ცეცხლის რკალი - უკრაინის გზა დამოუკიდებლობისკენ - კვირის პალიტრა

ცეცხლის რკალი - უკრაინის გზა დამოუკიდებლობისკენ

რუსეთში 1917 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. მეზობელ უკრაინაში ბოლშევიკების პოზიციები სუსტი იყო. უკრაინის ცენტრალურმა რადამ, სადაც ლიბერალები დომინირებდნენ, სირაქლემის პოზა დაიკავა - განაცხადა, რომ რუსეთის მთლიანობას ცნობს, მაგრამ არ აღიარებს ბოლშევიკების ხელისუფლებას. ლენინმა ამით ოსტატურად ისარგებლა და განაცხადა, რომ კიევი ცენტრალურ ხელისუფლებას, ანუ მოსკოვს, არ ემორჩილება და უკრაინაში ჯარი შეიყვანა. ასე დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთის წითელმა გვარდიამ კიევი აიღო. უკრაინის ცენტრალური რადა ჟიტომირში გადავიდა და დახმარებისთვის გერმანელებს მიმართა. გერმანელებმა წითლები გაყარეს და ცენტრალური რადის ხელისუფლება აღადგინეს. ამრიგად, უკრაინის დამოუკიდებლობა აღდგა, თუმცა მხოლოდ ფორმალურად.

გადატრიალება

გერმანიას არ სჭირდებოდა ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. მას მხოლოდ უკრაინული პური, ქვანახშირი და სალა სურდა. ამიტომ 1918 წლის 28 აპრილს გერმანელებმა ცენტრალური რადა გარეკეს და "სრულიად უკრაინის ჰეტმანის არჩევნები" ჩაატარეს. ეს პოსტი მსხვილ მემამულეს, გენერალ პავლო სკოროპადსკის ერგო.

"ცენტრალური რადის ლიდერებიდან გერმანელებმა მხოლოდ პეტლიურა დააპატიმრეს, გრუშევსკისა და ვინიჩენკოს კი ხელი არ ახლეს", - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

გერმანელებმა მასობრივად დაიწყეს გერმანიაში პურის, შაქრის, წიაღისეულის გაზიდვა. გლეხები, რომელთაც სურსათს ძალით ართმევდნენ, გერმანელთა წინააღმდეგ სიძულვილით განიმსჭვალნენ. უკრაინას სტიქიურმა აჯანყებებმა გადაუარა, მაგრამ გერმანელთა დახმარებით სკოროპადსკიმ ისინი ჩაახშო.

ჰეტმანსა და ხალხს შორის ხიდი საბოლოოდ ჩატყდა - ერთ მხარეს იყვნენ სკოროპადსკი თავისი სერდიუკებითა და გერმანელებით, მეორე მხარეს კი უკრაინელი გლეხები, ინტელიგენცია, სამღვდელოება, რომელთაც თავისუფლება სურდათ.

ტრაგიკული პიროვნება

istt3-1682876236.jpg

დიდი უკრაინელი მწერალი ვლადიმერ ვინიჩენკო უკრაინელების სამ ტიპს განასხვავებდა: მალოროსი, ხოხოლი და უკრაინელი. "მალოროსი ისაა, ვისაც უყვარს უკრაინული ისტორია, კაზაკური წარსული, მაგრამ უკრაინული სახელმწიფოებრიობისა არ სჯერა. ხოხოლი მხოლოდ საკუთარი სტომაქით აზროვნებს. ის სიტყვა უკრაინას პატარა ასოთი წერს, ძეხვს კი დიდით. უკრაინელი კი ის ადამიანია, რომელსაც უკრაინის თავისუფლების სჯერა და მზად არის ამისთვის თავი გაწიროს", - წერდა ვინიჩენკო

პავლო სკოროპადსკი (1873-1945) ცნობიერებით უდავოდ მალოროსი იყო - ძველი კაზაკური არისტოკრატიული გვარის შთამომავალი, პროფესიონალი სამხედრო, რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. სკოროპადსკიმ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ გენერლის წოდებას მიაღწია. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტი გახდა.

"მას მუდამ ახსოვდა, რომ უკრაინელია, მაგრამ რუსულ გარემოცვაში გაზრდილი. სკოროპადსკიმ არ იცოდა უკრაინული ენა, რუსეთის იმპერატორს კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და კარგა ხანს დემოკრატიული რუსეთისაც სჯეროდა", - წერს ვლადიმირ სერგიიჩუკი.

1917 წელს ცარიზმი დაემხო. სკოროპადსკიც აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. მიუხედავად ამისა, ის არ მალავდა შიშს უკრაინის დამოუკიდებლობის გამო: "საქმე იქით მიდის, რომ უკრაინა რუსეთს მოსწყდება. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა დამოუკიდებლობას", - თქვა ერთხელ სკოროპადსკიმ.

უკრაინამ დამოუკიდებლობა 1918 წლის იანვარში გამოაცხადა. მალე რუსეთ-უკრაინის ომიც დაიწყო. სკოროპადსკი რუს ბოლშევიკებს იარაღით ხელში ებრძოდა, მაგრამ არ მალავდა თავის ანტიპათიას არც ცენტრალური რადისა და არც მისი ლიდერების მიმართ.

როგორც აღინიშნა, რუსი ბოლშევიკები გერმანელებმა შეცვალეს და სკოროპადსკის ჰეტმანობა შესთავაზეს.

