Duty Free ენგურზე, სამორინე - გალში
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთი Duty Free-ს გახსნას გეგმავს. აფხაზური მედიის ცნობით, არსებობს პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც კომპანია „Куазан МБТ“-ს ენგურის ხიდთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მაღაზიის გახსნის ნებას აძლევს.
ინტერნეტგამოცემის ცნობით, მშენებლობა უკვე დაწყებულია. აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის, მათ შორის, გალელების თქმით, პირველ მაღაზიაში ფასები იმდენად მაღალია, რომ გამოუვალი სიტუაციის გარდა, იქ რამის შეძენა შეუძლებელია. სურსათის, სასმლის, სუვენირებისა და სხვა ნივთების ფასი ევროებშია, მაგრამ მის ეკვივალენტს რუბლით იხდიან.
ე.წ. სამთავრობო მედიის ცნობით, "მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის პირველი მაღაზიიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მდებარეობს. მას იგივე კომპანია აშენებს და იმავე სახეობის პროდუქცია გაიყიდება".
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Duty Free-ს გასახსნელად შპს „Куазан МБТ“-ს სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური საქმიანობის ნებართვა მისცეს. კომპანიამ სამუშაოები თავის ხარჯით უნდა აწარმოოს საბაჟო-გამშვები პუნქტის საბჭოსთან შეთანხმებით, "გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მოქმედი სამსახურების საქმიანობის შეფერხების გარეშე. ასევე, კომპანიამ სამუშაო განრიგი, საქონლის შემოტანის, შენახვისა და გაფორმების პროცედურა საგუშაგოს საკოორდინაციო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს".
"იდუმალი" კომპანია „Куазан МБТ"
როგორც აფხაზები ამბობენ, Dუტყ Fრეე-ს მაღაზიების გახსნა აფხაზეთის ე.წ. საზღვრებთან უფრო იმიჯის ნაწილია, ვიდრე საჭიროება. მსგავსი მაღაზია არის ფსოუს საზღვარზეც, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს გაიხსნა და მის ძმას ეკუთვნოდა. მაშინ ხაჯიმბას ოჯახურ ბიზნესზე ოპოზიცია და მედია ხშირად ლაპარაკობდნენ, თუმცა ხაჯიმბას ძმას კომენტარი არასდროს გაუკეთებია. მაშინ აფხაზები წერდნენ, რომ ხაჯიმბას ძმის მაღაზიაში თავდაპირველად ლატვიიდან ჩამოტანილი საქონელი იყიდებოდა და ფასებიც მისაღები იყო, თუმცა თანდათან რუსულმა და ბელარუსულმა იმძლავრა და ფასებიც "მოსკოვური" გახდა.
ამიტომაც უყურებს ეჭვით აფხაზების ნაწილი ენგურის ხიდთან სავაჭრო ობიექტების აშენებასაც, მით უმეტეს, კომპანია "Куазан МБТ"-ზე, რომლის სახელიც აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, აქამდე არავის სმენია.
"არავინ იცის, ეს კომპანია როდის შეიქმნა, ასე სწრაფად როგორ მოიკიდა ფეხი, რომ ამხელა ობიექტებს აშენებს... გასაგებია, რომ ევროპული ინვესტიცია აფხაზეთში არ შემოვა, მაგრამ რა ვიცით, კომპანია "Куазан МБТ"-ზე, მისი მფლობელის ვინაობაზე არაფერია ცნობილი. სახელი მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ წარმოშობით ტყვარჩელის სოფელ კუაზანიდან არის, რომელიც მიწასთან გასწორებულ, მოჩვენებების ქალაქად ქცეულ აკარმარას ესაზღვრება... ამ კომპანიის არც ერთი ანგარიში ან სხვა ცნობა, გარდა ამ სავაჭრო ობიექტებისა, ინტერნეტში არ იძებნება, რაც ნიშნავს, რომ კომპანია Dუტყ Fრეე-ს აშენებისთვის დააარსეს. ანქვაბს არ უჭირს კომერციული პროექტების გათვლა, მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდა მმართველები, ისეთი როგორიც არის ინალ არძინბა (რომელიც ენგურის ხიდზე კედლის აღმართვას ითხოვს), მისი წინააღმდეგები არიან. როგორც ჩანს, "რკინის ალიკამ" ვითომ დომინანტი ახალგაზრდული გუნდი ფაქტის წინაშე დააყენა. საერთოდ კი, შთაბეჭდილება მრჩება, რომ პატარა აფხაზეთის მმართველობა ორ ფრთად არის გაყოფილი და მათ შორის შუამავლობას ასლან ბჟანია ცდილობს, ოღონდ არცთუ შედეგიანად.
