"არ მომისმენია ფორმულირება, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე ნატო"
ბოლო კვირის განმავლობაში "ქართული ოცნების" როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. საერთაშორისო პარტნიორებმა მათ რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა შეახსენეს. ხელისუფლება კი კვლავ ამბობს, რომ რეფორმები გატარებულია. შესრულება-არშესრულების საკითხი ძალიან მალე გახდება ცნობილი, როდესაც შეფასებები გამოქვეყნდება, მაგრამ მანამდე, სანამ ჯერ კიდევ არის დრო შენიშვნების გასათვალისწინებლად, ხელისუფლების პოზიციები რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა და როგორი შეიძლება იყოს საქართველოს როლი ახალ მსოფლიო წესრიგში, ამ საკითხებზე ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.
- ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია დიდწილად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული. საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა. ვიზიტები კარგია, აუცილებელი, მაგრამ თუ არ არის გამყარებული იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, მაშინ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ვიზიტებით რაღაც შეიცვლება. ამიტომ მთავარი ქვეყანაში სამუშაოა და რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ეს ყველაფერი ასახულია 12 პუნქტში. არა მარტო 12 პუნქტი, სხვა ბევრი გაიდლაინი და ვალდებულებაც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ გავიმეორებ, რაც არაერთხელ გვითქვამს - ამ ვალდებულებების შესრულება გვჭირდება ჩვენ და არა ვინმე სხვას, თუკი მართლა გვინდა ევროატლანტიკური სივრცის წევრობა.
ძალიან კარგია სტოლტენბერგთან შეხვედრა, მაგრამ სამუშაოა წევრ ქვეყნებთან, რადგან სტოლტენბერგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, გენერალურ მდივანს საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებაც კი არა აქვს. გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნები, მაგრამ ჩვენ სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ვიმეორებ, ვიზიტები კარგია, მაგრამ უნდა იყოს გამყარებული იმ კონკრეტული შიდაპოლიტიკური ქმედებებით და რაც მთავარია, იმ შედეგებით, რომელთაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან ელოდებიან.
- როგორც პრემიერმა შარშან განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნატოზე ვერც ვიოცნებებთ. ხელისუფლების ამ პოზიციის შემდეგ რამდენად სერიოზულია ჩვენი ნატოში ინტეგრაციის საკითხი? ჩანს, რომ ამ ერთ წელში რამე შეიცვალა?
- არასოდეს არც ერთ ფორმატში არ მომისმენია ფორმულირება, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე ნატო. საკითხი ასე არც ერთ ფორმატში ჩვენს პარტნიორებს არ დაუსვამთ. პირიქით, ნატოს ისტორიაში არსებობს პრეცედენტები, რომ ტერიტორიული პრობლემებით ქვეყანა ნატოში შედიოდა. ასე რომ, საკითხის ასე დასმა საფუძველშივე არასწორია. ეს ერთი და მეორე, ალბათ, ყველაზე მთავარი - 2002 წელს, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი ნატოს წევრობაზე, საქართველომ ჩაატარა წინასწარი კონსულტაციები და იმ სამიტზე, სადაც საქართველო მიიწვიეს, ჩვენი განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა. საქართველოს განცხადება გააკეთებინეს იმ დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკვე იყო დარღვეული.ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე ნატოო, ასეთი პირობა რომ ყოფილიყო, განაცხადსაც არ გაგვაკეთებინებდნენ და რომც გაგვეკეთებინა, არავინ მიიღებდა სერიოზულად. ასე რომ, საფუძველი ამ განცხადებას არა აქვს.
- ნატოში გაწევრების თაობაზე იმასაც ამბობენ, რომ ახლა დიდ პრობლემას ქმნის რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს რამდენად სერიოზული არგუმენტია?
- ვერ გავიზიარებ და საერთოდ, რას ეფუძნება, არ მესმის. უფრო ძლიერი სამხედრო ბაზები ედგა საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩვენ ხანდახან ჩვენითვე ვიგონებთ ხოლმე იმას, რასაც რუსები ვერ იგონებენ.
- რაც ახლა ქვეყანაში ხდება, თუნდაც პარლამენტში, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ადგილს როგორ განსაზღვრავს, ახდენს თუ არა ეს ყველაფერი არსებით გავლენას?
- ჩვენ ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, სტუდენტს საშემოდგომო რომ გამოჰყვება. ნაცვლად იმისა, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული რაც შეიძლება ამალე აღმოვფხვრათ პრობლემები და წინ წავიწიოთ, ვაგრძელებთ იმ დღის წესრიგით მოქმედებას, რაც ამ პრობლემების დაძლევას არ ემსახურება. ამიტომ ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მობილიზება რაც შეიძლება სწრაფად შედეგის მისაღებად.
ჩვენი ვიზიტების დღის წესრიგი უნდა იყოს აგებული იმაზე, თუ როგორ წავწიოთ ქვეყანა წინ, როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოება, როგორ გავაძლიეროთ ქვეყნის კეთილდღეობა და კიდევ უამრავი სხვა რამ, რასაც ახლა ვერ ვაკეთებთ, რადგან ჩვენთან სხვა პროცესი მიდის და გვიშლის ხელს იმის გაკეთებაში, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ეს არის მთავარი პრობლემა.
- სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ რუსეთს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის 130 მილიონ ევრომდე გადახდა დაეკისრა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ცხადია, სამართლებრივად და პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო პროცესებზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს?
- ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ასეთი ბევრი გვჭირდება, რადგან მართალია, რუსეთი დღეს არაფერს გადაიხდის, რადგან არ აღიარებს საერთაშორისო კონვენციებს, გამოდის ყველა შეთანხმებიდან, აუქმებს ყველა სასამართლოს იურისდიქციას და ა.შ., მაგრამ საქართველოს სჭირდება ძალიან მყარი და ძლიერი სამართლებრივი დოკუმენტები. რუსეთს, ადრე თუ გვიან, მოუწევს რეპარაციების გადახდა და აი, ამ მომენტისთვის უნდა ვიყოთ მზად, რათა ოკუპანტმა სახელმწიფომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად გადაიხადოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაუდენია.
- ყველა ელოდება უკრაინის გადამწყვეტი შეტევების დაწყებას. ამის პარალელურად პენტაგონის საიდუმლო მასალაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, იყო ამერიკული დაზვერვის შეფასებაც, რომ უკრაინაში ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის, სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად. გასაგებია, რომ ამ მასალებიდან ბევრი მიზანმიმართულად არის შეცვლილი, მაგრამ ომთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარება რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა?
- ის, რომ პუტინის რეჟიმი ბოლომდე იბრძოლებს, რადგან უკანდასახევი არა აქვს, ცხადია. პუტინმა თავად ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში. როგორც თავის დროზე ჰიტლერის რეჟიმი იბრძოდა ბოლომდე, ანალოგიური სიტუაციაა ახლა რუსეთშიც, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს. განსხვავება მათ შორის არ არის, არანაკლებ დანაშაულებს სჩადიან. ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია, რუსეთის რესურსებთან დაკავშირებით გაკეთებულ გათვლებს მოჰყვეს ისეთი ქმედებები, რომ ეს რესურსები შემცირდეს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ახლა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები რუსეთიდან ბირთვული საწვავის ექსპორტის აკრძალვაზე. იმედია, მალე დაიდება შეთანხმება და ეს აკრძალვა რუსეთს მძიმედ დაარტყამს. მიდის მუშაობა ასევე იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სანქციების რევიზია, თუ როგორ მუშაობს, სად არის ხვრელები, რათა მაქსიმალურად შეეზღუდოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლა.
- ჩინეთს ამ ყველაფერში რა როლი ექნება? რამდენად არის შანსი ომში რუსეთ-ჩინეთის ალიანსის შექმნის დასავლეთის წინააღმდეგ?
