„დღეს თუ ყველაფერს ვუმკლავდები, ეს ქართული კალიგრაფიის დამსახურებაა“
"არის თუ არა ამჟამად კაცობრიობის ყველაზე რთული დრო? ალბათ, არის, რადგან ადამიანის არსებობისათვის ბრძოლას იმაზე მეტი და იმაზე ჭკვიანი მტერი ჰყავს, ვიდრე კაცობრიობა ოდესმე წარმოიდგენდა. მათ შორის, ჩვენი ერის არსებობასაც. არის თუ არა ამ ბრძოლაში ემანსიპირებული ქართველი ქალი? რა თქმა უნდა, არის და იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენი ერიც ოდესმე წარმოიდგენდა - ბევრ ქართველ ქალს შვილების და სამშობლოს მიტოვებაც მოუხდა გადარჩენისთვის. დანარჩენებმა იგივე ტვირთი სამშობლოშივე იტვირთეს. შესაძლოა გაცვეთილი გამოთქმაა, მაგრამ ისევ ქართველ ქალზეა ქვეყნის და ოჯახის გადარჩენის ტვირთი, ჩვენ ირგვლივ კი ასეთი უამრავი ქალია - თანამედროვეობა მხოლოდ უარყოფითი პერსონაჟებით არ არის სავსე", - გვწერს ნანუკა როსტომაშვილი, რომელიც სამი შვილის დედის, მარიამ რაზმაზიშვილის მძიმე განსაცდელსა და მის ძლიერებაზე გვიამბობს. ახალგაზრდა ქალის მეუღლე ავტოკატასტროფაში მოხვდა, რის გამოც კომაში დიდი ხნით ჩავარდა, მარიამს კი შვილებთან ერთად თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მანაც დეპრესიისა და გულგატეხილობის ნაცვლად, საკუთარ თავს ფეხზე მყარად დადგომა დაავალა და შეძლო კიდეც. მთავარი კი ის არის, რა დაეხმარა ამაში - ქართული ანბანი და მისი კალიგრაფია! თავად მარიამი სულ იმას იმეორებს, რომ არ კალიგრაფია, შესაძლოა დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი და ამას ჩემთვის ფსიქიკა ისე დაეზიანებინა, ფეხზე ვეღარ დავმდგარიყავი. თუ დღეს ყველაფერს ვუმკლავდები, ეს ქართული კალიგრაფიის დამსახურებაო.
მარიამ რაზმაზიშვილი: - განსაცდელი არავის უკვირს და მათ შორის არც მე, მაგრამ მაინც ძალიან ძნელი გადასატანია, როდესაც ცხოვრება თითქოს საყრდენს წუთებში მოგირყევს, თანაც ისე, რომ ხელმოსაჭიდებელს ვეღარაფერს ნახულობ და აღარც გგონია, ოდესმე თუ ნახავ. მართლაც ძალიან გამიჭირდა, როდესაც ჩემი მეუღლე კომაში იყო. სამი მცირეწლოვანი შვილი მე შემომყურებდა, რომელთაც მშობელი მუდამ სჭირდებათ და სასოწარკვეთით ვერ დააპურებ. ამიტომ რაიმე უნდა მეღონა, საყრდენი მომეძებნა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მაგალითად, უნდა მემუშავა და მეუღლისა და ბავშვებისათვის მომევლო. თუმცა საამისო ძალის მოსაძებნად რას უნდა დავყრდნობოდი, ეს აღარ ვიცოდი. თუმცა განგება ადამიანს უნუგეშოდ არ ტოვებს და მეც არ დამტოვა. ასე მიმიყვანა იმასთან, რამაც სტრესი დამაძლევინა - არც მეტი, არც ნაკლები, ეს ქართული კალიგრაფიაა, რომელიც მხსნელად არა მარტო მე, არამედ ჩემს შვილებსაც მოევლინა. მისმა შემკობამ, მასზე მუშაობამ გამაძლებინა. ვმუშაობ კიდეც, მაგრამ ამ საქმისთვის ძალას მუდამ ვპოულობ. ადამიანისთვის სულიერი ძალაა მთავარი, ის კვებავს ჩვენს ყოველ შესაძლებლობას. ამას ჯერ კიდევ "კორონას" დროს მივხვდი, როდესაც შინ გამოვიკეტეთ. ამას ყველანი განვიცდიდით, მაგრამ უფრო ბავშვები, რომელთათვის არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა. ამ დროს წავაწყდი ინტერნეტში ქართული კალიგრაფიის ნიმუშებს. იმდენად მიმიზიდა, რომ ეს ფენომენი დღემდე ვერ ამოვხსენი: ქართულ კალიგრაფიაზე თუკი რამე შექმნილა, ყველაფერი მოვიძიე: უძველესი და დღევანდელი უზადო კალიგრაფიული ნიმუშები, ვიდეოები, სადაც კალიგრაფიის სწავლა შეიძლებოდა. შემდეგ მოვისვი გვერდზე ჩემი შვილები და ქართული ასოების "ხატვას" შევუდექი. პირველი დღიდანვე უდიდესი ინტერესით უყურებდნენ და მეხმარებოდნენ. დღეს შვილები არიან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, ისინი მეხმარებიან. ამას წინათ, როდესაც კალიგრაფების გამოფენა გაიმართა, სამივე გვერდით მედგა: უფროსი გოგონა, რომელიც 12 წლის არის, და ჩემი 8-ისა და 5 წლის ბიჭები.
- არც მიკვირს. დღეს ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული კალიგრაფიით, თანამედროვე კალიგრაფიული ნამუშევრები კი მართლაც უზადოა. 19 წლის კალიგრაფის ნიკოლოზ ღუნაშვილის ქართული ასოებით მოხატული ტრამვაი სტრასბურგში რამდენიმე კვირა დადიოდა.
- ასეა. მაშინ კი არ ვიცოდი, თუ ამდენი ახალგაზრდა იყო დაინტერესებული ამ საქმით. აბა, საოცარი არ არის, რომ გაჯეტების ეპოქაში ქართული კალიგრაფია ამდენ ახალგაზრდას იზიდავს?! ვფიქრობ, ეს ქართული დამწერლობის გადარჩენის ძლიერი ინსტინქტის გამოვლინებაა. როდესაც გაჯეტების ეპოქაში ასეთი ინსტინქტი მუშაობს, ეს მიუთითებს, რატომ გადარჩა ჩვენი ერი და მისი ანბანი. მოკლედ, კალიგრაფიამ ისე "ჩამითრია", ახლა უკვე გამხმარი ყვავილებითაც ვაფორმებ ქართულ ანბანს.
ამ ყველაფერს ჩემი მეუღლის ავტოკატასტროფა დაემთხვა, როდესაც ვხვდებოდი, რომ კალიგრაფიაზე მუშაობის გარდა არაფერი დამამშვიდებდა, საათობით ვმუშაობდი. ამ დროს მელნით დასვრილი კალამი აღმოჩნდა ჩემი სამყაროსთან დამაბრუნებელი. მე კალმითა და მელნით აღვიდგინე სამყაროსთან ჰარმონიის სიხარული.
- როგორც ვიცი, კალიგრაფები ლითონის კალმითა და მელნით ხატავენ, რომლებიც ჩვენთან აღარ იყიდება.
- ასეა, ამიტომ კალამს გერმანიიდან ვიწერ, მელანს კი აქ ვყიდულობ. თუკი კალიგრაფია ისეთი ტემპით განვითარდა, როგორითაც დღეს ვითარდება, იმედია, კალიგრაფის კალამი ჩვენს მაღაზიებშიც გამოჩნდება.
- შვილების გარდა, ვის ასწავლით კალიგრაფობას?
- ჩემი შვილების მეგობრებს, მინდა მათ ისტორია გააგრძელონ. თითქოს მეც ვგრძნობ ამ ისტორიასთან კავშირს - მეც ვარ ის პატარა ნაწილი, რომელიც ქართულ ანბანს აგრძელებს. თუ ასეთები გახდნენ ისინი, ვისაც კალიგრაფობას ვასწავლი, ჩავთვლი, რომ ჩემი ამქვეყნად მოსვლის მისია შესრულდა.