"ბიძინას შეუძლია ადამიანს, რომელიც დისკომფორტს უქმნის, დიდი ხნის განმავლობაში "ელოლიავოს", მოადუნოს ისე, რომ..." - კვირის პალიტრა

"ბიძინას შეუძლია ადამიანს, რომელიც დისკომფორტს უქმნის, დიდი ხნის განმავლობაში "ელოლიავოს", მოადუნოს ისე, რომ..."

გთავაზობთ ამონარიდს გია ხუხაშვილის წიგნიდან "კუ­ლი­სებს მიღ­მა - რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო", რომელიც გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობასა და განხეთქილებაზე მოგვითხრობს.

ბიძინას საჩუქარი

2011 წელს, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში რამდენიმეწლიანი მომთაბარე ცხოვრების შემდეგ, სოლოლაკში ბინის გაყიდვიდან მიღებულ თანხას დავამატეთ პირადი დანაზოგი, ავიღეთ კრედიტი და თაუნჰაუსის ტიპის დასახლებაში შევიძინეთ ერთი ბლოკი ცალკე შესასვლელით...

პრაქტიკულად პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ჩემი გადაწყვეტილებისთანავე, ბიძინამ დამიწყო იმაზე საუბარი, რომ დიღომი ძალიან შორს არის და სადმე მასთან ახლოს უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. გამოთქვა სურვილი, რომ მომეძებნა შესაბამისი ბინა, რომელსაც ჩემთვის შეიძენდა. მე ავუხსენი, რომ, ერთი მხრივ, სრულიად მაკმაყოფილებდა დიღომში ცხოვრება და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი იქიდან შუშის სასახლეში მგზავრობასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მისგან ასეთ ძვირადღირებულ საჩუქარს ვერ მივიღებდი, რადგან გამიჩნდებოდა იმ ტიპის ვალდებულება, რომელსაც შეეძლო საგრძნობლად დაეზიანებინა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა.

საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების განმავლობაში, ბევრი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ არასოდეს დავთანხმებულვარ ისეთზე, განსაკუთრებულ პირად ვალდებულებას რომ გააჩენდა და, შესაბამისად, დამაკარგვინებდა ე.წ. არჩევანის თავისუფლებას ურთიერთობებში...

მოკლედ, ეს პოლემიკა ჩემსა და ბიძინას შორის ამით არ დასრულებულა...ერთ მშვენიერ დღეს შემიყვანა თავის კაბინეტში და მითხრა, რომ როგორც ვიცი, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და დღესაც ეხმარება. დამიდასტურა, რომ, როგორც წესი, დახმარების მიღების შემდეგ მის მიმართ ამ ხალხის დამოკიდებულება იცვლება - თითქოს ურთიერთობა კარგავს გულწრფელობას და უშუალობას. მაგრამ იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარებოდა, მაგრამ მათ, კარგი გაგებით, "ისე გემრიელად შეირგეს" ეს ყველაფერი, რომ წარბიც არ შეუხრიათო. მერე დამისვა რიტორიკული კითხვა, თუ იცი რატომო, და თვითონვე უპასუხა - იმიტომ, რომ ისინი ნიჭიერი ხალხია და იციან თავისი ფასიო. მე ამ ადამიანებს არ დავასახელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ერთი დიდი რეჟისორია და მეორე დიდი მსახიობი იყო. მერე მითხრა: შენც ხომ ნიჭიერი კაცი ხარ და მოიხსენი ეს კომპლექსი. ამ საკითხს ასე შევხედოთ - შენ აკეთებ იმას, რაც შეგიძლია ჩემთვის, მე კი შენთვის ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, და ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ მაქვს ასეთი საჩუქრის გაკეთების საშუალებაო. ანუ, ამით ამიხსნა, რომ, თუ ბინას შემიძენდა, ეს მე არ მაკისრებდა არანაირ დამატებით ვალდებულებას, გარდა იმისა, რასაც ისედაც ვაკეთებდი საერთო საქმისთვის. დავთანხმდი.

