მისი ცხოვრება სიმღერით დაიწყო და სიმღერის გამო გარდაიცვალა
ცივგომბორის მთის მწვერვალზე წამოსკუპებულ დიდი ისტორიის მქონე პატარა სიღნაღს მომღერლებისა და მუსიკოსების სამჭედლოსაც უწოდებენ. საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი, ხავერდოვანი ხმის მქონე ჰამლეტ გონაშვილი, საოცარი ლუდა ქუფარაშვილი, კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და სანდრო მირიანაშვილი... ზოგი მათგანი კაშკაშა ვარსკვლავად იქცა და დღემდე ჰყვებიან მათზე ლეგენდებს, ზოგმაც მხოლოდ გაელვება შეძლო - ჩუმად დაატკბო და მოხიბლა მსმენელი. საოცარი ხმის მქონე სიღნაღელი ქალის ვარვარა ჩახვაშვილის ნამღერი ხალხური სიმღერების მოყვარულებს დღემდე ახსოვთ. ამბობენ, მისნაირად ,,დაიგვიანეს" და ,,ურმული" არავის უმღერიაო. დაიბადა სიმღერისთვის და განგების ძალით სიმღერისთვის გარდაიცვალა. გვესაუბრება მარინა ჩახვაშვილი, ვარვარა ჩახვაშვილის შვილი:
- დედას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ მის ცხოვრებას სიმღერა ალამაზებდა. 1964 წელს ხალხური თვითშემოქმედების კოლექტივების რესპუბლიკური დათვალიერება გაიმართა. ორნი მღეროდნენ, დედა და ეთერ კაცობაშვილი, დედას ვერცხლის, ხოლო ეთერის ოქროს მედალი გადასცეს. მაშინ კაცობაშვილმა დედას უთხრა, ჩახვაშვილის ქალო, მაგ ყელში სალამური გქონიაო.
თბილისში სიღნაღელი ქირურგისა და კომპოზიტორ ვახტანგ კერესელიძის 60 წლის იუბილეზე დედამ ანსამბლ ,,მრავალჟამიერთან"“ ერთად იმღერა. მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. კონცერტის შემდეგ მაშინდელი კულტურის მინისტრს უთქვამს, კაცებში საქართველოს ბულბული ჰამლეტ გონაშვილია და ქალებში კი თქვენ, და ორივე, სიღნაღელი ხართო.
მახსოვს, აკაკი წერეთლის იუბილე უნდა გამართულიყო და კულტურის სამინისტროში დაიბარეს დედა, `დაიგვიანეს" უნდა იმღეროთო. უარი უთხრა, ჰამლეტ გონაშვილი მღერის ამას დიდ სცენაზე და მე ვერ შევასრულებო. ჰამლეტი გასტროლებზეა და ,,დაიგვიანეს"“ მხოლოდ თქვენ თუ განდობთო. აკაკის საიუბილეო საღამო ოპერის თეატრში გაიმართა. სიღნაღი რომ გამოუცხადებიათ, ორკესტრის წევრებს ერთმანეთისთვის ირონიით გადაუხედავთ, სიმღერის დასრულების შემდეგ კი აღფრთოვანებული ორკესტრის წევრები მადლიერების ნიშნად ვიოლინოს ხემებს ურტყამდნენ ინსტრუმენტებს.
1967 წელს სამშობლოს მტრად გამოცხადებული სანდრო ახმეტელის რეაბილიტაცია რომ დაიწყო, თბილისში გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს. სიღნაღიდან დირიჟორ ვალიკო ნანობაშვილის ანსამბლი მიიწვიეს. ცნობილ კომპოზიტორსა და დირიჟორის ოთარ თაქთაქიშვილის დედას ნამღერი რომ მოუსმენია, გაოცებულა, როგორ შეიძლება მუსიკალური განათლება არ ჰქონდეს ადამიანს და ასე სწორად და ლამაზად მღეროდესო.
