„უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს“
ამ კვირაში პარლამენტში სესიები უნდა გაიმართოს, დღის წესრიგსა და ყურადღების ცენტრში საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მმართველი პარტია ისევ აცხადებს, რომ ოპოზიციას კომისიას მაინც არ შეაქმნევინებენ, ოპოზიცია კი დათმობას არ აპირებს და როგორც თავად ამბობენ, ისევ "ყაზარმულ რეჟიმზეა". პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, ორგანული კანონის სტატუსი აქვს, კანონთა იერარქიაში სხვა რიგით კანონებზე მაღლა დგას, "პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება (მუხლი 62)". ეს ჩანაწერი კი, იურისტთა განმარტებით, ნიშნავს, რომ პარლამენტის ერთ მესამედს, ანუ 50 წევრს, ოპოზიცია იქნება, უმრავლესობა თუ ორივე ერთად, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლია, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა. სწორედ ამიტომ სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ უმრავლესობის ეს ქმედება, 50 დეპუტატს საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას რომ არ აძლევს, პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, გამოსავალს კი იმაში ხედავს, რომ "პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსთხოვოს განმარტება, შეუძლია თუ არა პარლამენტის უმრავლესობას ასეთი "ბოიკოტით" უარი თქვას კონსტიტუციით დაკისრებული სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაზე".
- ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს და როგორც ჩანს, არც აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას, სამართლებრივად რას ნიშნავს და ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს?
- პარლამენტის წევრობა არა მარტო უფლებაა, არამედ ვალდებულებაც და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურებულია, მათ შორის, სხდომების გაცდენის გამო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რომ განიხილება თუ სხვა - ანუ ეს სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილია, პარლამენტის წევრობა ვალდებულებაცაა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან არის თუ უმცირესობიდან, ვალდებულებები აქვს. ამასთან, უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრებს უფრო მეტი ვალდებულება აქვთ, რადგან ისინი ერთად პასუხისმგებელი არიან ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილ მართვაზე. შესაბამისად, არა აქვთ თავისუფლება, რომ ბოიკოტის რეჟიმით იმოქმედონ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბოიკოტი თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ შენ შენი მოსაზრება ვერ გაგაქვს და ამიტომ ერთხანს რაღაც მოსაზრებით არ მონაწილეობ პროცესში. ამიტომ თეორიულად გამორიცხულია, რომ უმრავლესობას ამ მმართველობის ბოიკოტირების საშუალება ჰქონდეს. ეს არ იქნება ინსტიტუციის ბოიკოტირება, ეს იქნება მმართველობაზე უარის თქმა. უმცირესობის ბოიკოტსა და უმრავლესობის "ბოიკოტს" შორის ის განსხვავებაა, რომ უმრავლესობის "ბოიკოტი" მმართველობაზე უარს ნიშნავს, რაც კონსტიტუციით დადგენილ ვალდებულებაზე უარის თქმაა. საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს სტანდარტი, მართალია, მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირების კონტექსტში, რომ ეს არის ვალდებულება და მასზე უარის თქმა კონსტიტუციის დარღვევაა.
- უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს?
- რა თქმა უნდა. უმრავლესობა რასაც აკეთებს, რომ მიზანმიმართულად არ გადის რეგისტრაციას კენჭის ყრის წინ და ამას "პროცედურულ ომს" უწოდებს, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა. უმრავლესობის ქმედება კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაა ანუ კონსტიტუციის დარღვევა.
- ამ შემთხვევაში სამართლებრივად როგორი რეაგირებაა შესაძლებელი?
