"სპეციალური ბირთვული მატერიალი" - 2 მლნ დოლარად ანუ რისი გაყიდვის მცდელობაზე დაიჭირა სუს-მა ფოთის ტყეში ეჭვმიტანილი... - კვირის პალიტრა

"სპეციალური ბირთვული მატერიალი" - 2 მლნ დოლარად ანუ რისი გაყიდვის მცდელობაზე დაიჭირა სუს-მა ფოთის ტყეში ეჭვმიტანილი...

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც წარმატებით "წაიმუშავა" ფოთის ტყის მასივში და დააკავა პიროვნება, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, "სპეციალური ბირთვული მატერიალის" 2 მლნ აშშ დოლარად გაყიდვას ცდილობდა...

სუს-ის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზი ასეთია: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

"რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე".

აქედან იმის ზუსტი დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი რადიაქტიური ნივთიერება ჰქონდა ბრალდებულს და რამდენად საშიშია ის ახლოს მყოფთათვის ან სულაც გამოდგება თუ არა ის უფრო სახიფათო ჩანაფიქრებისთვის, რთულია, რაც შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ სუს-ის სპეციალისტები ჯერ კიდევ განაგრძობენ ამოღებული რადიაქტიური ნივთიერებების შესწავლას.

თუმცა იმავე სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან, სადაც ფოთის ტყეში ერთი პიროვნების დაკავების მომენტი და ამოღებული ნივთების რადიოდოზიმეტრებით შემოწმების პროცესია გადაღებული, ბევრად მეტი ინფორმაციის გაგება შეიძლება.

სუს-ის მიერ გავრცელებული ოპერატიული ვიდეოგადაღების ერთ-ერთ კადრში მოჩანს, რომ შავი კონტეინერიდან ამოღებული ყვითელი ფერის ფხვნილით სავსე შუშის ფლაკონთან მიახლოებული identiFINDER® R400 ტიპის, რადიონუკლიდების იდენტიფიკაციის პორტატული მოწყობილობის ეკრანზე ჯერ გამოისახება 0,661uSv/h, შემდეგ კი Uranium SNM...

რას ნიშნავს ეს?

0,661 uSv/h მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მინის ფლაკონში მოთავსებული მოყვითალო ფხვნილიდან მომდინარე იონიზირებადი გამოსხივების დოზა საათში 0,661 მიკროზივერტს შეადგენს, მაშინ, როდესაც ბუნებრივი ფონი 0,2-0,3 მიკროზვერტი/საათშია.

2-ziverti-1682946773.png
რადიოდოზიმეტრის ეკრანზე დაფიქსირებული 0,661 მიკროზივერტი/სთ-ში, იმას მიუთითებს, რომ მინის ფლაკონში მოთავსებული ყვითელი ფერის ფხვნილისგან ორჯერ მეტი იონიზირებადი გამოსხივება მოდის, ვიდრე ადამიანისთვის დაშვებული 0,2-0,3 მიკროზივერტი/სთ-შია...

ეს, რა თქმა უნდა, არასასურველი დოზაა ადამიანის სხეულისთვის, მაგრამ - არა კატასტროფული დონის რადიაქტიური დასხივების დონე.

აი, მეორე მონაცემი, Uranium SNM, რაც რადიოდოზიმეტრის ეკრანზე აისახა, ბევრად უფრო მეტი დაფიქრების საფუძველს იძლევა - ურანი რომ რადიაქტიური ნივთიერებაა, ყველას მოეხსენება, მაგრამ აქაც დიდი სხვაობაა...

ურანის მადანში ძირითადს - 99.2%-ს ნაკლებადრადიაქტიური ურან-238-ის იზოტოპები შეადგენენ და მხოლოდ 0,72 %-ი მოდის მაღალრადიაქტიურ ურან-235-ის იზოტოპზე.

სწორედ ამიტომაც სპეციალური ცენტრიფუგების გამოყენებით ამდიდრებენ მას ურან-235-ის იზოტოპების მოსამატებლად და ურან-238-ის იზოტოპების მოსაცილებლად, რის შემდეგაც ამ უკანასკნელისგან წარმოიქმნება გაღარიბებული ურანი, ხოლო 2-დან 5 %-მდე გამდიდრებული ურან-235-ი მასობრივად გამოიყენება ენერგეტიკულ ატომურ რეაქტორებში.

20%-მდე გამდიდრებულ ურან-235-ი მოთხოვნადია ექსპერიმენტალურ ატომურ რეაქტორებში რიგი ცდების ჩასატარებლად.

20%-ზე მაღლა გამდიდრებულ ურან-235, განსაკუთრებით კი - 90 %-ით გამდიდრებული ურან-235-ს "საირაღო ურანსაც" უწოდებენ და ის საბრძოლო ბირთვული ქობინების ძირითადი კომპონენტია.

"ფოთის ტყის ურანის" რადიაქტიურობის გაზომვისას კი რადიოდოზიმეტრის ეკრანზე კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი აბრევიატურა აისახა - SNM, რაც იშიფრება, როგორც Special Nuclear Material...

ანუ პორტატიულმა რადიოდოზიმეტრმა მინის ფლაკონში მოთავსებულ ყვითელი ფერის ფხვნილის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც "სპეციალური ბირთვული მატერიალის"!

აშშ-ის 1954 წლის კანონი "ატომური ენერგიის შესახებ" კი "სპეციალური ბირთვული მატერიალის" ცნებაში გულისხმობს... პლუტონიუმს, ურან-233-ს ან ურან-235-ს გამდიდრებულ მაღალრადიოაქტიურ იზოტოპებს ანუ, რომლებიც თეორიულად და პრაქტიკულადაც შეიძლება გამოყენებული იქნენ ბირთვულ იარაღის შესაქმნელად!

არც ურან-233-ის იზოტოპები და არც პლუტონიუმი ბუნებაში ცალკე არ არსებობს და ისინი მიიღება ატომურ რეაქტორებში დასხივების შედეგად და უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავიდან სპეციალური ქიმიური რეაქციების შედეგად.

წესით, შესაბამის სპეციალისტებს დიდად არ უნდა გაუჭირდეთ "ფოთის ტყის ურანის" ზუსტი იდენტიფიცირება, მისი შესაძლო გამოყენების პერსპექტივები და რაში ითხოვდა 2 მლნ დოლარს დაკავებული, რომელსაც პოტენციური მყიდველის სახით სუს-ის ოპერატიული თანამშრომელი გაეცნო...

თუკი გაირკვევა, რომ ფოთის ტყეში მაღალრადიოაქტიური საიარაღო ურან-235-ის შემცველი ნივთიერება აღმოაჩინეს, ეს სუს-ისთვის "დიდი ჩათვლა" გამოვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში, განსხვავებით იმ ძველი შემთხვევისა, როდესაც გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერის, რომელიც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ამოღებას დიდი შეფასება მიეცა...