"ის ფორმალურად დამოუკიდებელი უკრაინის ჰეტმანი გახდა, თუმცა რუსეთთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. კიევიც რუსი ოფიცრებით თუ ინტელიგენციის წარმომადგენლებით გაივსო", - წერს სერგიიჩუკი.

რეფორმები

istt2-1682876236.jpg

სკოროპადსკიმ მემარჯვენე რეფორმები წამოიწყო და თავის გარშემო ძლიერი გუნდი შექმნა. მან განათლების რეფორმაც გაატარა. შედეგად, უკრაინაში შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ უნივერსიტეტს.

ამავე დროს ეს არ ცვლიდა სამწუხარო რეალობას: ქვეყანას გერმანელი ოკუპანტები განაგებდნენ. მათ ქვეყნიდან გაჰქონდათ პური, წიაღისეული, შაქარი, უკრაინას არ აძლევდნენ ჯარის შექმნის უფლებას. ამის ნაცვლად სკოროპადსკის მილიციური ტიპის ფორმირებები (სერდიუკები) ჰყავდა. ამას დაერთო ჰეტმანის კონფლიქტი უკრაინულ პარტიებთან, პოლიტიკოსებთან, ინტელიგენციასთან.

კრიზისი ღვივდება

1918 წლის შემოდგომაზე პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. გერმანია დამარცხდა. ახალ მსოფლიო წესრიგს ანტანტა ქმნიდა. გამარჯვებულმა ინგლისმა და საფრანგეთმა კატეგორიულად მოითხოვეს სკოროპადსკისგან ერთიანი რუსეთის პრინციპის აღიარება. სკოროპადსკი ყოყმანობდა.

ჰეტმანმა კვლავ სცადა უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებთან საერთო ენის გამონახვა. ის ციხიდან პეტლიურას გათავისუფლებაზეც დათანხმდა. სკოროპადსკის შეკითხვაზე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო, ყველა უკრაინელმა მოღვაწემ მიუგო:

- დამოუკიდებელი უკრაინა უნდა დავიცვათ!

სკოროპადსკის ამაზე მწარედ გაეღიმა. ვიბრძოლოთ? კი მაგრამ, რით? უკრაინას არც არმია ჰყავს, არც ეკონომიკა გააჩნია. შესაბამისად, ქვეყნის ხსნის ერთადერთი გზა რჩება: რუსეთთან გაერთიანება!

"1918 წლის 14 ნოემბერს სკოროპადსკიმ ხელი მოაწერა მანიფესტს, სადაც ნათქვამია, რომ ჰეტმანი დაიცავს ერთიანი რუსეთის ძლევამოსილებას, ხოლო უკრაინა შევა ფედერალურ კავშირში აღორძინებულ, არაბოლშევიკურ რუსეთთან", - წერს პროფესორი ივანისი.

ამან უკრაინელები აღაშფოთა.

როგორ? სკოროპადსკი დამოუკიდებლობაზე უარს აცხადებს და ისევ რუსეთს გვაბარებს?

და სკოროპადსკის განუდგნენ როგორც სერდიუკები, ისე მისი გუნდის ყველა პატრიოტი და ჰეტმანიც იძულებული გახდა რუსი თეთრგვარდიელების რაზმების ჩამოყალიბება დაეწყო. ამ უკანასკნელთ მხარი დაუჭირა ცალკეულმა გერმანულმა ნაწილმაც. მიუხედავად ამისა, მოვლენების შეჩერება უკვე აღარაფერს შეეძლო. უკრაინაში რევოლუცია დაიწყო.

უკრაინული რევოლუცია

აჯანყებულები პეტლიურას მეთაურობით კიევისკენ დაიძრნენ და სასტიკად დაამარცხეს რუსი თეთრგვარდიელებისა და გერმანელების გაერთიანებული რაზმები. უკრაინული არმია ზარ-ზეიმით შევიდა კიევში. 1919 წელს გამოცხადდა აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის გაერთიანება.

მალე უკრაინა ცეცხლის რკალში მოექცა. ჩრდილოეთიდან ქვეყანაში შეიჭრა რუსული წითელი არმია. დასავლეთი უკრაინა პოლონეთმა დაიკავა, ბუკოვინა - რუმინეთმა. უკრაინის სამხრეთში ანტანტის დესანტი გადმოსხდა. მან მთელ რეგიონში გააბატონა რუსი თეთრგვარდიელები.

უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობდა. მას სათავეში ეროვნული გმირი სიმონ პეტლიურა ჩაუდგა.

ეპილოგი

სიმონ პეტლიურამ თავი შესწირა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას და უკრაინელმა ხალხმა ის გმირად შერაცხა. დღეს კიევში არსებობს პეტლიურას სახელობის ქუჩა. ბევრ ქალაქში აღმართულია მისი ძეგლები. პეტლიურაზე გადაღებულია არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი.

სკოროპადსკი კი დარჩა ტრაგიკულ პიროვნებად. მას გულწრფელად უყვარდა სამშობლო (რაც დაამტკიცა კიდეც ემიგრაციაში), თუმცა მალოროსულმა ცნობიერებამ ხელი შეუშალა ჰეტმანს და ის ეროვნული ლიდერი ვერ გახდა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი