"რაც უფრო მოხშირდა სტუდენტური დასაქმების პროგრამები, თაღლითებიც მომრავლდნენ" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მოხშირდა სტუდენტური დასაქმების პროგრამები, თაღლითებიც მომრავლდნენ"

გერმანიაში სტუდენტური დასაქმების კერძო პროგრამის მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ - როგორც ამბობენ, სტუდენტები როგორც ქართულმა, ასევე გერმანულმა მხარემ მოატყუა. დასაქმების პროგრამას უამრავი ხარვეზი ჰქონია, რის გამოც ბევრმა პროექტი გაწყვიტა და შინ დაბრუნდა, მით უმეტეს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. ბოლო წლებია სტუდენტები არდადეგე­ბის გამოყენებას პროდუქტიულად ცდილობენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე თვით სამუშაოდ მიდიან. ამ მხრივ პოპულარულია გერმანია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გარდა, სტუდენტები არაერთი კერძო ფირმის, კომპანიისა და აგენტის საშუალებით იგებენ ინფორმაციას სამუშაო ობიექტების შესახებ.

21 წლის ილო ჯანდიერი მეგობართან­ ერთად ქალაქ კიოლნში ივნისის ბოლოს გაემ­გზავრა. სტუდენტები იქ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, სწავლის დაწყებამდე აპირებდნენ დარჩენას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ორივე დამსაქმებელმა არაკეთილსინდისიერად იმუშავა და ახალგაზრდები მოტყუებული დარჩნენ.

- უამრავი სტუდენტი აპირებს სამუშაოდ გერმანიაში წასვლას. ოფიციალურად­ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მხარეებისთვის ყველა პუნქტი დეტალურად არის გაწერილი. გერმანია ხომ არ არის თურქეთი ან სხვა ქვეყანა, სადაც დამსაქმებელს ჯგუფი სულ სხვა პირობებით ჩაჰყავს და შემდეგ მზის გულზე ჩაის საკრეფად თუ სხვა შავ სამუშაოზე მონებივით ამუშავებს.

ფერიენჯობ-ის, სტუდენტური დასაქმების­ ფარგლებში, მე და ჩემს მეგობრებს კიო­ლნში 3 თვე შოკოლადის ქარხანა-მუ­ზეუმში უნდა გვემუშავა, ანაზღაურება­ დღეში დაახ­ლოებით 11 ევრო უნდა ყოფილიყო. ვფიქრობდით, რომ სწავლის ქირასა და მცირედი ხარჯებისთვის საკმარის თანხას მოვაგროვებდით. სამედიცინო ფაკულტეტზე­ ვსწავლობ და დიდი თანხის გადახდა მიწევს. როდესაც გერმანიაში დასაქმების ბიუროში მივედით ხელშეკრულების გასაფორმებლად, აღმოჩნდა, რომ ტრაილერების ქარხანაში გვიშვებდნენ.

- ხელშეკრულებას საქართველოში არ აფორმებთ?

- არა, აქ მხოლოდ შეთანხმება ხდება,­ გვაცნობენ ქალაქს, სამუშაო პირობებს,­ ანაზ­ღაურებას... მოკლედ, როგორც კიო­ლნში გავიგეთ, "ფორდის" ქარხანაში ტრაილერების კარების ერთი პუნქტიდან მეორეში ხელით გადაზიდვა მოგვიწევდა. ობიექტებს შორის საკმაოდ დიდი მანძილი იყო. საჭიროების შემთხვევაში როგორც ავტომანქანის კარები, ასევე სხვა ნაწილებიც უნდა შეგვეფუთა. მე ჯან-ღონეს არ ვუჩივი,­ მაგრამ ჩემს მეგობარს თვალის ოპერაცია აქვს გაკეთებული, იქ აღებული თანხა კი რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა. ექიმის­ მკაცრი გაფრთხილება იყო, მძიმე არ აეწია, რადგან ბადურის პრობლემა აქვს. გადაზიდვის გარდა, შეფუთვაც არ არის მარტივი საქმე, მას ამოწმებენ, პარტია დანომრილია და დატვირთვა-ჩამოტვირთვისას, თუ არ გაფრთხილდი, ზიანდება. დაწუნებულ საქონელს უკან აბრუნებენ და იწყებენ შესწავლას, ამოწმებენ სათვალთვალო კამერებს იმის სანახავად, როგორ იმუშავა ამა თუ იმ გუნდმა, სად დაუშვა შეცდომა. ზარალი უნდა ანაზღაურდეს, თანხა კი მუშახელს, ანუ ჩვენ გვეჭრება.

- იყო შემთხვევა, როდესაც თავი ვერ გაართვით?

