"კაბარეს მოცეკვავე უცებ საფრანგეთის არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი გავხდი"
პარიზში, რიშეს ქუჩაზე 1869 წლის 2 მაისს გაიხსნა ვარიეტე "ფოლი-ტრევიზი", რომელიც მოგვიანებით საზოგადოებამ "ფოლი-ბერჟერის" სახელით გაიცნო. ლეგენდარული კაბარე პარიზში მრავალი ხელოვანის შთაგონების წყარო გახდა. პირველ წლებში სცენაზე გამოდიოდნენ აკრობატები, იდგმებოდა კომიკური ოპერები საცეკვაო ნომრებით. დროთა განმავლობაში "ფოლი-ბერჟერი" პარიზის ყველაზე ცნობილი და კოლორიტული ღამის კლუბი გახდა. ედუარდ მანემ, ღამის კლუბის ხშირმა სტუმარმა, 1882 წელს კლუბს თავისი ცნობილი ტილო მიუძღვნა - "ბარი ფოლი-ბერჟერში". აქ სტუმრებს შეეძლოთ ეხილათ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიც იყვნენ ჩარლი ჩაპლინი, ჟოზეფინა ბეიკერი, ედიტ პიაფი, აისედორა დუნკანი, ჟან გაბენი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა, ელტონ ჯონი და ა.შ. რიო მორსიც ამ სიის ნაწილია, "ფოლი-ბერჟერის" ლეგენდარული მოცეკვავე 1950-60-იან წლებში, ინგლისელი ქალი დღეს ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები პარიზის კოლორიტულ ვარიეტეს უკავშირდება. როგორი იყო სცენის მიღმა ცხოვრება "ფოლი-ბერჟერში" და რატომ ირჩევდნენ მოდელებს მსახიობებად? - თავისი ცხოვრების ისტორიას ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" "ფოლი-ბერჟერის" მსახიობი რიო მორსი უამბობს.
თამამი ცეკვა
- 16 წლის დამწყები მოდელი ვიყავი, როდესაც ლონდონში სამოდელო სააგენტოში დაგვიბარეს - გოგონებს ეძებდნენ პარიზში კოსტიუმირებულ წარმოდგენაში მონაწილეობისთვის. ყველას სურდა სამოდელო სფეროში წარმატების მიღწევა, პარიზი კი მიმზიდველი იყო ოცნების ასახდენად. ამიტომ ძალიან მომეწონა ეს აზრი. მახსოვს, როგორ გავეშურე დედასთან ერთად ლონდონის რკინიგზისკენ, წინ პარიზი მელოდა... 1957 წელი იყო. პარიზში 6 მოდელი ჩავედით. დაგვაბინავეს სასტუმროში და გვითხრეს, რომ მეორე დღეს "ფოლი-ბერჟერში" უნდა მივსულიყავით. მაშინ "ფოლი-ბერჟერი" ცნობილი იყო თამამად ჩაცმული გოგონებით, იქ თითქმის შიშველი ქალები ცეკვავდნენ. მე კარგად ვიცოდი ფრანგული და მაშინვე შევეკამათე, კლუბში რა გვინდა, ჩვენ მოდელები ვართ-მეთქი, ცოტა ცხვირი ავიბზუეთ ინგლისელმა მოდელებმა. მეორე დღეს მაინც მოგვიწია მისვლამ. "ფოლი-ბერჟერში" ყოველი წარმოდგენა სამი წლის განმავლობაში იდგმებოდა და მაშინ სწორედ სამწლიანი სეზონის დასასრული იყო. გოგონები ძალიან ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ, სწორედ ამიტომაც სურდათ მოდელები. მივედით და საშინლად არ მომეწონა იქაურობა, ყველა დაღლილი იყო, ყველას შეწუხებული სახე ჰქონდა. 1950-იანი წლებია, ლონდონიდან ჩამოსული გოგონებისთვის კლუბში გაშიშვლებული ქალის დანახვა საოცრების ტოლფასი იყო. "ფოლი-ბერჟერი" კაბარეს სტილის დაწესებულება იყო, იქ გასართობად, იმ სანახაობისთვის მიდიოდა ხალხი, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდნენ. გოგონებმა ხმა ავიმაღლეთ, გამოვაცხადეთ, რომ ესპანეთში წავიდოდით, მაგრამ პარიზში არ გავშიშვლდებოდით. მოგეხსენებათ, იმხანად ესპანეთში ფრანკოს რეჟიმი იყო და სიშიშვლე მკაცრად კონტროლდებოდა. მაშინ "ფოლი-ბერჟერის" დირექციამ გამოგვიცხადა, რომ არავინ გვაიძულებდა თამამი კოსტიუმების ჩაცმას. ასე რომ, შეთანხმებას მივაღწიეთ და 2 კვირის განმავლობაში "ფოლი-ბერჟერის" თეატრალურ ცხოვრებაში ჩავერთეთ. ასე აღმოვჩნდი მოდელობის ნაცვლად სცენაზე.