სხვა რა ჰქვია იმას, რომ მშენებლობის ნებართვა იდუმალმა კომპანიამ მიიღო. კომპანიის მფლობელების შესახებ მხოლოდ სახელით შეიძლება მსჯელობა... საქმე ის კი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი მომსახურებას უწევს თავის მხარდამჭერებს, არამედ ის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებში შეუსაბამობები აშკარაა... პარალელურად, ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ უბაჟო მაღაზიების არსებობა უარყოფითად აისახება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე. ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა დაიცვას ბიუჯეტის ინტერესები? არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ სავაჭრო ობიექტებით პრემიერ-მინისტრი და მისი მხარდამჭერი გუნდია დაინტერესებული, რომლის გავლენას ინალ არძინბას ფრთა, ჯერჯერობით, ვერაფერს დააკლებს", - წერს აქტივისტი ირაკლი აშუბა.
გალელი, რომელიც ქართულ მხარეს კვირაში ერთხელ მაინც გადმოდის, "კვირის პალიტრას" უყვება, რომ ჭუბურხინჯში გახსნილ მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ აფხაზეთიდან გამსვლელებს, "საპასპორტო შემოწმების" გავლის შემდეგ შეუძლიათ.
"ახლომახლო ვალუტის გადამცვლელი ობიექტი არ არის, ფულის გადახურდავება შეუძლებელია. ვისაც რუბლი არა აქვს, ვერაფერს იყიდის. არადა, ეს მაღაზია ძალიან საჭიროა მხოლოდ გალელებისთვის კი არა, აფხაზებისთვისაც, რომლებიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ხშირად კვეთენ ენგურის ხიდს. დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნივთების გადმოტანა ქართულმა მხარემ შეზღუდა, ამიტომ სოხუმის, ოჩამჩირის, ბიჭვინთის თუ სხვა აფხაზური ქალაქების მოსახლეობას უფრო ხშირად უწევთ ქართულ მხარეს გადმოსვლა.
ბოლო დღეებში ენგურისკენ მომავალი გზის პარალელურად ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. როგორც ამბობენ, ეს ავტობანი იქნება ტრაილერებისა და დიდი სატვირთო მანქანებისთვის. მოსალოდნელი სიახლე ზოგს ძალიან გაუხარდა. ამბობენ, რომ "ხალხი საქართველოდან პროდუქტსა და ტვირთს მაინც ეზიდებოდა, ჩუმად, წვალებით, ახლა კი, თუ ამის ლეგალიზება მოხდა, ძალიან კარგი იქნება, რადგან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო აფხაზურ მაღაზიებში ქართული და თურქული წარმოების პროდუქციამ იმატა. სატვირთო მანქანებისთვის გზის გახსნა მათთვის შვება იქნება. ეს ინიციატივა ვიღაცებმა გააკრიტიკეს და "ქართული მხრიდან მომავალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ", მაგრამ ხალხს არსებობა ხომ სჭირდება", - ამბობს გალის მკვიდრი.
აზრთა სხვადასხვაობა
კიდევ ერთი Duty Free-ს გახსნას მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილის აზრით, რომ მათ აზრს ხელმძღვანელობა არ ითვალისწინებს და ეს დამამცირებელია, თუმცა მოსახლეობა იმდენად შეეგუა ყველაფერს, რომ პროტესტის გამოხატვის სურვილიც არა აქვს.
