ერთი ბევრის წინააღმდეგ - ქართველისთვის ჩვეულებრივი ამბავია! - კვირის პალიტრა

ერთი ბევრის წინააღმდეგ - ქართველისთვის ჩვეულებრივი ამბავია!

ბოლოდროინდელ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, პირიქითაც შეიძლება თქმა - ბევრი ერთის წინააღმდეგ... იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკოსები მოუმრავლდა: თუ ყველა მატჩში არ მონაწილეობს საგოლე შეტევაში, თუ პერსონალურ მეურვე(ებ)ს ყველა ცდაზე ვერ გასცდა­ და მით უმეტეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმაც გაუცუდდა, მორჩა: ზოგიერთისთვის მყისვე იქცა "საშუალო დონის ფეხბურთელად"!

თითქოს, მე ვარ ის ფეხბურთელი, რომლის დიდი დამსახურებაც არის, „ნაპოლიმ“ „სკუდეტო“ რომ გაინაღდა! რომელიც, ბოლო მატჩებშიც ლამის ყველაზე აქტიური იყო და უმკაცრესი მეურვეობის მიუხედავად, უამრავი წარმატებული დრიბლინგითაც დაგვამახსოვრა თავი და საუკეთესო შეფასება დაიმსახურა!

ოღონდ ეს წერილი არ ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას. მეტიც, ვეცდები, უახლოესი თვეების განმავლობაში აღარაფერი დავწერო ხვიჩაზე. კარგი იქნება, თუ (ცოტა ხნით მაინც) ყველანი შევეშვებით მის ქება-დიდებასა თუ დამუნათებას. ვაცალოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში. ნუ "ჩავყვებით" თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებაში. ნურც "გავაღმერთებთ" და ნურც დაუსაბუთებელი კრიტიკით ვატკენთ გულს.

შევთანხმდით - ხვიჩაზე აღარაფერს ვწერთ! ახლა კი ჩამოვთვალოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც კვარას "მილანურმა გალიამ", მანამდე კი "ატალანტას" კარში გატანილმა დიდებულმა გოლმა გაგვახსენა:

"უყურებ რვა მეტოქეს შორის მოქცეულ ფეხბურთელს და ფიქრობ: დაუჯერებელია. შეუძლებელია ეს შეტევა გოლით დასრულდეს", - მარკო ვან ბასტენმა ეს სიტყვები სწორედ ბერგამოს "ატალანტას" კარში ხვიჩას გატანილი გოლის შემდეგ თქვა.

sport4-1682882357.jpg
"უყურებ რვა მეტოქეს შორის მოქცეულ ფეხბურთელს და ფიქრობ შეუძლებელია, ეს შეტევა გოლით დასრულდეს!"

"შეუძლებელიაო"... ოღონდ ხვიჩა კვარაცხელიამ მაინც გაიტანა, თანაც, დიდებული გოლი! ისე ითამაშა, რომ ლეგენდარული ნიდერლანდელი თავდამსხმელიც გააოცა. რვა ბერგამოელი ფეხბურთელი და მეკარე საკმარისი არ გამოდგა. ცხადია, ერთდროულად ყველა ვერც შეუშლიდა ხელს, მაგრამ... ვინც ცდილობდა, ისინიც "სტატისტების" როლში დარჩნენ.

"შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი"... "ჩოუარა" კიდეც "ქორივით"! ისე, რომ მთლიანი კომპოზიციის ფოტოზე აღბეჭდვა ვერც ერთმა ფოტოკამერამ ვერ მოახერხა და რასაც ხედავთ, ვიდეოდან ამოჭრილი კადრია.

ერთი ბევრის წინაღმდეგ. ქართველებისთვის ჩვეული ამბავია. საუკუნეების განმავლობაში. გასული საუკუნიდან საფეხბურთო მოედანზეც. იქ, სადაც, არაორდინარული მოთამაშეების შესაჩერებლად სწორედაც ნახევარი გუნდია ხოლმე საჭირო. დროგამოშვებით ასეთი მომენტი იღბლიანი ფოტოკორესპონდენტის ობიექტივშიც ხვდება: მარადონა ბელგიის ნაკრებთან მატჩისას, ინიესტა (ყველაზე მეტჯერ!), მბაპე, კვარა და სხვ.

sport5-1682882357.jpg
მანუჩარ მაჩაიძე შვეიცარიელი "კალიების" გარემოცვაში

მაგრამ სანამ არგენტინელსა და ფრანგზე ვიტყვით, ჩვენი ვარსკვლავიც გავიხსენოთ: "ატალანტასთან" მატჩამდე 46 წლით ადრე კიდევ ერთ ქართველს შემოხვევია ნახევარ გუნდზე მეტი: 1977 წლის 23 ნოემბერი. გიორგობა. უეფას თასის 1/8 ფინალი - "დინამო" თბილისი-"გრასჰოპერი" ციურიხი. თბილისური კლუბის კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე კალიასავით შემოხვეული (გრასსჰოპპერ - კალია) შვიდი შვეიცარიელის გარემოცვაში. "დინამოს" სახელგანთქმული კაპიტნისთვის ბურთის წართმევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამის დასტურად, ეს ფოტოც კმარა...

