უკრაინის არმიის კონტრშეტევები ყირიმის ხიდის აფეთქებით დაიწყება? - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიის კონტრშეტევები ყირიმის ხიდის აფეთქებით დაიწყება?

უკრაინელების მოსალოდნელ ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებაზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა, მაგრამ ეს თემა აქტუალურობას კი არ კარგავს, პირიქით, იძენს, რადგან ყოველდღიურად ახლოვდება ამის გარდაუვალობა.

გასაგებია, რომ უკრაინული მხარე არ ჩქარობს და გულდასმით ემზადება გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად, რადგან კონტრიერიშების მარცხის შემთხვევაში ოფიციალური კიევი ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება და იმის იმედი, რომ დასავლეთი ისეთივე მასშტაბით გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, სანამ, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოასწრეს მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა და დანაღმვა მათთვის საშიშ მიმართულებებზე, რაც უფრო გაართულებს შეტევებს.

მაგრამ ეს ყველაფერი კარგადაა ცნობილი უკრაინის გენშტაბისთვის, მათ შორის ნატოს თითქმის ამომწურავი ყოველდღიური სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ოპერატიული დაგეგმვის ოფიცრებმა დასავლელ კოლეგებთან ერთად ელექტრონულ რუკებზე არაერთხელ „გაითამაშეს“ მომავალი კონტრიერიშების სხვადასხვა ვარიანტი და მზად არიან დასაწყებად, ოღონდ წვიმების სეზონის დამთავრებისთანავე ნიადაგის გამოშრობას ელოდებიან არანაკლებ 30 სმ-ის სიღრმემდე, რათა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მინდვრებსა და სტეპებში მძიმე ჯავშანტექნიკას ტალახში ჩაფლობისა და მოწინააღმდეგისთვის უძრავ სამიზნედ აღმოჩენის შიშის გარეშე მანევრირების საშუალება ჰქონდეს.

უკრაინელი და დასავლელი გენერლების ერთობლივად დამუშავებული მოსალოდნელი კონტრიერიშების ერთ-ერთი გეგმა, დიდი ალბათობით, უნდა ითვალისწინებდეს ყირიმის ხიდის... მეორედ აფეთქებას, რაც ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადასვლის ერთგვარ სიგნალადაც უნდა იქცეს.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ლოგისტიკის ფუნქციონირებისთვის რუსეთის გენშტაბს მხოლოდ ორი სახმელეთო გზა აქვს - ყირიმის ხიდი და ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი.

ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადასვლის შემთხვევაში უკრაინის არმია უცილობლად შეუტევს მელიტოპოლი-ბერდიანსკის მიმართულებას სწორედ ამ სატრანსპორტო დერეფნის გადასაკეტად, მანამდე კი ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქებას შეეცდება, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რთულ ოპერატიულ ვითარებაში მოაქცევს. ამას დაემატება ყირიმში მცხოვრებ პრორუსი კოლაბორანტების პანიკა, ყირიმიდან სასწრაფოდ გაქცევად რუსეთის ტერიტორიისკენ, რაც ყირიმის ხიდის გავლით შეუძლებელი გახდება, ხოლო სამოქალაქო პირების მასობრივი მიძალება საზღვაო პორტებს ძალზე გადატვირთვას, რაც ხელს შეუშლის იქ რუსული სამხედრო ტვირთების ზღვით შეტანას.

რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავები ისედაც წელზე მეტია არ დაფრინავენ, ხოლო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით პრორუსული მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, ვთქვათ, როსტოვში, ძალზე მძიმე ტვირთად დააწვება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ხელს შეუშლის სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვებში.

შვიდი თვის წინ ყირიმის ხიდი მასზე მიმავალი დანაღმული სატვირთო ავტომობილის საშუალებით ააფეთქეს. როგორ მოხდება მეორე თავდასხმა რუსული აგრესიის სიმბოლოზე - ყირიმის ხიდზე, ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, ამჯერად ეს წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები იქნება.