"კარგა ხანია ჩვენმა ხელმძღვანელობამ გვერდზე გაგვწია და არაფერს გვეკითხება. ჩვეულებრივი ვაჭრები გახდნენ, ვაჭარი კი აფხაზეთსა და აფრიკაშიც ერთნაირია... ვისთვის აშენებენ?.. დავიჯერო, ჩვენი ხალხი, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ და წამლის საყიდლად გადადის, იმ მაღაზიებში ყიდულობს რამეს, სადაც ერთი ბოთლი შამპანური 8 ევრო ღირს?.. როგორ თუ რუსეთი ბიჭვინთის აგარაკებს ყიდულობსო, და სკანდალი ატეხეთ. ახალგაზრდები ქუჩაში გამოცვივდნენ, თითქოს რუსეთი ბიჭვინთას კი არ არემონტებდა, რუსეთში წაიღებდა, ახლა კი ჩუმად ხართ... საბოლოოდ იმ ბანალურ ჭეშმარიტებამდე მივდივართ, რომ ფულს სუნი არა აქვს, არა?.. უკვე ისე გათავხედდნენ, სადაც უნდათ და რაც უნდათ, იქ ააშენებენ. მათთვის ყველაფერი ნებადართულია. ვინმემ იცის, ანქვაბის გვარი რატომ ფიგურირებს ამ დოკუმენტში? თუ ასეა, შეგახსენებთ, რომ მას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ქართველებსა და მათთან ასოცირებულ ბიზნესმენებთან", - წერს მარინა ტარბა.
თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ახალი ობიექტის აშენებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. "აშენებენ, არ მოგვწონს, არ აშენებენ, არაფერს აკეთებენო... ააშენონ, ამაში ცუდი არაფერია. ვიცი, რომ სიძვირეა. ახლობელმა მითხრა, ევრო კი აწერია, მაგრამ რუბლს იხდის ხალხიო. ჩვენ ხომ რუბლში ვიღებთ ხელფასებსა და პენსიებს. თუ იქით გადამსვლელი ადამიანი ცოტა ხნით შეისვენებს, წყალს იყიდის, ან ყავასა და ჩაის დალევს, რა არის ამაში ცუდი?.. გირჩევნიათ ყველგან ყველაფერი გადაყრუებული იყოს და ტურები კიოდნენ?.. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ნანგრევებში, დრო მიდის, თაობებს აქ დარჩენა აღარ უნდათ. იქნებ რამე შეიცვალოს. ცოტა წინ გაიხედეთ", - წერს ალან ტაბაღუა.
"მისარგებლია იმ მაღაზიით, სიძვირეა, მაგრამ შეიძლება რაღაცის ყიდვა. შენებაში პრობლემას ვერ ვხედავ... თქვენი პანიკები თქვენთვის შეინახეთ, ქართველების ნასახლარებით რომ ფულს აკეთებთ და მათ სახლებში ტურისტებს იღებთ, ის არ გაწუხებთ და ენგურის ხიდთან რომ მაღაზია ააშენონ, თავმოყვარეობა გელახებათ?.. რაც მეტი რამ აშენდება, მივესალმები", - წერს ლელა ასლანძია.