კიდევ გვქონდა ბინის შერჩევის საკმაოდ უხერხული ეტაპი, როდესაც ხან სახლებს, ხან ზედმეტად ფეშენებელურ, ძვირადღირებულ ბინებს მთავაზობდნენ, რაზეც თავს ვიკავებდი. ბოლოს შევარჩიეთ ძალიან კარგი, მაგრამ შედარებით "მოკრძალებული" ბინა და ასე დავუბრუნდი სოლოლაკს.

ახალმოსახლეობა ბიძინასთან და ეკასთან, მომავალ პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, გამოჩენილ პოეტთან, ფილოსოფოსთან და ორ უახლოეს მეგობართან ერთად გავატარე ახალ სახლში...

დღესაც ბევრი უმადურობად მითვლის, რომ, მიუხედავად ამდენი საჩუქრისა, მე მაინც „ვბედავ და უმოწყალოდ“ ვაკრიტიკებ ბიძინას. ზოგი კი ამბობს, რომ, თუ კრიტიკა მინდა, ჯერ უნდა „დავუბრუნო ყველაფერი“ და მერე კი ბატონო... ბატონებო, თუ ეს ისტორია არ არის თქვენთვის საკმარისი არგუმენტი და ჩემგან კიდევ უფრო „მაღალ მორალურ სტანდარტს“ ითხოვთ, კიდევ ერთ მცირე განმარტებას გავაკეთებ: ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მატერიალური გაგებით რაიმე ვალი მაქვს და, თუ მაინცდამაინც ანგარიში უნდა ვინმეს დაიწყოს, კიდევ საკითხავია, ვის ვისი ვალი შეიძლება აღმოაჩნდეს, მე მისი თუ პირიქით. მე ეს არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ვფიქრობ, არც ბიძინა. ასეთი მიდგომა შეურაცხყოფდა ჩვენს ღირსებას და შეიძლება რთულ, მაგრამ საკმაოდ პროდუქტიულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას. რაც მთავარია, ბიძინამ ზედმიწევნით შეასრულა თავისი ვალდებულება ბოლომდე... აგიხსნით, რას ვგულისხმობ...

ალბათ გაგიგიათ, რომ ძალიან ბევრი ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკი იღებს ბიძინასგან „საჩუქრად“ ბინას შემდეგი წესით - აფორმებენ „"ქართუ ბანკთან" საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელიც დიდ ტვირთად არ აწვებათ, სანამ მის ორბიტაზე არიან და მის ერთგულებას ინარჩუნებენ. შესაბამისად, ეს ხდება გრძელვადიანი ლოიალურობის საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი. მე არ ვიტყვი, რომ ბიძინა ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ ეს კრედიტი არის ერთგვარი პოტენციური უღელი, რომელიც ურჩობის შემთხვევაში უცბად დაგედგმება კისერზე...

ჩვენი საჩუქარიც თავიდან კრედიტად გაფორმდა. ჩემი და ბიძინას გზები საბოლოოდ რომ გაიყო, ჩემს მეუღლეს ვთხოვე, მისულიყო „"ქართუ ბანკში", გადაემოწმებინა კრედიტის სტატუსი, რის შემდეგაც გადაწყვეტილი გვქონდა ბინის გაყიდვა და კრედიტის დაფარვა. მეუღლემ გაარკვია, რომ ჩვენი კრედიტი უკვე დაფარული იყო. ანუ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს იყო ნამდვილი საჩუქარი, რომელიც არც არასდროს დამიმალავს.

პირველი განგაში

... ისტორიას ისე მოვყვები, რომ კონკრეტულ მოქმედ პირებს არ დავასახელებ. მათი უმრავლესობა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკმაო პატივისცემითაც სარგებლობს. არ დავასახელებ იმიტომ, რომ ზოგიერთი შესაძლოა, შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და არ მინდა დაუმსახურებლად გაისვაროს.

მოკლედ, ჩემთან მოვიდა ერთი ბიზნესმენი და მიამბო: სასტუმრო "თბილისი მერიოტში"“გაიმართა შეხვედრა ერთ-ერთი ბიზნესსფეროს წარმომადგენლებსა და ახლად დანიშნულ ერთ-ერთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს შორის. მას შემდგომში პირობითად ვუწოდოთ "იქსი". მცირე არაფორმალური, არაფრისმთქმელი შეხვედრის შემდეგ, ეს უკანასკნელი ტოვებს შეხვედრას, მაგრამ იქ რჩება მისი მეგობარი, რომელიც ბიზნესმენის წარმოდგენით, პირდაპირ "საქმეზე გადადის" და იწყებს "გაიასნებას", თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მომავალში ხელისუფლებასთან...

