"ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ცოფის აცრაზე უარის თქმა სასიკვდილოა! ერთმა - არ მაწყობსო... ალკოჰოლს მოიხმარს... მუსიკოსმა კი ძაღლის ნაკბენი არად ჩააგდო და გასტროლები გააგრძელა" - რას ჰყვება სპეციალისტი ცოფის შემთხვევებზე?
თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ცოფის შემთხვევების გამოვლინება დაიწყო. მათ შორის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ცოფის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან მიუსაფარი ძაღლისაგან დაკბენილი მსხვილფეხა პირუტყვიც იყო. სპეციალისტების აზრით, ცოფის გავრცელება, მიუსაფარი ცხოველების უკონტროლოდ გამრავლებამ გამოიწვია და შესაძლოა, ინფექცია კვლავ გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცოფის გავრცელების წინააღმდეგ საკმაოდ რთული ანტიინფექციური სამუშაოები ჩაატარა, ცოფის შემთხვევა უკვე მარტვილშიც გამოვლინდა. აქ ცოფით დაავადებულმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბინა. მათ შორის, რამდენიმემ, დაკბენა საყურადღებოდ არ ჩათვალა და ვაქცინაცია დააყოვნა. ერთმა-ერთმა საერთოდ უარი განაცხადა ვაქცინაციაზე, მეორე კი თვალთახედვიდან გაქრა.
"ამ პიროვნებებთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ ვაქცინაციაზე დაგვეთანხმებინა. თუმცა, საბოლოოდ, ორივე მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და ვაქცინაცია ჩავუტარეთ", - განაცხადა მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ.
რაც, შოკისმომგვრელია, - ცოფიანი ცხოველის ნაკბენი ვაქცინაციის გარეშე აუცილებლად სასიკვდილოა!
რაც, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის.
ჩვენ დავუკავშირდით მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს როზა ჯანაშიას, თუ რატომ არ ისურვეს დაკბენილებმა აცრა და ზოგადად, რა მდგომარეობაა მარტვილში ცოფის გავრცელების თვალსაზრისით.
- თავისთავად საგანგაშოა ის, რომ მიუსაფარი ძაღლი თუნდაც ერთი ადამიანის დაკბენის შემდეგ ისევ ქუჩაში რჩება. მარტვილის შემთხვევაში მიუსაფარმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბენა და ისევ ქუჩაში იყო. ნუთუ, შესაბამის სამსახურებს არავინ შეატყობინა ამის შესახებ? რამდენი დღის განმავლობაში კბენდა ძაღლი ხალხს?
- დაკბენილების თქმით, ძაღლი დაახლოებით 2 დღის განმავლობაში იყო აგრესიული და კბენდა ხალხს. არა მხოლოდ კიდურებზე, ზოგიერთს მხარზეც კი შეახტა საკბენად. საბედნიეროდ, სეზონის გამო, ბევრს შედარებით სქელი ტანსაცმელი ეცვა, რამაც გარკვეულად დაიცვა ღრმა ჭრილობისაგან. თუმცა, აცრა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დროულად, 24 საათის განმავლობაში; მით უფრო, ქუჩის ცხოველთან დაკავშირებით, რომელზეც დაკვირვება შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც, ძაღლი ქუჩის იყო და ლეკვებიც იქვე ჰყავდა. ხალხი კი აპურებდა. ამიტომაც დაყოვნდა ვაქცინაცია, ძაღლის გაყვანა და დაკვირვება. რაღაც პერიოდში, ძაღლს ლეკვები მოჰპარეს და ხალხს ეგონა, რომ ამის გამო იყო აგრესიული. ამასობაში ლეკვები მალევე მიუყვანეს, ის კი მაინც იკბინებოდა.
- ალბათ, როგორც ხშირად ხდება, ლეკვები ახლომახლო ბავშვებმა წაიყვანეს, მათთან ერთად ითამაშეს, და შემდეგ დედას მიუბრუნეს. ცოფზე ვაქცინაციისთვის დაკბენისთანავე ბევრმა მიმართა?
- ნაწილმა მაშინვე მიმართა. ვინც იყო ინფორმირებული და ვინც იცოდა, რომ ქუჩის ცხოველის დაკბენისას ვაქცინაცია უალტერნატივოა. ნაწილმა სამი დღის განმავლობაში მიმართა, როდესაც ცხოველი ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მოკვდა კიდეც. მათ შორის ორმა პიროვნებამ კი საერთოდ უარი განაცხადა ვაქცინაციაზე, - არ მაწყობსო... მეორე კი უბრალოდ, თვალთახედვიდან გაქრა.
- ეს ხალხი ვინ არის? ან ცოფიანი ძაღლის დაკბენაზე ინფორმაცია რატომ არ გააჩნდათ?
- ვერ გეტყვით. თუმცა, ერთ-ერთი სამწუხაროდ, ხშირად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ არის. მეორე კი ახალგაზრდა მუსიკოსია, თავისი ინსტრუმენტებით მუნიციპალიტეტებში დადის. ამჯერადაც ასე მოიქცა, ძაღლის ნაკბენი არად ჩააგდო და გასტროლები გააგრძელა.
- დაკბენის შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს დაკბენიდან 24 საათში და არა უმეტეს სამი დღისა. ანუ აქ ვაქცინაცია დაგვიანებულია?
- ვერ გეტყვით. იმედი გვაქვს, ასე არ იქნება. რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ხალხი მოგვეძებნა და ვაქცინაციაზე დაგვეთანხმებინა. მათ საპოვნელად და ვაქცინაციის ჩასატარებლად მთელი ღამე გავათენეთ და ვინერვიულეთ. ახლა მომავალს უნდა დაველოდოთ, სხვა აღარაფერი შეგვიძლია. რაბიოლოგი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ცოფის ვირუსი ძალზე სიცოცხლისუნარიანია, - სიცივეშიც კი 700 დღის მანძილზე ცხოვრობს.
- თქვენი აზრით, ცოფთან დაკავშირებით ცნობადობა კიდევ უფრო როგორ უნდა ამაღლდეს?
- ესეც არ ვიცი. იცით რატომ? იმიტომ, რომ მედიით უამრავს საუბრობენ ცოფის ვირუსზე, მაგრამ მისი ნეგატიური შედეგების გათვალისწინება ზოგიერთისთვის მაინც პრობლემად რჩება. ზოგადად, მარტვილში ზოოლოგიური კარანტინია და ყველა მიუსაფარი ცხოველი გაყვანილია დასაკვირვებლად.
- შეიძლება მარტვილში სხვაც იყოს, ვინც აღნიშნულმა ძაღლმა დაკბინა და მაინც მშვიდად არის, რადგან ძაღლის ცოფით სიკვდილის შესახებ არ იცის?
- ვერ გეტყვით. თუმცა, ზოგადად, ამ ხალხმა ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია ექიმებს თავად მიაწოდა. ინფორმაციის შეტყობინების სხვა მექანიზმი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ინფექციის შეჩერება ვისურვოთ. რაშიც მოსახლეობა უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს. ზოგიერთმა კი როგორმე უნდა შეიგნოს, რომ ცოფის აცრაზე უარის თქმა სასიკვდილოა.
ექიმებს, სამწუხაროდ, ვაქცინაციის გარეშე, ამ საშიშ ინფექციასთან გამკლავება არ შეუძლიათ.
(სპეციალურად საიტისთვის)