"აფხაზური პროექტი" - გალი, როგორც ექსტრემალური გართობის ადგილი
როგორც აპსნყპრესს.ინფო იუწყება, წელს ე.წ. ტურიზმის სამინისტრო საკურორტო სეზონის მომზადებას იწყებს. გალი, რომელიც რუსეთისგან ყველაზე შორს არის და იქ თითქმის არასდროს ჩადიან, რუსი ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს, რადგან ტურისტების 90% რუსეთიდან არის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კულტურის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა 90-იანი წლების ომის შემდეგ პირველად ჩავიდა გალის რაიონში და ამ საკითხზე გალის ადმინისტრაციის უფროსს კონსტანტინ ფილიას შეხვდა. ფილიას თქმით, გალში ბევრი რამ არის სანახავი. რაიონს 19-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი და ევკალიპტების ტყე აქვს, სადაც კემპინგების მოწყობა შეიძლება. როგორც შეხვედრაზე ფილიამ განაცხადა, ისეთ პროექტზე მუშაობს, რის გამოც შესაძლოა კრიტიკა დაიმსახუროს, მაგრამ ამას არ უშინდება - საუბარია გალში სამორინეს გახსნაზე. არადა, "აფხაზეთის კანონმდებლობით" რეგიონში აზარტული თამაშები აკრძალულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფილიას ე.წ. პროექტი, რომელმაც ბიუჯეტში შემოსავალი უნდა შეიტანოს, გალს არათუ დააახლოებს აფხაზეთთან, პირიქით, დააშორებს, რადგან იქაური მოსახლეობა სოფლის მეურნეობით ცხოვრობს და "აქ სამორინეს გახსნა, ყველანაირი კონტექსტიდან ამოვარდნილია". თუმცა, ფილიას თქმით, როდესაც ენგურის ხიდზე იხსნება თანამედროვე ტიპის სავაჭრო ობიექტები, Dუტყ Fრეე-ს რამდენიმე მაღაზია, მის სრულფასოვნად ამუშავებას აუცილებლად სჭირდება ბიძგი, ხალხმრავლობა, ამისთვის კი ეფექტური საშუალება იქნება სამორინე. "სამორინეში მისული ხალხი არც სავაჭრო ობიექტებში შესვლაზე იტყვის უარს და პირიქით, თუკი ჩვენ მას სწორად წარმოვაჩენთ. არის ზღვა, მშვენიერი სანაპიროთი, ვაპირებთ კემპინგების გაკეთებას... აქ ყველანაირი წინა პირობაა გართობისა და დასვენებისთვის და რატომაც არა?.. რაიონი გაცოცხლდება, ხალხი დასაქმდება. ამისთვის ძალიან კარგი ადგილია სოფელი პრიმორსკოე, რომელიც, მიუხედავად იმისა, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ტურისტებმა მასზე თითქმის არაფერი იციან", - ამბობს ფილია.
გალელები გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეახსენებენ, რომ აფხაზეთში აზარტული თამაშები სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის შემდეგ აკრძალულია.
"როდესაც საქმე ფულს ეხება, ჩვენი ხელისუფლებისგან კანონმდებლობაში ფურცლის ამოხევა არავის გვიკვირს, მით უფრო, თუ საქმე ნათესაურ კავშირსა და ახლობლობას ეხება... ფილიას თავისი არ უნდა გავატანინოთ... აფხაზეთში აზარტული ბიზნესი 2006 წლიდან აკრძალეს, რადგან ვალების გამო რამდენიმე ახალგაზრდამ თავი მოიკლა. აკრძალვა სწორია და უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ რომ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, ამის გამო ქუჩაში უნდა გამოვდიოდეთ. სამორინეში მხოლოდ რუსი ტურისტები კი არა, ჩვენი ახალგაზრდებიც ივლიან, "ფულიანი მამიკოს" შვილები და უფულოებიც, რომლებიც აუცილებლად იპოვიან ფულის უკანონოდ შოვნის გზებს - ყაჩაღობა და ძარცვა ისედაც არ გვაკლია. დაფიქრდით ამაზე. ამას ემსახურებოდა თითქმის უმოქმედო Duty Free-ს გახსნა, უნდათ ერთმანეთზე იყოს მიბმული. კონსტანტინე ფილია და ასლან ბჟანია ნათესავები არიან (ფილიას ძმისშვილი ბჟანიას ქალიშვილის ქმარია - ავტ.). ფილია ამ იდეაზე მასთან შეუთანხმებლად არ ისაუბრებდა. გასაგებია, რომ გალის რაიონი ბევრს არ გადარდებთ, მაგრამ საკუთარ ოჯახებზე მაინც იდარდეთ", - წერს ლარისა ხაჯიმბა.