...იმ დღესვე მოვუყევი ბიძინას აღნიშნული ინციდენტის შესახებ. ძალიან გაბრაზდა და მოითხოვა სასწრაფო რეაგირება. ამაზე ვუპასუხე, რომ ჯერ საჭირო იყო კარგად გავრკვეულიყავით, თუ რა მოხდა სინამდვილეში, და მერე შეგვეფასებინა ინციდენტში ამა თუ იმ პირის მონაწილეობის ხარისხი. ამაზე შევთანხმდით.მეორე დღეს მირეკავს საკმაოდ დაძაბული და მეუბნება, რომ თავი ვერ შეიკავა და შეხვედრის დროს "იქსს"“ პირში მიახალა ამ ინფორმაციის არსებობის თაობაზე. იქვე მითხრა, რომ "იქსის" მხრიდან ამას მოჰყვა ისეთი მწვავე რეაქცია, რომ მზად იყო გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.

ძალიან გამიკვირდა ბიძინას მხრიდან ესოდენ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი საქციელი, რადგან დღემდე მიმაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი უძლიერესი თვისება ზუსტადაც რომ სტრატეგიული მოთმინების უნიკალური უნარია. მას შეუძლია ადამიანს, რომელიც დისკომფორტს უქმნის და რომლის მოშორებაც აქვს გადაწყვეტილი, დიდი ხნის განმავლობაში "ელოლიავოს", მოადუნოს ისე, რომ ერთი წუთითაც არ აგრძნობინოს მოსალოდნელი საფრთხე და დაელოდოს საუკეთესო მომენტს გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად. ასე რომ, ეს იყო ანომალიური შემთხვევა, რომლის მიზეზების ახსნაც დღემდე მიჭირს...

"იქსის" გადადგომას იმ ეტაპზე შესაძლოა სერიოზული კითხვები გამოეწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამიტომ ვუთხარი ბიძინას, რომ შევეცდებოდი, პრობლემა ზედმეტი გართულებების გარეშე მომეგვარებინა. დავუკავშირდი "იქსს" და ვთხოვე შეხვედრა. შეხვედრაზე მოვიყვანე ბიზნესმენი, რომელმაც მომაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და მოვაყოლე, თუ რა მოხდა "თბილისი მერიოტში"“ მისი წამოსვლის შემდეგ. "იქსი" დარწმუნდა, რომ ადგილი არ ჰქონია მის წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციას. ბიზნესმენის წასვლის შემდეგ, ავუხსენი "იქსს", რომ ბიძინას მიერ მასთან ამ ინფორმაციის გახმოვანება სულაც არ ნიშნავდა, რომ რაიმე სახის პრეტენზიები ჰქონდა "იქსის" მიმართ, რადგან "იქსს" ვერ ეცოდინებოდა, რა მოხდებოდა იქ მას შემდეგ, რაც დატოვა შეხვედრა... ვთხოვე, რომ დაგვევიწყებინა ეს ინციდენტი და ასეც მოხდა...

ამ კონკრეტულ ინციდენტს მეტად აღარ ჩავუღრმავდები, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გავიარეთ - ის რომ გასაჯაროებულიყო, შესაბამისი საკადრო გადაადგილებებით, შეიძლება დღევანდელისგან განსხვავებული ისტორიული განვითარება მიგვეღო...

სისტემის პირველი კონტრშემოტევა

... "ძველი" ინტერესჯგუფები ინტენსიურად ეძებდნენ ახალ ხელისუფლებაში „"კრიშებს", ხოლო ჩვენი ბევრი წარმომადგენელი ასეთივე გამალებით ეძებდა "დასაკრიშ" ობიექტებს. მეც ხმალამოღებული ვცდილობდი, ეს არ დამეშვა, და იმდენად გავერთე ამ ბრძოლაში, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ დავრჩი სრულიად მარტო... ბიძინა ზურგს აღარ მიმაგრებდა და საშოვარზე გამოსული სისტემა გადავიდა მოქმედებაზე... გააგრძელე კითხვა