"თუ ძლიერი საპროტესტო ტალღა იქნება, ალბათ, "ქართულ ოცნებაში" ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შეცვლიან ბევრ წამყვან აქტორს"
გასული კვირა დიდი პოლიტიკური მისვლა-მოსვლით იყო გამორჩეული, ერთი მხრივ, "ქართული ოცნების" "ევროტურის" მომსწრენი გავხდით - როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. მეორე მხრივ, საქართველოს სტუმრობდნენ პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია. ვიზიტისას ის შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. "საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედია, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების გატარების საქმეში და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად", - განაცხადა გენმდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ბრძანა, რომ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, საქართველოს, როგორც ერთ-ერთ სანდო პარტნიორს, აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანაში. "ახლა აქტიურად ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, რაც მალე დასრულდება და დარწმუნებული ვართ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა მან. ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგსა და ბელგიაში მართავდა შეხვედრებს. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე მოუსმინეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავდა საპარლამენტო დელეგაცია. საქართველოს ხელისუფლების ევროპული ვიზიტების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- საქართველოს ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ აუცილებელია საქართველომ წლის ბოლომდე როგორმე მიიღოს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი სტატუსი და ეს ვიზიტებიც ამით არის განპირობებული. აკეთებენ იმას, რაც მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია. საკმარისი იქნება თუ არა, ვნახოთ... ბუნებრივია, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ევროპაში ხედავენ, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. სწორედ ამით აიხსნება ევროპელის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაუმტკიცოს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. საქართველოში მეტი დემოკრატიული რეფორმის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ევროკავშირის თუ ნატოს მაღალჩინოსნები. გაცილებით კრიტიკულია ცალკეული ევროპარლამენტარი, რომელთა მიმართ დელიკატურობით არც "ქართული ოცნების" ლიდერები გამოირჩევიან. პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ საქართველომ თუ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, "ქართული ოცნების" საქმე ვერ იქნება კარგად.
- ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ევროპელებს უმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია და რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ყველაფერი კეთდება, თუმცა, იმავდროულად, ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ, რომ სწორედ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ევროპამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიანიჭოს სტატუსი საქართველოს. "გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და სწორედ ამ პერსპექტივიდან გააცნობიეროს და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს საუბარი ღია კარზე, მხოლოდ წინსვლებზე. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელთაც ქართველი ხალხი ელოდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პრაღაში გამართული პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დასწრების შემდეგ. ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ხვდება, 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი, შეიძლება ითქვას, რომ "შეუსრულებელი მისიაა", მაგალითად, დეპოლარიზაცია და სასამართლო სისტემის რეფორმირება და ამგვარ განცხადებებს ამიტომაც აკეთებენ?
- დეპოლარიზაციის საკითხში ვერ დაგეთანხმებით. ჩემი აზრით, პოლიტიკურ ველზე ამ პროცესში წინსვლა ჩანს, შემოდგომასთან შედარებით დღეს გაცილებით უკეთესი ვითარება გვაქვს, ხელისუფლების დამხობასა და რევოლუციაზე აღარავინ ლაპარაკობს, თანაც დრო კიდევ არის, რომ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. პოლიტიკური ნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და თუ პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე ცოტას მაინც დაფიქრდებიან, შეუძლებელი არაფერი იქნება. გაცილებით რთულად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმე. პირადად მე ეს მართლაც შეუსრულებელი პირობა მგონია. ჩემი აზრით, იმაში, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, გარკვეულწილად ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბრალიც არის. სწორედ მათ მიერ მოთხოვნილი კოაბიტაციის გამო მოხდა ეს ერთგვარი გარიგება "ქართულ ოცნებასა" და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მოსამართლეებს შორის. ასე ჩამოყალიბდა დღევანდელი იუსტიციის საბჭო, რომელიც მართლაც კლანია და ყველაფერს აკეთებს თვითგადარჩენისთვის. კლანი ნებისმიერი პატრონის მოსამსახურედ იქცევა - ეს ხალხი თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებოდა, ახლა ემსახურება "ქართულ ოცნებას" და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყო. როცა სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, ჯერ სრული ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო ამ სისტემის და მერე დაეგეგმათ ეს ვითომ რეფორმები.
ამ სისტემაში რეალურად შეცვლის ერთადერთ გზად მიმაჩნია ყველა დონეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოტანა. მაშინ ვერავინ ვეღარ დააბრალებს სასამართლოს ვერც პოლიტიკური ინტერესების ზეგავლენით მოქმედებას, ვერც დაკვეთების შესრულებას და ვერც კორუმპირებულობას. ერთბაშად 12 კაცის მოსყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ის იურიდიული სისტემა გადაარჩინა, რომელიც თავიდან ბოლომდე კორუფციაში იყო ჩაფლული. ეს მექანიზმი უნდა კარგად დაიხვეწოს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გარდა, ყველგან ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
მოკლედ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაშიც იციან, რომ ამ სისტემაში რეფორმა ფასადურადაც კი ვერ მოესწრება და ნამდვილად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებით ცდილობენ ევროპას შეახსენონ საქართველოს როლის მნიშვნელობა რეგიონში. სხვათა შორის, პაპუაშვილმა იმაზეც ილაპარაკა, რომ არაერთ სფეროში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არათუ ჩამორჩება, უსწრებს და უსამართლობა იქნება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ თუ უთხრეს უარი. თუ ასე მოხდა, ვშიშობ, ეს ცუდი გზავნილი არ იყოს რუსეთისთვის და საქართველო კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაში არ აღმოჩნდეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში გამჭრიახობა ეყოფათ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო შეთანხმებებს დებს საქართველო და ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ მარტის აქციების შედეგად იმ ცნობილი კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ბევრად გაიზარდა, მაგრამ ვნახოთ... სამწუხაროდ, არავინ იცის, ჩვენი ხელისუფლება კიდევ რამდენ სისულელეს ჩაიდენს...გააგრძელეთ კითხვა