რუსეთს სტრასბურგის სასამართლოსგან აქამდე „მისჯილი“ 2 მლრდ არ გადაუხდია და არც საქართველოსთვის დაიკლებს 129 მლნ-იან კომპენსაციას, თუმცა... - კვირის პალიტრა

რუსეთს სტრასბურგის სასამართლოსგან აქამდე „მისჯილი“ 2 მლრდ არ გადაუხდია და არც საქართველოსთვის დაიკლებს 129 მლნ-იან კომპენსაციას, თუმცა...

15 წლის წინანდელი აგვისტოს ომი, რომელმაც საშვილიშვილო პრობლემები დაგვიტოვა, დროდადრო ისევ გვახსენებს თავს - ამჯერად კი სასიხარულო ინფორმაციით, რადგან რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ოფიციალურად მიჩნეულ იქნა აგრესორად და ეს მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვები აღარ არის - რუსეთს საქართველოში შემოჭრისა და აქ ჩადენილი დანაშაულების გამო დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა თვით სტრასბურგის სასამართლომ.

ვინ არის ისეთი სტრასბურგის სასამართლო, რომ პუტინის რუსეთი დაადანაშაულოს და დაავალდებულოს იმის შესრულება, რაც თავის დროზე თვით გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ თუ სხვა გავლენიანმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს ისტორია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 1998 წლის 1-ლი ნოემბრიდან ფუნქციონირებს, სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1953 წლის 3 სექტემბრიდან, როდესაც ძალაში შევიდა ადამიანის უფლებების დაცვისა და ძირითადი თავისუფლების ევროპული კონვენცია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2009 წელს შეცვალა საჩივრების მიღების წესი, ის ექვს კატეგორიად ჩამოაყალიბა, რითაც გამორიცხა დროის დაკარგვა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებაზე, სამაგიეროდ, დააჩქარა ისეთი რეზონანსული საქმეების განხილვა, რომლებიც ერების გადარჩენასა და გენოციდის დონის დანაშაულებს ეხება.

რუსეთის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები 1998 წლის 5 მაისიდან ამოქმედდა და მას შემდეგ, 2022 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციას მომჩივნების (რომელთა დიდი ნაწილი თავად რუსეთის მოქალაქეები არიან) სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 2,02 მლრდ ევრო, საიდანაც რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 74 მლნ ევრო გადაიხადა. უფრო მეტიც, 2022 წლის 15 მარტიდან რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების შესრულებაზე.

რა სახის და რა ოდენობის კომპენსაცია დაუწესა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აგრესიული ქმედებებისთვის?

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში წერია, რომ „მოპასუხე სახელმწიფომ - რუსეთმა მომჩივან საქართველოს მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა, სულ მცირე, 50-მა მსხვერპლმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ სამოქალაქო პირების მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად და მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება ამ მკვლელობებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად განიცადა, სულ მცირე, 166-მა მსხვერპლმა, რომლებიც 2008 წლის 10-27 აგვისტოს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იყვნენ დაკავებული.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 640 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა ქართველი ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის, სულ მცირე, 16-მა მსხვერპლმა 2008 წლის 8-27 აგვისტოს ცხინვალში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 115 000 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა, სულ მცირე, 23 000-მა კაცმა ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, რომელიც ქართველებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაში უშლის ხელს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 8 240 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა, მინიმუმ, 412-მა მსხვერპლმა იმის გამო, რომ მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

გამოდის, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო საქართველოს კომპენსაციად საერთო ჯამში 129 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს!

ამასთან, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი აღარაა და მოპასუხე მთავრობის წარმომადგენლობას არ ეთანამშრომლა, არ წარმოადგენდა დაბრკოლებას საკითხი განეხილათ და ასეთი დადგენილება გამოეტანათ.

მოსალოდნელია თუ არა დღევანდელი რუსეთისგან, რომელსაც უკრაინის სრულად დასაპყრობად ისეთი მასშტაბის ომი აქვს გაჩაღებული, როგორსაც ევროპა მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ არ მოსწრებია, დანაშაულის აღიარება, 15 წლის წინ პატარა საქართველოში ტანკებით შემოჭრისა და საქართველოს მოქალაქეების (ეროვნების განურჩევლად) წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შებღალვისთვის?

მიამიტი არავინაა, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ამას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც სასაცილოდ აიგდებს... მაგრამ ეს დღეს...

ხვალ კი, თუკი უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიის ჩამოშლა დაიწყო უკრაინის განმათავისუფლებლების ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების შედეგად, რასაც აუცილებლად მოჰყვება პუტინის რეჟიმის შერყევა მთელ რუსეთში, შეიძლება ვიხილოთ 1917 წლისმაგვარი კადრები, როდესაც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან მასობრივად დეზერტირებული ჩამოძონძილი და მშიერი რუსი ჯარისკაცები შაშხანებს ერთ ყუა პურში ცვლიდნენ, მათ შორის მაშინდელი ტიფლისის ერევნის მოედანზეც.აი, მაშინ კი შესაძლებელი გახდება ამ და კიდევ სხვა კომპენსაციის მიღება დაშლის პირას მყოფი რუსეთისგან, რომელსაც მოუწევს დაგროვებული „ვალების“ გაცემა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნისთვის, რომელთა მიმართ ფარულ თუ ღია აგრესიას კრემლი 1991 წლის ბოლოდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, უკვე რუსეთის ფედერაციის სახელით განაგრძობდა სამ ათეულ წელზე მეტხანს.