გერმანიაში ქართული კულტურის დღეებზე საუკეთესო მომღერლებს არჩევდნენ. დედა შერჩევაზე არ დაუბარებიათ. ოთარ თაქთაქიშვილს უთქვამს, სიღნაღელი ქალის სიმღერა მოვისმინე და პირდაპირ ჩასვით ჯგუფში, მას შემოწმება არ სჭირდებაო. დედას ქართული კაბა შეუკერეს და ოთარ ბერძენიშვილის ანსამბლთან ერთად ამღერეს. მაშინ გერმანიის ხელისუფლებამ დედას ურჩია, მათ ქვეყანაში დარჩენილიყო, მაგრამ უარი თქვა. ამბობდა, ჩემს სიღნაღს და სახლს როგორ მივატოვებო.
გამოხდა ხანი და 80-იან წლებში ამერიკელმა პროდიუსერმა დედას რომ მოუსმინა, მანაც შესთავაზა ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა. დედა არც მას დათანხმდა. მერე მუსიკოსები ეუბნებოდნენ, ქალბატონო ვარვარა, საქართველო ხომ დაიპყარით და ამერიკაში რომ წასულიყავით, მსოფლიო მწვერვალებსაც დაიპყრობდითო.
მწერალმა და ჟურნალისტმა სიკო ფაშალიშვილმა თავის დაბადების დღეზე ავლიპ ზურაბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია ჩამოიყვანა ქიზიყში. დედაც დაპატიჟა. ორი სიმღერა იმღერა, ერთი, რა თქმა უნდა, ,,დაიგვიანეს"“ იყო. როცა მათკენ გავიხედე, კონსტანტინე გამსახურდია ცრემლს იწმენდდაო. პოეტი ირაკლი აბაშიძეს ერთ-ერთი სიღნაღური კონცერტის შემდეგ უთქვამს, ქალბატონო ვარვარა, სიღნაღიდან მივდივარ თქვენი სიმღერებით გავარვარებულიო.
კომუნისტების პერიოდში სიღნაღში გამოდიოდა გაზეთი ,,კოლმეურნე", რომელსაც რედაქტორობდა მწერალი ლერი ბეგიაშვილი. ერთხელ ბატონმა ლერიმ მორის ფოცხიშვილი რთველში დაპატიჟა და დედაც მიიწვია, მეც თან ვახლდი. პოეტის ქალიშვილი თამრიკო და მე ცხენზე შეგვსხეს და სოფელში გაგვასეირნეს. დედას პოეტმა თავისი ლექსების კრებული აჩუქა წარწერით: ,,ვარა ჩახვაშვილს, ჯანგულოვანი ხმის მქონეს სირინოზს".
ანზორ ერქომაიშვილი გულში ჩაიკრავდა ხოლმე დედას და ეუბნებოდა, ჩემი ტკბილხმიანი მომღერალიო.
არც ერთი ვანოობა არ ჩატარებულა ვარვარა ჩახვაშვილის გარეშე. სწორედ ამ სახალხო დღესასწაულზე შეასრულა პირველად პოეტ იოსებ ნონეშვილის ლექსზე სიმღერა ,,თუ არ გინახავს სიღნაღი, ძველი ქალაქი მთაზედ". ნონეშვილიც გაოცებული დარჩა, ისე დაატყვევა დედამ მსმენელი.
- ვარვარა ჩახვაშვილს მუსიკალური განათლება რატომ არ ჰქონდა?
