ბახმუტში 100 მ-ის წინ წაწევისთვის 94 მებრძოლი დავკარგეთ - "ვაგნერი" სულ-ღაფავს? - კვირის პალიტრა

ბახმუტში 100 მ-ის წინ წაწევისთვის 94 მებრძოლი დავკარგეთ - "ვაგნერი" სულ-ღაფავს?

ბახმუტისთვის ბრძოლა გასული წლის აგვისტოდან გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დანაყოფებმა განვლილ 9 თვეში მაინც მოახერხეს ამ პატარა უკრაინული ქალაქის დიდი ნაწილის დაპყრობა მისი სრული განადგურების ხარჯზე, თავად „ვაგნერს“ ეს საბედისწეროდ ძვირად დაუჯდა და სულს ღაფავს...

„ვაგნერი“ მთავრდება, „ვაგნერი" გარკვეული ხნის შემდეგ შეწყვეტს არსებობას" - ეს განცხადება თავად „ვაგნერის“ შემქმნელმა პრიგოჟინმა გუშინ გააჟღერა!

„თავისი პირმშოს“ დასასრულის მოახლოებას პროგოჟინი ძირითადად იმით ხსნის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მას სპეციალურად უბლოკავს სახარჯი საბრძოლო მასალის, პირველ რიგში კი, საარტილერიო ჭურვების გადაცემას, რის „გამოც „ვაგნერის“ მებრძოლები იძულებული ხდებიან წინასწარი ძლიერი საარტილერიო ცეცხლის გარეშე გადავიდნენ შეტევებზე, რაც მათ შორის დიდ დანაკარგს იწვევს - აღიარებს პრიგოჟინი.

ბახმუტში 100 მ-ით წინ წაწევისთვის 94 მებრძოლი დავკარგეთ, აზუსტებს პრიგოჟინი და მალე „ვაგნერის“ დანაყოფების ბრძოლის ველიდან მოხსნასა და ბახმუტიდან საერთოდ გამოყვანასაც არ გამორიცხავს...

რამდენად შეესაბამება რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მებრძოლი „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებლის ეს მორიგი წუწუნი?

ის, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს - შოიგუს, ასევე, გენშტაბის უფროსს - გერასიმოვს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, „ვაგნერის“ დამფუძნებელს - პრიგოჟინს შორის „კარგად ჩასუქებულმა“ შავმა კატამ გაირბინა, არახალი ამბავია...

მათ შორის ფარული დაპირისპირების ნიშნები ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომიდან გამოჩნდა, როდესაც რუსეთის არმია ოფიციალურად ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში, სადაც მანამდე კრემლს არაოფიციალურად ჰყავდა გაგზავნილი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები.

2-vagneri-1682878519.png
პრიგოჟინი და მისი „ვაგნერის“ დაღუპული მებრძოლების საფლავები - „ვაგნერი“ ლოკალურ საბრძოლო წარმატებებს ყოველთვის დიდი დანაკარგის ფასად აღწევდა, მაგრამ კრემლი პრიგოჟინს ნელ-ნელა უკეტავს ახალი „საზარბაზნე ხორცის“ მიღების გზებს...

პრიგოჟინსა და შოიგუ-გერასიმოვის წყვილს შორის დაპირისპირებამ პიკს გასულ წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაწყებულ ომში მიაღწია, რის შესახებაც დაწვრილებით ვწერდი ჩემს, 17 იანვრის ბლოგში - „შოიგუ-გერასიმოვის დუეტმა პრიგოჟინ-სუროვიკინის წყვილს ერთი "ბრძოლა" მოუგო, მაგრამ დიდი "ომი " ჯერ კიდევ წინ არის...“ ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს პრეზიდენტმა პუტინმა იანვრის ბოლოს ერთმანეთს პირადად შეახვედრა შოიგუ და პრიგოჟინი და ისინი შეარიგა, რის მეტ-ნაკლებად დამადასურებელ ფაქტად იქცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ბახმუტში მებრძოლი პრიგოჟინის „ვაგნერის“ უკეთესად მომარაგება საბრძოლო მასალებით და ამისთვის პრიგოჟინის მიერ გაცხადებული მადლობა სამხედროების მიმართ... მაგრამ, გავიდა ორიოდე თვე და პრიგოჟინ-შოიგუს შორის განახლებული დაპირისპირება ისევ გასაჯაროვდა, რასაც დაემატა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის - გენერალ-პოლკოვნიკ მიზინცევის სამი დღის წინ მოულოდენელი მოხსნა, ამ მაღალი თანამდებობიდან. იმის გათვალისწინებით, რომ გენერალი მიზინცევი გასული წლის შემოდგომიდან მთელი რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე აგებდა პასუხს, ეტყობა თავდაცვის მინისტრ შოიგუს სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა თავისი მოადგილის მიმართ, რაზეც პუტინიც დაეთანხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე თავდაცვის მინისტრი თავის მოადგილეს ვერ მოხსნიდა. პრიგოჟინმა კი მაშინვე დრო იხელთა და უმუშევრად დარჩენილი გენერალ-პოლკოვნიკი მიზინცევი მაშინვე „ვაგნერის“ სამხედრო მეთაურის უტკინის მოადგილედ მიიწვია, რითაც შეიძლება ხაზი გაუსვა იმას, რომ წინა თანამდებობაზე ყოფნისას მიზინცევი ფარულად ეხმარებოდა „ვაგნერს“ ჭურვებისა და რაკეტების მარაგების შევსებაში, რითაც ამ გენერალმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს რისხვა დაიმსახურა და თანმდებობასაც დაემშვიდობა...

შეიძლება მკითხველის ერთი ნაწილისთვის უინტერესო იყოს, ვინ-ვის „ჭამს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტოში, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, რადგან „ვაგნერის“ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შემცირება და მით უმეტეს, მათ მიერ ფრონტის ხაზის დატოვება, თანაც ბახმუტის მონაკვეთზე, დიდი შეღავათი გახდებოდა უკრაინის დამცველებისთვის, რომლებსაც მთელი ყურადღება დღე-დღეზე დასაწყები ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების მომზადებაზე აქვთ გადატანილი და ბახმუტთან „ვაგნერის“ შეუწყვეტელი შეტევები მათ სერიოზულ პრობლემებს უჩენს...

"ვაგნერის“ ბედი თითქმის გადაწყვეტილია, ის მართლაც სულს ღაფავს, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ შოიგუ პრიგოჟინს ჭურვებს უმალავს, არამედ იმიტომაც, რომ პრიგოჟინმა თავისი „ვაგნერით“ ცხრა თვის განმავლობაში ვერ დაიპყრო ერთი პატარა ბახმუტი, დიდძალი ცოცხალი ძალაც შეაკლა (ციხეებიდან სპეციალურად გამოყვანილი რამდენიმე ათასი პატიმრის სახითაც) და მაინც ვერ მიაღწია საწადელს, არადა, პუტინი, რომელმაც სრული კარტბლანში მისცა მოქმედებებისთვის პრიგოჟინს, მისგან ბახმუტის ხონჩით მირთმევას ჯერ კიდევ გასული წლის 7 ნოემბერს ელოდა, შემდეგ ახალი წლისთვის, 23 თებერვლისთვის და ახლა, სავარაუდოდ, ბოლო ვადა - 9 მაისი დაუწესა...

იმედია, უკრაინის დამცველები 9 მაისამდე და მას შემდეგაც შეინარჩუნებენ ბახმუტის ნაწილს, რის გამოც, პრიგოჟინსა და მის „ვაგნერს" თავად პუტინი გამოუყვანს წირვას და შოიგუ-გერასიმოვის წყვილს „დასაჯიჯგნად“ გადაუგდებს...