ბახმუტი - უკრაინული დონბასის მიწის მარილი და გული - კვირის პალიტრა

ბახმუტი - უკრაინული დონბასის მიწის მარილი და გული

ძირძველი უკრაინული ქალაქი ბახმუტი ახლა დონბასზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც ახლა ბახმუტისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - ორკებისგან ქალაქს მისი დამაარსებლების, კაზაკების, გმირი შთამომავლები იცავენ. დღეს ბახმუტში წყდება დონბასის გათავისუფლების ბედი.

რაც შეეხება ქალაქის ისტორიას, მისი დასახელება მომდინარეობს ადგილობრივი მდინარის ბახმუტისგან (ბახმუტკა), რომელიც მდინარე სივერსკი დონეცის შენაკადია, მაგრამ თვით სიტყვა ბახმუტი რას ნიშნავს, დანამდვილებით არავინ იცის. შუა საუკუნეებში ეს მიწები ოქროს ურდოს, მერე კი ყირიმის სახანოს ეკუთვნოდა. ლეგენდის მიხედვით, სახელი "ბახმატი" მდინარეს თურქული მოდგმის მომთაბარეებმა მისცეს (ანდა შესაძლოა ყირიმის ხანების დინასტიის, გირეების შთამომავლებმა). მიაჩნიათ, რომ ადრე ბახმატი წყალს, პატარა მდინარეს აღნიშნავდა, თუმცა მერე ეს მნიშვნელობა დაკარგა, სიტყვა კი უკრაინული წარმოთქმისთვის შესაფერის ბახმუტად ტრანსფორმირდა.

არსებობს სახელის წარმოშობის სხვა ვერსიაც. კერძოდ, მდინარის სახელი წარმოიშვა სტეპის ველური, დაბალტანიანი ცხენის სახელისგან "ბახმატი". აგრეთვე არის მოსაზრება, რომ ბახმუტი მომდინარეობის თურქულ ტომებში გავრცელებული სახელიდან მაჰმუტი/მაჰმუდი, რომელიც მუჰამედის ვარიანტია.

პირველად ბახმუტი როგორც დასახლებული პუნქტი 1571 წელს იხსენიება. ისტორიკოსთა აზრით, ქალაქი ზაპოროჟიეს კაზაკების საზამთრისების ტერიტორიაზე დაარსდა და ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას უკრაინელები წარმოადგენდნენ.

კაზაკების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა მარილი, რომელიც უხვად მოიპოვება ბახმუტისა და სლავიანსკის შემოგარენში. ისტორიამ შემოინახა მარილის მოპოვების თარიღი და მისი ორგანიზატორის სახელი - ეს არის 1683 წელი და კაზაკი ემელიან ბიურიკოვი.

მარილწყალი დიდ ტაფებზე (სკოვოროდა) იხარშებოდა. შესაძლოა ამ ტაფებისგან (სკოვოროდებისგან) მომდინარეობს ძველი კაზაკური გვარი სკოვოროდაც. ყოველწლიურად აქ 10 ათასამდე კაცი ჩამოდიოდა. იმ დროს მარილი თეთრ ოქროდ ითვლებოდა. ამიტომაც მარილის ქარავნებს ხშირად თავს ესხმოდნენ თათრები და ყაჩაღები.

ეს იცოდა მოსკოვიტების მეფე პეტრე პირველმა, რომელმაც ბრძანა მარილის სარეწების ნაციონალიზაცია, რამაც ძალიან გაარისხა კაზაკები, მაგრამ აჯანყება ჩაახშვეს.

1701 წელს ბახმუტში დაიწყო ციხესიმაგრის აშენება, რომელიც 1703 წელს დამთავრდა. რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვიტებს ბახმუტის კაზაკები აუჯანყდნენ, მათ სტარი სალტოვის მკვიდრი კონდრატი ბულავინი წინამძღოლობდა. აჯანყება ომში გადაიზარდა და აჯანყებულებმა თანამედროვე ლუგანსკის ოლქში თავად დოლგორუკის რაზმი, ათასობით მოსკოვიტი ამოხოცეს. სლობოდის კაზაკებს მალე ზაპოროჟიესა და დონის კაზაკები და თათრები შეუერთდნენ. მათ შექმნეს ანტიმოსკოვური კოალიცია, რომელიც თავზარს სცემდა მტერს. მოსკოვის მეფეს დიდი რესურსის დახარჯვა დასჭირდა აჯანყების ჩასახშობად. 1708 წლის 17 ივლისს ბახმუტი აიღეს და სასტიკად დაარბიეს.

მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ბახმუტი ხდება ე.წ. სლავიანოსერბეთის ცენტრი და ახალი საცხოვრებელი იმ ბალკანელებისთვის, რომლებმაც რუსეთის იმპერატორის მოწვევით დატოვეს თავიანთი მიწები, რომლებიც ოსმალებისა და ჰაბსბურგების ხელში იყო.

1719 წელს ბახმუტი ხდება ბახმუტის პროვინციის ცენტრი აზოვის გუბერნიის შემადგენლობაში, ხოლო 1783 წლიდან - ეკატერინოსლავის გუბერნიის სამაზრო ქალაქი. 1780 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის დაპყრობის შემდეგ ბახმუტი კარგავს დიდი სასაზღვრო ციხესიმაგრისა და მარილის სარეწების ქალაქის სტატუსს, თუმცა 1715 წელს აქ მარილსახდელი ქარხანა გაიხსნა. დამტკიცდა ბახმუტის გერბი და მარილი მისი ნაწილი გახდა - მარილის ალქიმიური ნიშანი მწვანე და შავ ველთა შორის.

1721 წელს ქალაქის შემოგარენში ქვანახშირი იპოვეს, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისში თიხის, ქვიშის და თაბაშირის ბუდობები.

1897 წელს რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად, ბახმუტის მაზრის მოსახლეობის მინიმუმ 58% უკრაინელი იყო, ხოლო რუსულენოვანი მხოლოდ 31%.

1917 წლის რევოლუციის დროს ბახმუტი გახდა დონბასში უკრაინული ცხოვრების აღორძინების ცენტრი. უკრაინელები აქ აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ. ბახმუტში მოქმედებდნენ უკრაინის სამაზრო საბჭო "პროსვიტა", თავისუფალ კაზაკთა რაზმები. 1917 წლის 7 ნოემბერს ბახმუტის სამაზრო გამგეობის შენობაზე აღმართეს ლურჯ-ყვითელი, პირველი ეროვნული უკრაინული დროშა. დეკემბერში კი ბოლშევიკებმა ქალაქი დაიპყრეს.

1918 წლის აპრილში ბახმუტი ბოლშევიკებისგან გაათავისუფლა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ზაპოროჟიეს კორპუსმა, ხოლო გეტმანის გადატრიალების შემდეგ, ქალაქში გერმანული ჯარი შევიდა. ამასთან, ბახმუტი პეტლიურას ერთგული რჩებოდა. სიტუაცია მხოლოდ 1918 წლის ნოემბერში შეიცვალა, როდესაც გერმანულმა ჯარმა უკრაინიდან გასვლა დაიწყო. შემდეგ ქალაქი დაიკავეს ატამან კრასნოვის რაზმებმა, მერე კი ისევ ბოლშევიკებმა.

1920 წლიდან ბახმუტი ხდება საბჭოთა დონეცკის ოლქის დედაქალაქი, ლუჰანსკის ნაცვლად. მაშინ დონეცკის ოლქი შეიცავდა არა მარტო დღევანდელი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებს, არამედ როსტოვის ოლქის ნაწილსაც, კერძოდ, ტაგანროგისა და შახტის ოლქებს, რომელთა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინელები წარმოადგენდნენ.

1924 წელს ქალაქმა ბახმუტმა დიდი ხნით დაკარგა თავისი დასახელება. ბოლშევიკებმა მას "დონეცკი-კრივოი როგის რესპუბლიკის" დამფუძნებლის, ფიოდორ სერგეევის პატივსაცემად არტემი უწოდეს - ასე გახდა ქალაქი ბახმუტი არტემოვსკი.

უკრაინული ხელისუფლება ბახმუტში მხოლოდ 1991 წელს დაბრუნდა, ხოლო ლურჯ-ყვითელი დროშა ამ ქალაქში მხოლოდ 1992 წლის 3 თებერვალს აფრიალდა.

ოლეგ პავლენკო