამ ყალბი ანგარიშის შემქმნელსაც მივწერე, მქონდა საუბარი და ვუთხარი, წაეშალა ვიდეოები. მითხრა, ტყუილად ცდილობ, არ წავშლი, ჩემგან უარესს ელოდეო.
სამწუხაროა, რომ კანონმდებლობა არ გიცავს. ვისაც მყარი ფიქიკა არა აქვს, ხომ შეიძლება ფატალურად დასრულდეს ეს ბინძური "თამაში"? შეიძლება ითქვას, შევეგუე, რომ არავინ მეხმარება და მაქსიმალურად ვცდილობ რაღაცას ჩავეჭიდო. ვიდეოებს მაინც ყველა ნახულობს და ჩემი საჯაროდ გამოჩენის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ მე მაინც შევწყვიტო ეს დამცირება. როცა კანონი არ მიცავს, ვერსაიდან დახმარებას ვერ ვიღებ, ვცდილობ თვითონ გავაკეთო რამე და ვუშველო ჩემს თავს. პოლიციის მერე ადვოკატიც ავიყვანე. არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარიც" გვერდში მიდგას, მშობლებიც და ახლა მგონია, მართლა არის რაღაცის შანსი. მტერსაც არ ვუსურვებ მსგავს რაღაცას. რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანია ჩემსავით სექსუალური ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის არასრულწლოვნები. ბევრი მათგანი გამომეხმაურა, მწერდნენ, მსგავსი ჩვენც გადავიტანეთო. მე უკვე სრულწლოვანი ვარ და 15 და 12 წლის ბავშვებსაც რომ იმავეს უკეთებენ, ხომ შეიძლება ფატალური შედეგებიც მივიღოთ? ბევრის ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ ვფიქრობ, კანონი უნდა გვიცავდეს. საჯაროდ ლაპარაკი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე გოგონებისთვის მაგალითი მიმეცა, არავის უნდა შეეშინდეს ხმის ამოღების, არ უნდა დამალონ. მე ახლა ერთი ვარ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშია მილიონობით ადამიანი, რომელიც დახმარებას არსაიდან ელის. მე გავიარე და გადავიტანე ეს ყველაფერი, გავმაგრდი და ვიცი, აღარ მექნება პანიკური შეტევები, აღარ გავბრაზდები, რადგან ამით ვერაფერს ვუშველი, მაგრამ მოზარდებს, ბავშვებს, ვისი ფსიქიკაც ჯერ ჩამოუყალიბებელია, ვინ იცის, რა დაემართებათ, რა ბედი ეწევათ? მეგონა, ბოროტმოქმედი დაიღლებოდა, შეჩერდებოდა, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას, რადგან იცის, რომ სახელმწიფო ვერ დამეხმარება.
p.s. ყალბი ანგარიშების გამოყენება სოცქსელებში, ვინმეს მადისკრედიტირებელი ქმედება (ფოტოებისა და ვიდეოების დაუკითხავად გავრცელება), რომელიც ძალადობის, შანტაჟისა და მუქარის ნიშნებს არ შეიცავს, სამწუხაროდ, დასჯადი არ არის, კანონმდებლობაში კონკრეტული მუხლები არ არსებობს, ამიტომ გამოძიებას არა აქვს ბერკეტი, რაიმე ფორმით ჩაერიოს მსგავს საქმეში. ვინაიდან მარიამ გრიგალაშვილის ქეისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასაც შეიცავს (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია), წესით, სამართალდამცველ უწყებაში გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ძველი თბილისის განყოფილებას მივმართეთ იმის გასარკვევად, რა სახის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უწყებაში. დაგვპირდნენ, რომ მოიკვლევდნენ და გვაცნობებდნენ, თუმცა სამართალდამცველების პოზიცია ჩვენთვის აქამდე უცნობია.
„სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს“
ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი: - თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული სამყარო მას საშუალებას აძლევს მიიღოს სულ უფრო მეტი ინფორმაცია, ჩააბაროს ტესტები, ისარგებლოს ონლაინსწავლების პლატფორმებით, შეავსოს უმაღლესი სასწავლებლის აპლიკაციები და ა.შ. აქტივობების სიხშირისა და სპექტრის შესაბამისად, იზრდება კიბერბულინგის ან კიბერძალადობის ალბათობაც. მოზარდისთვის ინტერნეტის მოხმარების აკრძალვას აზრი არა აქვს, ეს შეაფერხებს მოზარდის განვითარებას და კიბერსაფრთხეების პრევენციისათვის არ გამოდგება. კიბერბულინგის შედეგების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სანდო გარემო. მსხვერპლი კიბერბულინგის შედეგად თავს დამცირებულად გრძნობს, შეშინებულია, თვითშეფასება და თავდაჯერება მცირდება. მნიშვნელოვანია, მოზარდმა იცოდეს, რომ ის მშობელს და ოჯახის წევრებს უპირობოდ უყვართ, რომ ისინი მას მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გასაჭირში, მაშინაც კი, თუ პრობლემის წარმოქმნაში თავადაა დამნაშავე. თუკი მოზარდი თავად არის კიბერმობულინგე, უნდა გვახსოვდეს, რომ კონტრპროდუქტიულია მისთვის მოძალადის, სოციოპათის იარლიყის მიკერება. ხშირად ამგვარ ქმედებას თავად კიბერბულინგის ან სხვა ტიპის ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვები სჩადიან, ან ისინი, ვისაც კარგად არა აქვთ გაცნობიერებული შესაძლო პასუხისმგებლობა ამგვარ ქმედებაზე. უნდა გავამახვილოთ მოზარდის ყურადღება იმ გარემოებებზე, რომ მან ონლაინსივრცეშიც ზუსტად ისეთივე ტკივილი და ზიანი შეიძლება მიაყენოს სხვა ადამიანს, როგორიც რეალურ ცხოვრებაში და მას ისევე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება, როგორც რეალურ ქმედებაზე.
