"საშინლად ვიყავი, მეგონა, ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი" - კიანუ რივზის მთავარი როლები და ტრაგედიები კინოსა და რეალობაში
1980-90-იანი წლების ჰოლივუდის კინოვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ადგილი „ნეოს“ - კიანუ რივზს უჭირავს. მისი ყველა ფილმი თუ პერსონაჟი გამორჩეულია, ისევე, როგორც თავად კიანუ რივზი - რეალურ ცხოვრებაში.
კიანუ ჩარლზ რივზის მშობლებმა - პატრისიამ და სემუელმა ერთმანეთი ბეირუთში, ლიბანში, სამოქალაქო ომამდე გაიცნეს და ბეირუთში 1964 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მომავალი მსახიობიც. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედა ერთ-ერთ ბარში მოცეკვავე იყო. ბავშვს ჰავაიში გავრცელებული სახელი - კიანუ დაარქვეს, რაც „მთიდან მონაბერ ცივ ქარს“ ნიშნავს.
მოგზაურობის მოყვარული ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, კიანუს და - კიმი ავსტრალიაში დაიბადა. მომავალი მსახიობი 3 წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. ამ ამბის შემდეგ, პატრისია - კიანუს დედა კიდევ სამჯერ გათხოვდა, ერთ-ერთ ქორწინებაში გოგონა - კარინა მილერი შეეძინა. მსახიობს ნახევარდა ჰყავს მამის მხრიდანაც - ემა როუზ რივზი.
კიანუმ დებთან ერთად ბავშვობის დიდი ნაწილი ტორონტოში გაატარა. პატრისია კოსტიუმერი გახდა და სწორედ დედის დახმარებით რივზმა პატარა ასაკში გაიცნო დოლი პარტონი, დევიდ ბოუი და ელის კუპერი.
1994 წელს ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის გამო კიანუს მამას, სემუელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თავად კიანუ კი 13 წლის იყო, როცა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა.
დისლექსიის გამო, რომელიც კიანუსთან ერთად მსახიობის დას, კიმსაც ჰქონდა, ის კარგად ვერ სწავლობდა და მსახიობს ბავშვობის პერიოდზე საუბარი არ უყვარს. როგორც ცნობილია, 5 წლის განმავლობაში მან 4-ჯერ შეიცვალა სასწავლებელი, მათ შორის, სამსახიობო ოსტატობის სკოლა, საიდანაც მომავალი ვარსკვლავი გამოაგდეს.
მსახიობობასთან ერთად, მას სპორტი და მუსიკაც იტაცებდა. სურდა ჰოკეის მოთამაშე გამხდარიყო. კიანუს „კედელიც“ კი შეარქვეს, რადგან საუკეთესო მეკარე იყო. თუმცა მიღებულმა ტრავმამ ის აიძულა, სპორტზე უარი ეთქვა.
მალე კერძო სასწავლებლიდან საჯარო სკოლაში გადავიდა, თუმცა ატესტატი არ აუღია. სწორედ ამ პერიოდში, 15 წლის ასაკში დაიწყო მისი წინსვლა ვარსკვლავური კარიერისკენ. კიანუ იმპროვიზაციის მასტერკლასებს ესწრებოდა, სკოლა მიატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც HB Studio-ში მეცადინეობდა.
რივზი ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როცა თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგა, 15 წლის ასაკში კი „რომეო და ჯულიეტაში“ მერკუციოს როლი შეასრულა.
1980-იანი წლების დასაწყისში ის მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობდა.
1988 წელს გადაღებულმა ფილმმა „სახიფათო კავშირები“ კიანუ რივზთან ერთად დიდი წარმატება მსახიობ უმა თურმანსაც მოუტანა. პირველი ყველაზე დიდი წარმატება კი კიანუს ფილმმა „ბილი და ტედი“ მოუტანა.
დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიური ტრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ , სადაც ახალგაზრდა მსახიობმა შარლიზ ტერონთან და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა. როგორც ამბობენ, კიანუს ისე ძლიერ სურდა ამ მსახიობებთან ერთად თამაში, რომ საკუთარი ჰონორარიდან, რაც 8 მლნ. დოლარს შეადგენდა, 2 მლნ. დოლარი დათმო, რათა პროდიუსერებს ალ პაჩინოსა და შარლიზ ტერონისთვის გადაეხადათ.
კიანუ რივზზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ფილმი „ტკბილი ნოემბერი“, „კონსტანტინი“ და რა თქმა უნდა - „მატრიცა“. ამ საოცარმა ნამუშევრებმა შედეგი გამოიღო და ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" კიანუ რივზის ვარსკვლავი გაიხსნა.
2014 წელს მაყურებლის გული მსახიობმა კიდევ ერთხელ დაიპყრო, როცა საზოგადოებამ ახალი პერსონაჟი - „ჯონ უიკი“ გაიცნო. მძაფრსიუჟეტიან ფილმში მაყურებელს დამაფიქრებელ დიალოგებთან ერთად, პერსონაჟის საინტერესო ისტორიაც იპყრობს.
როგორც ცნობილია, ამ როლისთვის მსახიობს ფიზიკური მომზადებაც სჭირდებოდა და ის 4 თვის განმავლობაში, დღეში 8 საათს ვარჯიშობდა. როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ფილმში სახიფათო მანევრთა 90%-ს თავად ასრულებს.
პირადი ცხოვრება
მოტოციკლებისა და მანქანების მოყვარული მსახიობი ლოს-ანჯელესში ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯენიფერ ენისტონის მეზობლად ცხოვრობს.
მარტოხელა მსახიობის პირადი ცხოვრება საკმაოდ დრამატულად განვითარდა. მსახიობს ურთიერთობა ჰქონდა ჯილ შოლენთან. 3-წლიანი რომანი ქორწილისკენ მიდიოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შოლენმა კიანუ რივზს ბრედ პიტი არჩია.
ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში - „დრაკულაში“ მონაწილეობისას, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მსახიობმა კოპოლას შვილი, სოფია გაიცნო. მათ რომანი ჰქონდათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პროექტის დასრულებასთან ერთად მათი სასიყვარულო ამბავიც დასრულდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიანუ რივზსა და ცნობილ მსახიობს - სანდრა ბალოკს მოსწონდათ ერთმანეთი, თუმცა ამჟამად ისინი კარგი მეგობრები არიან.
უამრავ რომანთა შორის, ყველაზე ცნობილი ჯენიფერ საიმთან ურთიერთობაა. კინოვარსკვლავმა გოგონა წვეულებაზე გაიცნო. საიმი იმ პერიოდში დევიდ ლინჩის ყოფილი ასისტენტი იყო. მათ დაიწყეს ურთიერთობა, მალე კი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. 1999 წელს ჯენიფერმა გაახარა საყვარელი მამაკაცი და უთხრა, რომ შვილს ელოდებოდნენ.
რივზის გოგონა 2000 წლის იანვარში უნდა დაბადებულიყო, თუმცა მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ბავშვს გული გაუჩერდა... ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ ისინი დაშორდნენ. თუმცა მსახიობის ცხოვრებაში ტრაგიკული ისტორია ამით არ დასრულებულა...
2001 წელს ჯენიფერ საიმი მერლინ მენსონის წვეულებიდან ნასვამი ბრუნდებოდა და ავარიაში მოხვდა, ის გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ ამ ორი დიდი ტრაგედიის გამო მსახიობი ჩაიკეტა და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს იღებდა.
"ლონდონში ვიყავი გადაღებაზე, როდესაც ჯენიფერმა ატირებულმა დამირეკა, თავიდან ვერაფერი გავიგე, თურმე, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო... მას ჩვენი გოგონა - ავა უნდა გაეჩინა, სახელიც კი შერჩეული გვქონდა, მაგრამ ის დავკარგეთ... 16 თვეში კი ჯენიფერიც გარდაიცვალა, ბავშვის დაკარგვის გამო დეპრესიაში იყო, ავარიამ იმსხვერპლა. საშინლად ვიყავი, მეგონა, ჯენიფერის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი", - იხსენებს მსახიობი.
მშვიდი და გაწონასწორებული მსახიობი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ მარტოობა ყველაზე მეტად მოსწონს.
"თქვენ მხიარულება გჭირდებათ იმისთვის რომ იცოცხლოთ, მე კი - არა!"
"ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი მარტოობას, რას ვიზამ, ცხოვრებამ ასე გადაწყვიტა, ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო...", - ამბობს კიანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განსაკუთრებით კი - მეტროთი საკმაოდ ხშირად სარგებლობს. მედიაში გავრცელდა გულშემატკივართა ფოტოები, რომლებმაც კიანუ რივზი მეტროში მგზავრობისას დააფიქსირეს.
საყვარელი ადამიანების ტრაგიკულად დაკარგვასთან ერთად, მსახიობმა გაიგო, რომ მის დას - კიმს ლეიკემია დაუდგინდა.
"როდესაც ჩემს პატარა დას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მისი სიცოცხლე ბრძოლად გადაიქცა. მე მას ისე ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ვკითხულობდი მკურნალობის ახლებურ მეთოდებზე, დავდიოდი მასთან ერთად საუკეთესო კლინიკებში და უბრალოდ, მორალურად ვამხნევებდი - მეჭირა მისი პატარა ხელი და ვცდილობდი გამეხალისებინა.
აი, ამიტომაც არ მინდოდა, მქონოდა რაიმე სხვა საზრუნავი, რათა მთელი ჩემი თავისუფალი დრო მისთვის დამეთმო, მასთან ერთად ვყოფილიყავი შინ თუ საავადმყოფოში. კიმმა შეძლო და დაამარცხა საშინელი ავადმყოფობა“, - როგორც ცნობილია, „მატრიცას" ტრილოგიაში გამომუშავებული თანხა მსახიობმა სწორედ დის გამოჯანმრთელებას მოახმარა, შემდეგ კი ფონდი შექმნა და სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.
2019 წელს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ყველასათვის საყვარელი მარტოსული მსახიობი ხელოვან ალექსანდრა გრანტთან ერთად გამოჩნდა. როგორც ამბობენ, მათ უყვართ ერთმანეთი და კიანუ მზადაა, ოჯახი შექმნას, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში ვარსკვლავის გულშემატკივრები წერენ, კიანუ და ალექსანდრა არ შეეფერებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი მსახიობზე 9 წლით უმცროსია, ჭაღარა თმის გამო, ის კიანუზე უფროსი გეგონებათ. როგორც ქალმა აღნიშნა, ის თმის შეღებვის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ თმაზე ქიმიური მოქმედება მკერდის კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია.
2020 წელს ცნობილი გახდა ლოს-ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კიანუ რივზის 67 წლის ფანს ალექსანდრასთან მიახლოება აეკრძალა. როგორც ამბობენ, ალექსანდრამ სამართალდამცველებს ადევნების გამო მიმართა.
2023 წელს მედიაში ცნობილი გახდა, რომ ფანები თავად რივზსაც არ აძლევდნენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ერთ-ერთი გულშემატკივარი კი მსახიობის სახლის ტერიტორიაზეც შეიჭრა. მსახიობმა დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა და ფანს რივზთან და ალექსანდრასთან მიახლოება აეკრძალა.
ამჟამად კიანუ რივზი აქტიურადაა ჩართული ახალი ფილმების გადაღებაში, ახლახან მაყურებელმა „ჯონ უიკის“ კიდევ ერთი ახალი ნაწილი იხილა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს საოცარი პროფესიონალიზმით ასრულებს.