- ჩინეთი არის სტრატეგიულად შორსმხედველი ქვეყანა და ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები არ გადავა იმ ზღვარს, რომ ჩინეთ-რუსეთის სამხედრო ალიანსი შეიკრას უკრაინაში ომისათვის. ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს, რაშიც, სხვათა შორის, შედის ასევე რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება. ის დაელოდება ამ დროს და მერე გაცილებით მეტს მოსთხოვს რუსეთს. სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს ლიდერების შეხვედრა სწორედ ამას ადასტურებს, მათ შორის ის ფაქტი, პუტინს რა მოლოდინიც ჰქონდა ამ ვიზიტისგან, რომ ახალი მილსადენის გაყვანას მოეწერებოდა ხელი და ა.შ., რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს რუსეთისთვის, არ გამართლდა, ჩინეთმა უარი უთხრა. ცხადია, მათი ურთიერთობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩინეთი წითელ ხაზს არ გადავა და ამიტომაც ამ ურთიერთობებს მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ.
- ბოლო პერიოდში უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობა გააქტიურდა. რამდენიმე დღის წინ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარზეც გავრცელდა ინფორმაცია, რაც ომის დაწყებიდან პირველად მოხდა. ომის დასრულებაში ჩინეთის როლი როგორი შეიძლება იყოს?
- როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის დასუსტება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში პუტინი ძალიან თავხედურად ექცეოდა ჩინეთის ლიდერს. ეს გამოიხატებოდა ყველაფერში, მათ შორის იმაშიც, რომ ჩინეთის ლიდერი 4-5 საათი ალოდინა, რაც დიპლომატიურად ძალიან ცუდი ფაქტია და ა.შ. უკრაინაში ომმა კი ბევრი რამ შეცვალა და ახლა უწევს ამის საფასურის გადახდა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ პირებს შორის ურთიერთობის თემა. ჩინეთს სუსტი რუსეთი აწყობს. მას ყოველთვის გრძელვადიანი ინტერესები აქვს, განსაკუთრებით რუსეთის აღმოსავლეთ ტერიტორიების თაობაზე. იმავდროულად, ჩინეთის ინტერესებში შედის ის, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა ჭიდილმა დაასუსტოს დასავლეთიც, რომელიც უფრო დამყოლი გახდება ჩინეთის "ერთი გზა, ერთი სარტყელის"“ ინიციატივაზე.
- თუკი ომის დასრულებაში ჩინეთს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი მიენიჭება, საერთაშორისო დღის წესრიგს როგორ შეცვლის? დასავლეთი დაუშვებს ჩინეთის ასე გაძლიერებას?
- ომის დასრულებაში ჩინეთს გადამწყვეტი როლი ვერ ექნება, რადგან არ არის ისე აქტიურად ჩართული.
- არის მოსაზრება, რომ ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთი შესაძლოა ამერიკისა და ევროპის განხეთქილების მიზეზი გახდეს. რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე?
- ეს ძალიან კონსპირაციული თეორიაა და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, იმდენად არასერიოზულია. ევროპას ჩინეთთან თავისი ინტერესები აქვს, ამერიკას - თავისი, მიუხედავად ამისა, ამერიკა და ევროპა სტრატეგიული პარტნიორები არიან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის შესაძლოა მოსაზრებებში განსხვავებები იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი განხეთქილების ვაშლი გახდება მათ შორის.
- "ერთი გზა, ერთი სარტყელი" ახსენეთ და, საქართველოს როლი როგორი იქნება ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში თუნდაც ამ პროექტიდან გამომდინარე?
- სამწუხაროდ, ჩვენ ახლა არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რომელიმე ასეთ გლობალურ პროექტში წამყვანი როლი შევასრულოთ. რაც შეეხება მონაწილეობას, ჩაჯდება თუ არა მასში საქართველო და როგორ, ეს სულ სხვა თემაა. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე, რისთვისაც ურთიერთობების სწორად დალაგებაა საჭირო.
რუსა მაჩაიძე