კიბერბულინგი არის ნებისმიერი სახის მიუღებელი ქცევა ინტერნეტით. ასეთ ქცევებს მიეკუთვნება დაცინვა, დაშინება, მუქარა, დამამცირებელი ფრაზები, სურათების ან პოსტების დამამცირებელი მიზნით გამოყენება, ადამიანის დამცირების ან დაცინვის მიზნით გვერდის ან ჯგუფის შექმნა და სხვა. ხშირად იყენებენ თავად მსხვერპლის მიერ სოციალურ ქსელში ან სხვა სივრცეში გაუფრთხილებლობით, შედეგების გაუცნობიერებლად გამოქვეყნებულ სენსიტიურ ინფორმაციას. მოძალადის მოტივი შეიძლება იყოს ჩაგვრა ან შესაძლოა იყოს ფინანსური დაინტერესება, აუდიტორიის მოზიდვა. "ჩელენჯების"” შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ხდება ფსონების დადება არალეგალურ, იმპროვიზირებულ ტოტალიზატორებზეც.
ვიდეოთამაშების უმრავლესობა საშუალებას იძლევა ნაცნობებსა თუ უცნობებთან თამაშის პარალელურად, ჩათის საშუალებით, დამყარდეს კომუნიკაცია, რაც მოზარდს სოციალიზაციასა თუ სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში ეხმარება, თუმცა, იმავდროულად, ვიდეოთამაში შეიძლება კიბერბულინგის წყაროდ იქცეს, რადგან მოზარდებს საშუალება ეძლევათ ანონიმურად დასცინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა მოთამაშე მოზარდებს. ხშირია ჯგუფური ბულინგი, რომელიც მოზარდის მონაცემების ხელმისაწვდომობის გამო შემდგომ სოციალურ მედიაში და კომუნიკაციის სხვა ფორმებშიც გადაინაცვლებს. ანონიმურობის შედეგად გართულებული იდენტიფიცირების გამო ონლაინთამაშები პედოფილებისა და სხვა კიბერმოძალადეებისთვის მსხვერპლის მოძებნის ან მსხვერპლთან ურთიერთობის ადგილია. კიბერკრიმინალები თამაშის დროს ინფიცირებული ბმულის გავრცელებით გაუთვითცნობიერებელი მოთამაშის კომპიუტერში შედიან და მოიპოვებენ წვდომას მის პერსონალურ მონაცემებზე. ზოგჯერ იწყება მონაცემებით მანიპულირება, რაც უფრო ფართოდაა გავრცელებული ე.წ. თამაშ-გამოწვევებში ("ჩელენჯებში"), რაც კიბერბულინგის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა. თამაშების ეს ტიპი ბოლო ათწლეულში შეიქმნა და ბავშვთა თვითდაზიანებები და თვითმკვლელობები გამოიწვია.
"მკვლელი თამაშის" მაგალითია "ლურჯი ვეშაპი", რომელიც 2013 წელს შეიქმნა რუსეთში. ის გამოწვევებზე აგებული თამაშია. თავდაპირველად, მსხვერპლს უკავშირდებიან სოციალური მედიით ან მესინჯერით და სთავაზობენ თამაშში ჩაბმას, რომელიც სხვადასხვა გამოწვევისგან შედგება, მათ შორისაა თვითდაზიანება და თვითმკვლელობა. თვითმკველობებსა და "ლურჯ ვეშაპს" შორის კავშირის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გამო ამგვარი ფაქტების გამოძიება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ "ლურჯი ვეშაპი" არ წარმოადგენს ტიპურ თამაშს, რომელიც შეიძლება იყიდებოდეს, ან რომელიც ითხოვს რეგისტრაციას - მონაწილეთა რეკრუტირება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. თამაშის გაწერილი წესები არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მასში ჩართვა შესაძლებელია სოციალური ქსელების პროფაილით, გრძელდება 50 დღე და გულისხმობს ადმინისტრატორის მიცემული ყოველდღიური დავალებების შესრულებას. დავალებები შესაძლოა იწყებოდეს რომელიმე ჟანრის მუსიკის სავალდებულო მოსმენით ან საშინელებათა ფილმის ნახვით, რაც შემდგომში თანდათან რთულდება, სახიფათო ქმედებებში და სრულდება სუიციდით. დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მსხვერპლს არწმუნებენ, რომ გამოქვეყნდება მის შესახებ უკიდურესად სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია. როდესაც მსხვერპლი ერთვება თამაშში, მას აქვს განცდა, რომ გამოყენებული პლატფორმა ინფიცირებულია ე.წ. მალვეარით (შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ასეც იყოს) და ადმინისტრატორს აქვს წვდომა მის სენსიტიურ ინფორმაციაზე. მსხვერპლი თავს მძევლად გრძნობს და იმედოვნებს, რომ დავალებების შესრულების შემთხვევაში მაკომპრომეტირებელი მასალა არ გამოქვეყნდება. ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს.
ნანა ფიცხელაური