პირველი სიყვარული
- 16 წლის ვიყავი, როდესაც ლეგენდარული "ფოლი-ბერჟერის" დიდი ოჯახის წევრი გავხდი, ლონდონელი უმანკო გოგონა, რომელიც პაემანზეც არ იყო ნამყოფი. ჩვენ კონსერვატიული ოჯახი გვქონდა, არ ვეწეოდი, არ ვსვამდი, წესიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. როცა პირველად თეატრში მივედი, მაშინვე, ვინც თვალში მომხვდა თავისი ხმაურიანი საქციელით, საუბრით, იყო მთავარი მოცეკვავე, 30 წლის არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცი, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი, რომ შემყვარებოდა. არ მადარდებდა მისი სექსუალური ორიენტაცია, შემიყვარდა და მორჩა. სამი თვის შემდეგ, როდესაც ლონდონში დავბრუნდი და ისევ გავაგრძელე მოდელობა, იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ "ფოლი-ბერჟერში" შოუს კაპიტნად დავბრუნდი. წარმოიდგინეთ, მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი, სიგიჟემდე მიყვარდა ფრანგი გეი მოცეკვავე და "ფოლი ბერჟერის" შოუში უნდა გამეგრძელებინა ცეკვა - ამ გარემოებებით დედაჩემი აღშფოთებული იყო და გამომიცხადა, შენთან ერთად მოვდივარ პარიზშიო. გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში გასტროლებზე, ყველგან, დედა დამყვებოდა. როდესაც ტურნე დავასრულეთ და პარიზში დავბრუნდით, "ფოლი-ბერჟერის" დირექტორმა დამიბარა და მკითხა, ისევ გააგრძელებ კლუბში ცეკვასო. ვუპასუხე, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, თქვენი მოცეკვავე მიყვარს-მეთქი. ბოლოს იმდენი ვქენი, ის ბიჭი ვაცდუნე და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მალე ორსულად დავრჩი. მაშინ, 1958-59 წლებში, პარიზში აბორტი აკრძალული იყო. მე არ მინდოდა ქორწინება, მაგრამ ჩემს შეყვარებულს სურდა ბავშვი გამეჩინა. ჩემი მოცეკვავე მეგობარი დამეხმარა არალეგალურად აბორტის გაკეთებაში. სამწუხაროდ, ამის გამო ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობა დასრულდა, მან არ მაპატია აბორტი.
ფრანგი არისტოკრატი
- დილით ათ საათზე, ვდგებოდი და მივდიოდი ცეკვის, შემდეგ კი კანკანისა (ფრანგული ცეკვა, გაჩნდა პარიზში მე-19 საუკუნის 30-იან წლებში) და ბალეტის გაკვეთილზე. შოუ ღამის 10-დან იწყებოდა და გვიანობამდე გრძელდებოდა. მონპარნასზე იყო ერთი პატარა კაბარე, სადაც მუშაობა შემომთავაზეს და იქაც დავიწყე მუშაობა. საღამოს ათი საათიდან "ფოლი-ბერჟერში" ვცეკვავდი და შუაღამისას, შოუს შემდეგ, ტაქსით პარიზის სრულიად სხვა მხარეს მივიჩქაროდი, სადაც კვლავ სცენა და ცეკვა მელოდა. დილას 4 საათზე სრულდებოდა ხოლმე ჩემი მეორე წარმოდგენა და შემდეგ მეგობრები მივდიოდით ხოლმე საცეკვაოდ და საჭმელად. შინD დილის 7-8 საათზე ვბრუნდებოდი ხოლმე, ასე გრძელდებოდა ყოველდღე და არასდროს მიგრძნია დაღლილობა.
1964 წელს ევროპაში ტურნეში წავედი და ჟენევაში გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი, 24 წლის ფრანგი არისტოკრატი, შატოებისა და საგვარეულო მამულების მფლობელი. წარმოდგენის შემდეგ მთხოვა, მასთან მეცეკვა და იმ დღიდან ორ კვირაში ქორწილი გვქონდა მის ერთ-ერთ საგვარეულო შატოში, პარიზის გარეუბანში. კაბარეს მოცეკვავე უცებ საფრანგეთის არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი გავხდი. ასე დასრულდა ჩემი სასცენო ცხოვრება და დაიწყო პარიზული, ელიტური ყოველდღიურობა. ეს იყო ოჯახი, სადაც ვახშმად ყველა ერთად იკრიბებოდა, ცოტა სნობებიც იყვნენ. მოსამსახურეები მაგიდას შლიდნენ, ტრადიციულ ფრანგულ წესებს დიდი ყურადღება ექცეოდა და, ბუნებრივია, ჩემი თავქარიანი ცხოვრება უნდა შემეცვალა. ფრანგთან ქორწინებიდან ბიჭი შემეძინა, რამდენიმე წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ, თუმცა მაღალი წრის სიცივემ და წესებმა თავი მომაბეზრა.
იტალიელი და ამერიკელი ქმრები
ერთხელაც რომში წავედი ბავშვთან ერთად დასასვენებლად, ქმრის გარეშე, და იტალიელი ბიჭი შემიყვარდა. მივატოვე ჩემი ფრანგი არისტოკრატი და დავრჩი რომში საცხოვრებლად. 7 წელი გავატარე რომში, შემდეგ ცუდი პერიოდი დადგა, შეძლებული ხალხის შვილებს იტაცებდნენ, ჩემს ფრანგ ქმარს ძალიან შეეშინდა და მთხოვა, პარიზში დავბრუნებულიყავი. მაგრამ მე ამერიკაში გადავწყვიტე წასვლა. იქ 1979 წელს ჩავედი. ჩემი და იტალიელის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მას გაუჭირდა ამერიკულ ცხოვრებასთან შეგუება და რომში დაბრუნდა.
აქ, ამერიკაში გავიცანი ჩემი ამჟამინდელი ქმარი და ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ. პარიზში 2 წლის წინ ვიყავი სამოგზაუროდ, წვიმიანი დღე იყო. მე და ჩემი მეუღლე "ფოლი-ბერჟერის" შოუს დავესწარით. ახლა აღარ არის ის კაბარე, რაც მაშინ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შოუები იდგმება. Dწარმოდგენის შემდეგ, შესასვლელთან დავდექი ფოტოს გადასაღებად და ხელები ზუსტად ისე ავწიე, როგორც მაშინ, კაბარეში ცეკვის პერიოდში. სანამ ფოტოს მიღებდა, მსახიობები გამოვიდნენ მოსაწევად. მივედი და ფრანგულად ვუთხარი, ერთ დროს მეც აქ ვცეკვავდი, ამ კოლორიტული "ფოლი-ბერჟერის" მოცეკვავე ვიყავი-მეთქი. Aახალგაზრდებს იმდენად გაუხარდათ, რომ თეატრში შემიპატიჟეს, და ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც ჩემი სასცენო ცხოვრების წლები გავატარე. ამაღელვებელი წუთები იყო - როდესაც სცენაზე დავდგი ფეხი, მივხვდი, რომ ისევ ის 16 წლის გოგონა ცოცხლობს ჩემში, ლონდონიდან პარიზში რომ ჩავიდა.