ინდოეთი - კონტრასტების ქვეყანა
სოციოლოგი ქეთი ხარატიანი ახლახან დაბრუნდა ინდოეთიდან, მეუღლესთან ერთად ქორწილში იყო მიპატიჟებული. ამიტომაც ვთხოვე შთაბეჭდილებები ჩვენთვის გაეზიარებინა:
- ინდოეთში კირიტ სინგჰის ქორწილში ვიყავით. მის ოჯახს საქართველოში აქვს ბიზნესი. კირიტის მამას ერთ დროს ჩემს მეუღლესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ის შარშან გარდაიცვალა. კირიტმა დაგვირეკა და გვითხრა, მამაჩემი დიდ პატივს გცემდათ და მინდა მისი ხსოვნის პატივსაცემად დაგპატიჟოთ ჩემს ქორწილშიო. თავიდან ვყოყმანობდით, მაგრამ კირიტი დაჟინებით გვთხოვდა ჩასვლას. საბოლოოდ, წავედით.
სინგჰები მაღალ კასტად ითვლებიან, ჩრდილოეთით პაკისტანის საზღვართან, ქალაქ ჯალანდარში ცხოვრობენ. ჯალანდარი მესამე ყველაზე დასახლებული ქალაქია პენჯაბის შტატში. ჩვენ ჯერ დელიში ჩავფრინდით, სადაც კირიტს უკვე ორგანიზებული ჰქონდა დელის, მერე კი ტაჯმაჰალის დასათვალიერებელი ტური, შემდეგ ჩვენი გადაადგილება უზრუნველყო იმ ქალაქში, სადაც ქორწილი იმართებოდა. ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა დაგეგმილი. ყველაფერი მეილზე მოგდიოდა - დღის წესრიგი, დრესკოდი...
ქორწილი სამ დღეს გაგრძელდა, დილისა და საღამოს პროგრამებით. თითოეული ღონისძიება სხვადასხვა ადგილას გაიმართა, სხვადასხვაგვარი გაფორმებით, მუსიკოსებით, ყვავილებით... ეს იყო წარმოუდგენელი მრავალფეროვნება როგორც ფერებით, ისე კერძებით. ცხარე საჭმელს ვერ ვჭამ და ვფიქრობდი, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ მეგრულზე ცხარე ნამდვილად არ ყოფილა. ინდოელები სტუმართმოყვარე ხალხია. იგრძნობოდა, რომ მათთვის სტუმარია მთავარი. სიძე მუდმივად იყო ხაზზე, ინტერესდებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა. ადამიანს დღეში ორჯერ 500-500-კაციანი ღონისძიება ჰქონდა და ამას მაინც ახერხებდა.
- პატარძალი ვინ იყო?
- გოგონა, გუპრედი. ორივენი მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ქორწილში სტუმრებსაც ასაჩუქრებდნენ. მაგალითად, ტკბილეულის ასორტი მოგვართვეს, რომლებსაც ეწერა, ვისი ქორწილი იყო და ბიჭის და გოგოს მხრიდან ვინ იყვნენ ქორწილის ორგანიზატორები, ოჯახის წევრების სახელი და გვარები. ამის მიხედვით მივხვდი, რომ ქორწილის ორგანიზებაში ორივე მხარე მონაწილეობდა.
- რაც შეეხება ტანისამოსს, დრესკოდს...
- ყველა ცერემონიაზე როგორც სიძე-დედოფალს, ისე სტუმრებს, სხვადასხვა სამოსი ეცვათ, სხვადასხვა მოკაზმულობით.ერთდროულად იმდენი ფერადი და ლამაზი კაბები ვნახე, მეგონა, "ოსკარის" ცერემონიაზე ვიყავი.
- ნაციონალური სამოსი ეცვათ თუ ევროპულად იყვნენ ჩაცმული?
- მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, ქორწილი ტრადიციული იყო. ქალებს ტრადიციული სამოსი ეცვათ. რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, რომ ჩავედი, სამი ინდური კაბა ვიყიდე. ვატყობდი, როგორი კმაყოფილი მიყურებდნენ, რაკი მათ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი კაბა მეცვა. ინდოელებისთვის ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ საღამოს დედოფალს ბაცი ვარდისფერი კაბა ეცვა... დასკვნით ღონისძიებაზე მათი ტრადიციისამებრ წითელი კაბა ეცვა.
პირველ საღამოზე იყო ბევრი მუსიკა, ცეკვა და საუკეთესო კერძები, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. გამიკვირდა, ამდენი ცეკვა-მხიარულება როგორ შეიძლება სასმლის გარეშე-მეთქი, მაგრამ ფაქტია, შესაძლებელი ყოფილა. მეორე დღეს მეჰენდის ცერემონია იმართება. ამ დღეს სიძე ცალკეა, ხოლო პატარძალს ცალკე უხატავენ ხელ-ფეხს.
ინით მოხატვის პრივილეგია ოჯახის უახლოეს წევრებს აქვთ. ჩვენც, როგორც სტუმრებს, მოგვცეს ამის უფლება. სიძის რიტუალის შემდეგ 10 ბიჭი მაინც იყო დაქირავებული, რათა ყველა ქალი სურვილის შემთხვევაში ინით მოეხატათ. სიძის მამიდამ მეჰენდის რიტუალის მნიშვნელობა აგვიხსნა. სასწაული იყო, არც ერთი ნახატი არ მეორდებოდა. ამ დღესაც იყო ცეკვები, მუსიკოსებთან ფულის ფრიალი. სტუმრებს პატარ-პატარა საჩუქრები ჩამოურიგეს.
მეორე დღეს საღამოს ნიშნობაზე საზეიმოდ შემოიტანეს ლანგარი, მოქარგული ბალიშით, რომელზეც საჩუქარი იდო. პატარძალს ულამაზესი სამკაულები მიართვეს.
მესამე დღეს სიძეს პატარძალი თავის სახლში მოჰყავს და ქორწინებას ოფიციალურად აფორმებენ. საღამოს საქორწილო ლანჩზე ისევ იყო უამრავი ყვავილი, სხვადასხვა მორთულობა, მუსიკოსები. რამდენი კაცი ემსახურებოდა ამ ღონისძიებას, ვერ დაითვლიდი. ჩვენ იმავე საღამოს გამოვემგზავრეთ ჯალანდარიდან. სიძე-დედოფალი კი საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ კუნძულ ბალიზე.
ინდოეთი ძალიან კონტრასტული ქვეყანაა. საოცარი სიმდიდრიდან გამოდიხარ უკიდურეს სიღარიბეში. მეორე მხრივ, რამაც გამაოცა, საუკეთესო გზებია. დელიდან ტაჯმაჰალამდე 400 კილომეტრია უამრავი ესტაკადით, ავტობანით. რანაირად ახერხებენ ასეთი სიღატაკის ფონზე ასეთი გზების გაყვანას, ვერ ვხვდები... კეთილმოწყობილი, გამწვანებული აეროპორტიდან რამდენიმე მეტრში ქოხმახებია, ნაგავი, ძროხები. ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება ინდოეთში, ამიტომ მენიუში ყველგან ქათამი და თევზია.
აგრაში ტაჯმაჰალი ვნახეთ, რომელსაც 20 ათასი კაცი აშენებდა. ტაჯმაჰალი 1963 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ეს მშვენიერი თეთრი მარმარილოს ტაძარი, რომელიც მზის ჩასვლისას ოქროსფრად ანათებს, სიყვარულის სიმბოლოდაცაა მიჩნეული - ის შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით ააგეს მისი მეუღლის პატივსაცემად. შაჰს მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოუცხადებია. ტაჯმაჰალის სიმაღლე 74 მეტრია, მის გარშემო კი 18 ჰექტარზე ბაღებია გაშენებული.
ძალიან საინტერესო სანახაობას გადავეყარეთ ქალაქ ამრიტსარში. ეს ქალაქი პაკისტანის საზღვართანაა. რიგში ჩაგვაყენეს, ქალები ცალკე, მამაკაცები - ცალკე. ყველას დეტექტორებით ამოწმებდნენ. ეს პატრიოტული ღონისძიებაა, საზღვრის აქეთ-იქით ინდოეთისა და პაკისტანის დროშების დაშვების, საზღვრის ჩაკეტვის ცერემონია იმართება და უამრავი ხალხი ესწრება.
ინდოეთში უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა. ყველა დიდ შენობაში, დეტექტორების გარეშე ვერ შეხვალ. მანქანებს სარკეებით ათვალიერებენ. ქორწილშიც უმაღლეს დონეზე იყო უსაფრთხოების საკითხი, პერიმეტრს ავტომატიანები იცავდნენ.
კიდევ ერთ გამოცდილებაზე გიამბობთ. ინდოელმა გამყიდველებმა ისე იციან კლიენტის შებმა, რომ შეუძლებელია მათი მაღაზიიდან ნავაჭრის გარეშე გამოხვიდე. შედიხარ და იწყებენ საქონლის გადმოშლას. ასე გვაყიდვინეს რამდენიმე ნივთი, რაც გათვლილი არ გვქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ.
ქუჩის ცხოვრებაც საოცარია. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით სწრაფი კვების დახლებს. საჭმელს ერთჯერადი ჭურჭლით შეექცევიან, ბოთლის წყალს სვამენ და ამიტომაც ქუჩებში პლასტიკის ნაგავი გროვდება..
ტრანსპორტი დღედაღამ მოძრაობს. დადიან ელექტრორიქშები, სკუტერები, ველოსიპედები, გაუთავებლად ისმის სიგნალების ხმა. ერთი-ორჯერ შევამჩნიე, გარშემო არავინ იყო და ჩვენი მძღოლი მაინც ასიგნალებდა.
- მაიმუნებმა თავდასხმა და ნივთების გატაცება იციანო, ესეც მსმენია.
- მე არ მქონია ასეთი შემთხვევა. ტაჯმაჰალის ტერიტორიაზე იყო წარწერები, არ მიუახლოვდეთ მაიმუნებსო.
- ყველაზე დასამახსოვრებელი რა დაგრჩებათ ამ მოგზაურობიდან?
- ფერები და სტუმართმოყვარეობა.