- პარლამენტის თითოეულ წევრზე რომ ვილაპარაკოთ, თუკი ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას რომელიღაც არ ასრულებს, ასეთ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ შეფასებისა და გადაწყვეტის პროცედურების საფუძვლები. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში შემავალი ცალკეული დეპუტატის მიმართ, ასე ვთქვათ, დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ წარიმართება, დავა ინსტიტუციური ხასიათის უნდა იყოს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ უფრო მეტად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კომპეტენციურ დავაზე საუბარი და კომპეტენციური დავის სუბიექტი ინსტიტუციურად პარლამენტია და არა პარლამენტის წევრი, უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის დარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოში ეს 50 დეპუტატი ვერ გაასაჩივრებს. უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, ნორმატიული აქტის, კანონის გასაჩივრება 50 დეპუტატს საკონსტიტუციო სასამართლოში შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია კომპეტენციის გასაჩივრება.
- გასაგებია, რომ კონსტიტუციით პოლიტიკურ კრიზისად ითვლება, როდესაც პარლამენტი მთავრობას ვერ ამტკიცებს, მაგრამ ხომ ფაქტია, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, მთავარი საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, გაჩერებულია და გამოსავალი რა არის? რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება, მართლა ივანიშვილმა ხომ არ უნდა უთხრას, კეთილინებეთ და ვალდებულება შეასრულეთო?
- ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტორმა გამოიყენოს თავისი უფლება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსთხოვოს განმარტება, შეუძლია თუ არა პარლამენტის უმრავლესობას ასეთი "ბოიკოტით" უარი თქვას კონსტიტუციით დაკისრებულ სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაზე. შესაძლოა ეს ზუსტი ფორმულირება არ არის, მაგრამ ამაზე დავა შეიძლება იყოს პერსპექტიული საკონსტიტუციო სასამართლოში, ოღონდ ვიმეორებ, არა პარლამენტის წევრთა მესამედის სარჩელით, არამედ შესაბამისი ინსტიტუციური სუბიექტის მიერ, როგორიც არის პრეზიდენტი. სხვათა შორის, ამავე საკითხზე სხვა სუბიექტებსაც აქვთ ამის უფლება, შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიმსჯელე პრეზიდენტზე, როგორც კონსტიტუციის გარანტორზე.
- ეს მოცემულობა შესაძლებელია საკანონმდებლო ხარვეზს დავაბრალოთ და შესაბამისად, გამოსწორებაზე ანუ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებაზე ვიფიქროთ?
- დემოკრატია არ არის მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი წაკითხვა და მისი შესაბამისად მართვა. დემოკრატია არის პასუხისმგებლობის ფარგლებში გააზრებული კომპეტენციები და ინსტიტუციური მოწყობა. თუკი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არა აქვს უმრავლესობას, მაშინ რა უნდა ჩაიწეროს კანონში? ის, რომ პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება გამოაცხადოს ბოიკოტი? თუ ასეთი ჩანაწერი გაკეთდეს, რომ უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრს არა აქვს ბოიკოტირების უფლება? ეს ხომ არაგონივრულია? ეს მხოლოდ ჩვენს კულტურაზე, პოლიტიკოსების კულტურაზეა დამოკიდებული და პარლამენტარიზმის ტრადიციებსა და სწორ გაგებაზე. კონსტიტუციით ეს საკითხი ვერ მოწესრიგდება. კონსტიტუციაში ასეთი დეტალური ჩანაწერები არ არის. კონსტიტუციაში თუ არ იქნება ჩანაწერი, მაშინ ვერც რეგლამენტში ჩაწერ, რადგან კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება და ავტომატურად ძალა არ ექნება. ასე რომ, ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ისტორიულად სამარცხვინო მოცემულობა შექმნა და არა მარტო საქართველოს, საერთოდ კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, დემოკრატიული მმართველობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ეს ჩემს ქვეყანაში ხდება. ასეთი ისტორიული გამოცდილება, ეს ქეისი, სხვა ქვეყნებში ვიღაცამ შესაძლოა სტუდენტებისთვის მაგალითადაც მოიყვანოს როგორც პარლამენტში მმართველი პარტიის ანტიკონსტიტუციური ქმედება. ამის წარმოდგენა ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასე იქნება.
რუსა მაჩაიძე