- დედა ქალაქ სიღნაღში დაიბადა, ვანო ყაითმაზოვის ოჯახში. პაპა ცნობილი მეგარმონე და მეწაღე იყო. მამისგან ისწავლა დედამ ფეხსაცმლის კერვა. პირველ კლასში მისი შეკერილი ფეხსაცმელები მეცვა. ბებიაჩემი კარგად უკრავდა დაირას. დედა პატარა და-ძმებს ჩაამწკრივებდა და ამღერებდა. თუ შეეშლებოდათ რაიმე, წაუთაქებდა ხოლმე. ბავშვები თავს იმართლებდნენ, გვცემს და როგორ ვიმღერებთ კარგადო? სამი წლის რომ ყოფილა, მაღალი სიცხე ჰქონია, გავარვარებულს გიტარა მოუთხოვია. ბებოს და პაპას დედამდე სამი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი და შეშინებულებს სურვილი სწრაფად აუსრულებიათ. გიტარის დანახვაზე ავადმყოფი ბავშვი წამომჯდარა, სიმებისთვის ხელი ჩამოუკრავს და დაუწყია დაკვრა. სიცხესაც დაუწევია. სახლში კონცერტებსაც მართავდნენ: ბაბო დაირაზე უკრავდა, პაპა - გარმონზე, დედა გიტარაზე და ბავშვები მღეროდნენ. სკოლის შემდეგ დედამ საბუღალტრო კურსები დაამთავრა და ჯერ რაიონის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ სამუსიკო სასწავლებლის ბუღალტრად მუშაობდა. დედას ჯილდოები, სიგელები და მედლები სიღნაღის მუზეუმში ინახება.
1966 წელს სიღნაღში გაიხსნა სამუსიკო სასწავლებელი და დირექტორად კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი დანიშნეს. დედას ურჩევდნენ, კონსერვატორიაში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ბატონი კაკო წინააღმდეგი იყო - ვოკალზე რომ ისწავლო, კლასიკურ სიმღერებს მიეჩვევი და ღვთისგან ნაჩუქარი ტკბილი ხმა აღარ გექნებაო...
სტუდენტი ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. თავი რომ გაგვეტანა, დედამ ჩუსტებისა და ღამის პერანგების კერვა და გაყიდვა დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, სიმღერის გარეშე დედა არ მახსოვს. ამბობდა, სიმღერაა ჩემი ქონება და მასთან ერთად საქმის კეთება მიადვილდებაო.
დედამ ნოტები არ იცოდა. შვიდსიმიან გიტარაზე სმენით აწყობდა სიმღერებს. ერთხელ ვთხოვე, გიტარაზე დაკვრა ესწავლებინა. მითხრა, ვერ ისწავლი და ტყუილად დროს დაკარგავო. განაწყენებულმა მეც სმენით ვისწავლე. როცა მასთან დავუკარი, შემაქო, მე ეგრე კარგად არ გამომდისო. მას შემდეგ თვითონ გიტარას აღარ უკრავდა და მთხოვდა, შენ დაუკარიო. ხშირად უთქვამს გულდაწყვეტით, ნეტავ კონსერვატორიაში ჩამებარებინაო. მუსიკოსობა არასდროს მნდომებია, მაგრამ დედას ხათრით ჩავაბარე კონსერვატორიაში. ოჯახში დედაჩემის ნამღერი მხოლოდ რამდენიმე სიმღერა შემოგვრჩა. მაშინ ტექნიკა ასეთი მრავალფეროვანი არ იყო და ვერ ჩავიწერეთ.
დედა 72 წლისა გარდაიცვალა. იმ დროს მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდნენ. საზოგადოებრივი ტელევიზიიდან რეჟისორი ბორია მარგველაშვილი ჩამოვიდა. ჩვენთან ცხოვრობდა და ერთად წერდნენ სცენარს. დედა ძალიან ნერვიულობდა. იმ დღეს ფილმის სცენარის შესათანხმებლად რეჟისორთან ერთად სიღნაღის მერთან წავიდა. მისაღებში იჯდა, ინსულტი რომ დაემართა. სიღნაღის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პროფესორი თბილისიდან საკუთარი ხარჯით ჩამოუყვანა, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. მისი ცხოვრება სიმღერით დაიწყო და სიმღერის გამო გარდაიცვალა.
ნელი ვარდიაშვილი