დღეს, როცა ფეხბურთის თანამედროვე წესები და ტექნოლოგიები მოთამაშეებს მცირედი "კანონდარღვევის" შანსსაც არ უტოვებს, როცა დაცვას ლამის შეტევაზე მეტი ყურადღება ეთმობა, კიდევ უფრო განსაკუთრებული როლი შეიძინეს ფეხბურთელებმა, რომელთაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, მცველების თავის გარშემო კონცენტრირება, თანაგუნდელთათვის სივრცის გათავისუფლება შეუძლიათ.

მარადონა, მბაპე, მაჩაიძე - გვარის პირველი ასოსა და საოცარი ტექნიკის გარდა, ამ ფეხბურთელებს კიდევ ერთი რამ აერთიანებთ: შთამბეჭდავი ფოტო!

sport-1682882356.jpg
მბაპე ავსტრალიის ნახევარი ნაკრების წინააღმდეგ

"კატარი-2022"-ის დროს ავსტრალიასთან მარტივად მოგებულ (4:1) მატჩში კილიან მბაპემ გოლით და საგოლე გადაცემით ისახელა თავი. ოკეანეთის წარმომადგენლებმა ვერ, მაგრამ სამაგიეროდ, ფოტოკორესპონდენტმა სტეფან მაკარტიმ "გამოიჭირა" ფრანგი შემტევი: ხუთი ავსტრალიელის წინააღმდეგ მყოფი თავდამსხმელის ფოტო მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს!

ოთხი ათეული წლის წინ მსგავს ვითარებაში დააფიქსირეს დიეგო მარადონაც. 1982 წლის მუნდიალის მატჩისას "ფეხბურთის ღმერთის" წინააღმდეგ ბელგიის ლამის მთელი ნაკრები აღმოჩნდა. ფოტოს ნახვისას რჩება შთაბეჭდილება თითქოს ყველა ბელგიელი მოთამაშე მარადონას დასდევს, თუმცა იმ ეპიზოდში მსგავსი სუპერმეურვეობა ნამდვილად არ ყოფილა: არგენტინის ნაკრებმა საჯარიმო დარტყმა გაათამაშა, დიეგო კი მოწინააღმდეგის "ცოცხალი კედლის" წინ აღმოჩნდა და როცა ბელგიელმა ფეხბურთელებმა გაშლა დაიწყეს, სტივ პაუელის კადრში მარადონას პირისპირ აღმოჩნდნენ. საუცხოო ფოტოკადრის ავტორი პაუელი მალევე გახდა პოპულარული. მეტიც, XX საუკუნის მიწურულს "ბელგიელებთან მებრძოლი დიეგოს" ფოტო საუკუნის საუკეთესო სპორტულ ფოტოკადრად აღიარეს!

დრო მიდის, კადრები რჩება. ორმოცი წლის წინ გადაღებული ფოტო დღემდე პოპულარულია და სანამ ფეხბურთი და ფოტოგრაფია არსებობს, ასეც იქნება.

რაც შეეხება ანდრეს ინიესტას, ესპანელი ნახევარმცველი დიეგოზე (მბაპეზე, მით უფრო) ბევრჯერ მოხვდა ფოტოკამერის ობიექტივში. არა მარტო დიეგოსა და კილიანზე, ალბათ, ყველა სხვა ფეხბურთელზე ბევრჯერაც. ინტერნეტარქივში შესაძლებელია მოიძებნოს ორმოცდაათზე(!) მეტი ფოტო, რომლებზეც ინიესტას გარშემო 5-6 ფეხბურთელია თავმოყრილი. მაგალითად, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალის დროს გადაღებულ ფოტოზე ანდრესი ხუთი იტალიელის გარემოცვაშია. "ევრო-2012"-ის მატჩში, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ, ანდრეს ინიესტას ექვსი ბალკანელი შემოხვევია, მაგრამ... ამჯერადაც ისევე შეინარჩუნებს ბურთს, როგორც სხვა არაერთი "გამოუვალი" მდგომარეობისას.

დრო მიდის, კადრები კი რჩება...

sport3-1682882357.jpg
"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველა ბელგიელი მოთამაშე მარადონას დასდევს"

სანამ ფეხბურთი არსებობს, იქნებიან მარადონას, ინიესტას, მბაპეს, კვარაცხელიას მსგავსი მარგალიტებიც...

წლების გასვლასა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარებასთან ერთად, მსგავსი კადრების ხარისხიც მოიმატებს, მაგრამ... მთავარია, ფეხბურთი არ "გაციფრულდეს" ბოლომდე. მთა(ვარ)ია, VAღ (Vიდეო Aსსისტანტ ღეფერეე) ფეხბურთის მკვლელად არ იქცეს. მთავარია, ფეხბურთში სულ იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, გარშემო მოწინააღმდეგე მცველებს, ტრიბუნებზე/ტელეეკრანებთან კი მილიონობით გულშემატკივარს რომ შემოიკრებენ!

და რამხელა სიხარულია, როცა ვხედავთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი­ მოთამაშე ჩვენც გვყავს: ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია!