"არავის და არაფრის გამო არ დათმოთ თქვენი ოცნება" - რას ამბობს სამტრედიელი მოსწავლე, რომელსაც უცხოურმა უნივერსიტეტებმა სრული დაფინანსება შესთავაზეს?
17 წლის გურამ შენგელია სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელებს. მან ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან მიიღო. ამჟამად, სამტრედიაში ცხოვრობს და ნაბაკევის საჯარო სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლა და გამოცდილების მიღება მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამისთვის ბევრი იშრომა. გურამი თავად გვიყვება, როგორი იყო გზა წარმატებამდე და რას გეგმავს სამომავლოდ:
- ბევრი ფიქრისა და საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ინტერესებსა და შეხედულებებს ყველაზე მეტად ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი შეესაბამებოდა, შემდგომში კი, როცა უკვე კონკრეტული განხრის არჩევა მომიწევს, ალბათ, მარკეტინგს ავირჩევ. ამ მომენტში, მგონია, რომ ეს საკმაოდ საინტერესო სფეროა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
- რა გზა გაიარე იქამდე, ვიდრე უცხოური უნივერსიტეტები მათთან სწავლის გაგრძელებას შემოგთავაზებდნენ?
- საზღვარგარეთ სწავლა ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ამას უამრავი ადამიანი დამიდასტურებს. ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, არ არის ბევრი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მომიწია ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. მოსამზადებელი პერიოდი ბევრად ადრე დაიწყო, რაც კლასგარეშე აქტივობებში ჩართვას გულისხმობდა და, ვფიქრობ, სწორედ ამ აქტივობებმა ბევრი სხვა აპლიკანტისგან გამომარჩია. შემდეგ უკვე დავიწყე უნივერსიტეტების ძებნა, რომლებიც შემომთავაზებდნენ სწორედ იმას, რასაც ვეძებდი. ამ პროცესში გადავაწყდი ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტს და აღმოვაჩინე, რომ სპეციალური შესარჩევი ეტაპის შედეგად შემეძლო ინგლისურის ტესტი, რომელიც რამდენიმე ასეული ლარი ღირს, სრულიად უფასოდ დამეწერა, საბოლოოდ სკოლის ნიშნებისა და ესსეს საფუძველზე გავიმარჯვე და ტესტიც ჩავაბარე. შემდეგი ეტაპი აპლიკაციის შევსებას, დოკუმენტების მოძიებასა და მოწესრიგებას მოიცავდა, საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია, მაგრამ დამიკავშირდა უნივერსიტეტის ქართველი წარმომადგენელი - ქალბატონი ნათია ნანავა და ეს პროცესი შედარებით გამიმარტივდა მისი დახმარებით. უნივერსიტეტების სისტემა ძირითადად მსგავსია, ამიტომ მისი დახმარება სხვა შემთხვევებშიც გამომადგა და დიდ მადლობას ვუხდი მას. გარდა ამისა, გავიარე ინტერვიუ, რომლის მთავარი მიზანი ჩემი მოტივაციისა და შემართების ნახვა იყო, რასაც ვფიქრობ რომ, კარგად გავართვი თავი. საბოლოოდ კი დაიწყო ყველაზე გრძელი და რთული პროცესი, მოლოდინის პროცესი, მაგრამ, შედეგი,რომელიც მივიღე ყველაფრად ღირდა.
- სკოლაში რომელ საგნებს უთმობ ყველაზე დიდ ყურადღებას, რა არის შენი ძირითადი ინტერესის სფერო?
- სკოლაში მათემატიკა ყოველთვის ჩემი ფავორიტი საგანი იყო. გარდა ამისა, ინგლისური, ფიზიკა და გეოგრაფიაც ძალიან მიყვარს. ეს საგნები ისეთ საკითხებს ეხება, რაც ჩემში დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ მართლაც, რომ დიდი კავშირი ვპოვე ჩემსა და ამ საგნებს შორის. ეს ინტერესები ბავშვობაში ჩამომიყალიბდა და დღემდე ასეა.
- მოგვიყევი იმ კლასგარეშე აქტივობების შესახებ, რომლებშიც ჩართული ხარ?- კლასგარეშე აქტივობები წლებია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკიდან ვარ სკოლის ეკოკლუბის წევრი და რამდენიმე თვის წინ გავხდი ლიდერი, ასევე ვარ მოხალისე საქველმოქმედო გუნდშიც. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი აქტივობა, რაც სივიში პირველ ადგილს იკავებს არის ის, რომ 2022 წლის სექტემბერში გავხდი კლიმატის ელჩი და ვარ ჩართული ბევრ ისეთ პროცესში, რაც ჩვენი პლანეტის გადარჩენაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია (ERI-Team) და აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს. დავამატებ იმასაც, რომ ვარ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული და მონაწილე. ჩამონათვალში კიდევ არაერთი აქტივობაა. თუმცა, ამჯერად ამაზე შევჩერდები.იხილეთ სრულად