- დიახ, ჩემმა მეგობარმა შეფუთვისას რაღაც არასწორად გააკეთა და ტრაილერის კარი დატვირთვისას გაიფხაჭნა. ჯარიმა ორივემ გადავინაწილეთ. ამის შემდეგ მე ვცდილობდი მისი მუშაობის გაკონტროლებას. ფაქტობრივად, ორი კაცის საქმის კეთება მიწევდა, ამასობაში კი დრო იკარგებოდა, რის გამოც გვისაყვედურეს. მოკლედ, მან გადაწყვიტა, ერთი თვის ანაზღაურება მაინც აეღო და საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მხედველობა გაუუარესდა და ტკივილიც დაეწყო. ჩვენს კერძო აგენტს მივმა­რთეთ, ქართველ ქალს, რომელმაც დაგვასაქმა. სხვათა შორის, მისი დახმარებით ჩვენმა­ ნაცნობმა, რომელიც დაგვი­ანების­ გამო დაითხოვეს, სხვა სამ­უშაო იშოვა. ხუთი გაცდენის უფლება გვქონდა,­ ოღონდ წინასწარ უნდა გააფრთხილო, რომ დეი-ოფს­ იღებ. არის შემთხვევები, როდესაც­ ჩვენი ახალგაზრდები ამას არ ითვალისწინებენ და სამსახურს კარგავენ. არადა, ორწუთიანი დაგვიანების გამოც შეიძლება დაგითხოვონ. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს და სხვაგან გადაუყვანიათ. აგენტი შეგვპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. საქართველოს საელჩოსაც დავუკავშირდით­. გვითხრეს, თურმე ამ პრობლემით ბევრი მიმართავს, მაგრამ ვერაფრით დაგვეხმარნენ. რამდენიმე დღის შემდეგ გერმანულ მხარეს დავუკავშირდით და გვითხრეს, მსუბუქ სამუშაოზე დიდი მოთხოვნაა და მაშინვე­ ივსება, ამიტომ თუ არ გაწყობთ, შეგიძლიათ უარი თქვათო. ერთი სიტყვით, ჩემი მეგობარი უკან წამოვიდა, მე კი დავრჩი.

ჩვენსავით მოტყუებული იყვნენ გოგონებიც, რომელთაც ჟელიბონების ქარხანაში დასაქმებას დაჰპირდნენ, თუმცა მათაც ავტონაწილების თრევა და შეფუთვა უწევდათ. გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ.

- ქართველ დამსაქმებელს მომსახურების საფასურს უხდიდით?

- დიახ, 200-250 ევროს. წელს 300-მდე გაიზარდა, მაგრამ სტუდენტს, რომელსაც ამდენი ხარჯი აქვს, მაინც უღირს წასვლა.­ არიან ისეთები, ვინც ნასესხები ფულით მიდის­. იქ აღებული ფულით დამსაქმებელი და ვალი უნდა გაისტუმროს და თავადაც თავი ირჩინოს, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გაინადგურე, რა აზრი აქვს.

ყველას ვურჩევ, პირადად დამსაქმებელთან გაარკვიონ დეტალები და კარგად აწონ-დაწონონ ყველაფერი, ვიდრე აეროპორტში გაიგონ, რომ ერთი ქალაქის ნაცვლად სულ სხვა ქალაქში მიდიან. ზოგმა პროფკავშირებს მიმართა, ან რამდენიმე დაზარალებული შეიკრიბა და ქართველი დამსაქმებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წამოსაწყებად ადვოკატი აიყვანა. რაც უფრო მოხშირდა დასაქმების პროგრამები, თაღლითებიც მომრავლდნენ. ზაფხულში ისევ ვაპირებ წასვლას, მაგრამ დეტალურად უნდა გავეცნო ხელშეკრულების ყველა პუნქტს. ამჯერად გერმანულის თარჯიმანს ავიყვან და თავად გავესაუბრები გერმანელ დამსაქმებელს, იქ ჩასული უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე რომ არ აღმოვჩნდე.

სალი კოხრეიძე, სტუდენტი: - მოგვატყუეს საცხოვრებელ სივრცეზე, ანაზღა­ურებაზე, დასაქმების ადგილზე. ბინაზე გვითხრეს, რომ ოთახში 4 გოგონა ვიქნებოდით, თუმცა შვიდნი ვიყავით. ყველას სხვადასხვა გრაფიკი ჰქონდა, ერთი რომ მოდიოდა, მეორე მიდიოდა. ამიტომ სულ ხმაური და აურზაური იდგა, გამოძინებას ვერ ვასწრებდით.ჩვენ ქართველ დამსაქმებელს ვენდეთ­, გერმანელი დამსაქმებლის ხელშეკრულებების დეტალებს არ გავცნობივართ და აღმოჩნდა, რომ რეგენსბურგში, სადაც შოკოლადის ქარხანაში უნდა გვემუშავა, სინამდ­ვილეში ასეთი ქარხანა არც არსე­ბობს და ადგილობრივმა დამსაქმე­ბელმა, კომპანია თიმეPარტნერ-მა, ავტომობილების ქარხანა შყნცრეონ-ში გაგ­ვანაწილა, რომელიც კომპანია BMჭ-ს­თვის მანქანის ნაწილებს აწარმოებს.სახლიდან სამსახურამდე დიდი მანძილი იყო, საქართველოში კი ისე დაგვიხატეს ყველაფერი, თითქოს ქარხნის ეზოში არსებულ ბაზაში ვიცხოვრებდით. წასვლის მსურველებს ვაფრთხილებ, რასაც გვპირდებიან, ბევრი რამ ტყუილია, ჯობს აქვე გაარკვიონ დასაქმების ყველა დეტალი, მაგრამ ზოგი არ მიჯერებს, შემდეგ კი ნანობს, ჯანმრთელობა გავინადგურეო.

მთელი დღე მანქანის ნაწილებს დავათრევდით, მათი შეფუთვა ხომ საშინელება იყო, მკლავები ჩამოწყვეტაზე გვქონდა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ საათობით ველოდებოდით მძღოლს, რომელსაც სახლში უნდა წავეყვანეთ. რამდენჯერ მოსაცდელში ჩაგვძინებია, მზეში თუ ქარში. პირდაპირ სკამზე ან ასფალტზე...

ცვლის დასრულებამდე 15-წუთიანი შესვენება გვქონდა, მხოლოდ ყავის დალევას ვასწრებდით, რომ არ წავქცეულიყავით. შინ მისულს დაძინების გარდა არაფრის თავი არ გვქონდა. ნორმალურად ჭამას დილით ან დასვენების დღეს თუ ვასწრებდით. მწარედ ვხუმრობდით ხოლმე, ჭამაში ფული არ გვეხარჯებაო. იმ სამი თვის განმავლობაში 10 კილოგრამზე მეტი დავიკელი.

- ბინის ქირას იხდიდით?

- დიახ, დამსაქმებელი 350 ევროს გვიქვითავდა. ამას ემატებოდა ტრანსპორტირება. იმ სამთვიან პროგრამაში თითო სტუდენტს 150-მდე ევრო ეჭრებოდა, რაც ხელშეკრულებაში არ ეწერა. ამასთან, როგორც გავარკვიეთ, გერმანული კანონმდებლობით, როდესაც ერთ ოთახში სამ კაცზე მეტი ცხოვრობს, გადასახადი მაქსიმუმ 200 ევროა, ჩვენ კი თითო ვიხდიდით 300-ს. არის შემთხვევები, როდესაც ქართველი დამსაქმებელი სხვა ქალაქში, მაგალითად, ბერლინში გზავნის სამუშაო ადგილების მოთხოვნას, პასუხი ორი ან სამი თვის შემდეგ მოდის და სულ სხვა ქალაქია მითითებული, მაგრამ აგენტი თუ კომპანია მაინც თანხმდება - ანუ თაღლითობს. სტუდენტები აეროპორტში იგებენ სიმართლეს, უკანდასახევი გზა კი არ არის, რადგან სტუდენტების უმეტესობა აგენტისთვის გადასახდელ 250 ევროს სესხულობს. ეს მათ კარგად იციან და სწორედ ამაზე აქვთ აწყობილი თაღლითური სქემა. ზაფხულის არდადეგებზე უარი ვთქვით ცოტაოდენი თანხის მოსაგროვებლად, სინამდვილეში კი მხოლოდ ბილეთის ფული შეგვრჩა ხელში.

- ქართველმა დამსაქმებელმა რა გითხრათ მიზეზად?

- ორივე მხარე ერთმანეთს იცავს. მიზეზად უკრაინის ომი და ამით გამოწვეული გარემოებები დაგვისახელეს - უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადის გამო უამრავ ქალაქში თავისუფალი ბინები აღარ დაგვრჩა, თანაც უპირველესად მათ ვასაქმებთო.

ქართველმა დამსაქმებელმა აქეთ დაგვანამუსა, დასტრესილ უკრაინელებს ქარხნებში ვერ ამუშავებენ, ამიტომაც შედარებით მსუბუქ სამუშაოზე ასაქმებენო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ქართველი სტუდენტი უსამსახუროდ დარჩა, უთხრეს, რომ მუშახელის შემცირება მოუხდათ (შემ­დეგ გაირკვა, რომ უკრაინელი ლტოლვილ­ები დაასაქმეს). ანაზღაურება გადაუხადეს და სამუშაოს სხვაგან მოძიება ურჩიეს, რაც ადვილი არაა. საუკეთესო შემთხვევაში,­ ორი კვირა მაინც გეკარგება. არადა, სულ სამი თვე გაქვს, დამსაქმებელს უნდა გადაუხადო, ტრანსპორტსა და ბინაში, სხვა ხარჯებიც ხომ არის...

იმდენად თავმოყვარეობაშელახული დავბრუნდი, რომ ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე. მაგალითად, როდესაც სამუშაოს მაძიებელი საზღვარგარეთ კერძო კომპანიების დახმარებით მიდის, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვერაფერს აკეთებს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელთა წყალობით უწყებას კერძო­ სააგენტოებზე სახელმწიფო კონტროლის მექა­ნიზმი ექნება, ახლა განიხილება. კანონში­ ცვლილებების შეტანამდე საზღვარგარეთ დასაქმებულებზე მათი მანდატი არ ვრცელდება. ასე რომ, ჩემს თანატ­ოლებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. გაფრთხილდით და თავს ნურავის გამოაყენებინებთ.