"ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ!"
"საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი სიწმინდე, ჩემი ცხოვრების აზრი!"
"ვერც წარმოიდგენთ, როგორი ძნელია ჩემთვის, ქართველს რომ ვეჭიდავები..." - ეს ათენის ოლიმპიური ჩემპიონის, ჯარჯი ზვიადაურის სიტყვებია "კვირის პალიტრის" 2013 წლის ინტერვიუდან.
ათენის ოლიმპიადაზე ჩემპიონი ორი ზვიადაური გახდა: ზურაბი - საქართველოს, მისი ბიძაშვილი, ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი კი - საბერძნეთის სახელით...
გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს 2013 წლის ინტერვიუდან:
- ყველაზე ემოციური გამარჯვება რომელი იყო თქვენს კარიერაში?
- 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი! ოლიმპიადის მოგებას სხვა ფასი აქვს, მაგრამ ათენური ტრიუმფის დროს მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა მნიშვნელობა აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს... მიზანს მრავალწლიანი შრომის შედეგად რომ მიაღწევ, მის ფასს მერე უფრო ხვდები...
- ლონდონის ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტერში დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ "მანუგეშებლის" ხატს შესწირეთ...
- ათონის მთას ხშირად ვსტუმრობ და 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზადების დროსაც მოვილოცე. ჩემი იქ ყოფნისას ერთმა სამხედრო პირმა ღვთისმშობლის ხატს თავისი წოდება, გენერლის სამხრეები შესწირა, რამაც ისე გამახარა, რომ პირობა დავდე, ლონდონის ოლიმპიადაზე აუცილებლად მოვხვდები სამეულში და მოგებულ მედალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შევწირავ-მეთქი... რწმენა მთელი ცხოვრება მეხმარება და ხმამაღლა ვამბობ: უფლის წყალობისა და რწმენის გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი! ოღონდ უფალი გვეუბნება - მე დაგეხმარებით, მაგრამ თქვენც უნდა "ამყვეთ", ხელი გაანძრიოთო...
...
- ჯარჯი ზვიადაური - ამაზე ქართული გვარ-სახელი რა უნდა იყოს?! გული არ გწყდებათ, დღეს სხვა სახელი რომ გქვიათ?
- 2001 წელს საქართველოდან რომ არ წამოვსულიყავი, მივაღწევდი კი ამდენს? ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო მაშინ, სპორტსმენი კი როგორ გაიზრდება, თუ პირობას ვერ შეუქმნი, შეკრებაზე ვერ გაუშვებ, ძლიერ ტურნირებზე ვერ აჭიდავებ, გასაქანს ვერ მისცემ... ისეთი პირობები, რაც ბოლო წლებშია საქართველოში, ჩემს დროს რომ ყოფილიყო, არც წამოვიდოდი და არც არავინ გამომიშვებდა!
...
- საბერძნეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათთვის ილიას ილიადისი ხართ თუ მაინც ჯარჯი ზვიადაური?
- რაც უნდა მერქვას, მათთვის მაინც ქართველი, მაინც ზვიადაური ვარ... საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისგან მუდამ დიდ სითბოს ვგრძნობ, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე ხარო, მეუბნებიან და ცრემლებს ვერ იკავებენ. ბევრჯერ უჩხუბიათ კიდეც, როცა ბერძნებს უმტკიცებდნენ, ილიადისი ქართველიაო!
...
- და მაინც, რა არის საქართველო ჯარჯი ზვიადაურისთვის, მხოლოდ წარსული? იქნებ მომავალიც...
- საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი სიწმინდე, ჩემი ცხოვრების აზრი! ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც მშობლები და მეგობრები მყავს! ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რადგან ჩემი მომავალი ჩემს შვილებს უკავშირდება. ქართული ორივემ იცის, სამშობლოს სიყვარულით ვზრდი და საქართველოში ყოველ ზამთარ-ზაფხულს ჩამომყავს. დანარჩენი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტენ...