"მე შვილი მომიკლეს" - რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა - კვირის პალიტრა

"მე შვილი მომიკლეს" - რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა

12 წლის ანი იანუშაიტიტეს დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა. ყველა ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს, რას შეეწირა გოგონას სიცოცხლე. ტრაგედია 16 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. გოგონა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო და ექიმები 40 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეორე დღეს კი გაჩნდა ვერსია, რომ ანი შესაძლოა საკვების გადაცდენის გამო დაიღუპა, ამიტომ იყო იმის მოლოდინიც, რომ ამ საქმის კვალიფიკაცია შეიცვლებოდა, მაგრამ 28 აპრილს გოგონას ოჯახსა და ადვოკატებს გადასცეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, რომელიც უფრო ამყარებს ოჯახის ეჭვს, რომ ბავშვი მოკლულია. ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" დაზარალებული ოჯახის ინტერესებს­ იცავს. ადვოკატების თქმით, საჭიროა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან ბევრი დეტალი დასაზუსტებელია.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვის სხეულზე 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანებაა, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროინდელია.

- ექსპერტიზით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა. თუმცა­ ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენები ბუნებრივად განვითარდა და გოგონა თავისით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნაში 40-მდე დაზიანებაა ასახული, რაც ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს,­ რომ სანამ გოგონა გარდაიცვლებოდა, ამას წინ უსწრებდა მძიმე ამბები, რაც შეიძლება იყოს მოძალადესთან­ ჭიდილი, წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ. ბავშვს­ სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, ამასთან, შეშუპებულიც იყო, მრავლობითი ექსკორაციები, ყელზე 8 სანტიმეტრამდე ნაჭდევი, ეს მაშინ, როცა გოგონას სქელი როლინგი ეცვა. დაზიანებები აქვს კისრის, კიდურების, ბარძაყის მიდამოებში, სახის, ყურებისა და საფეთქლის არეში, ზურგზე, ფეხზე. ყელზე დაზიანებები საკმაოდ დიდია, რასაც რამეზე წამოდებით ვერ მიიღებდა. ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები ნიშნავს, რომ გოგონამ უმძიმესი წამება გაიარა სიკვდილამდე. ოჯახი დარწმუნებულია და დასკვნამაც განამტკიცა აზრი, რომ გოგონა მოკლულია. დასკვნაში გამოყენებულია ტერმინი ბლაგვი, მკვრივი საგანი, თუმცა, როგორც წესი, არ აკონკრეტებენ, რა შეიძლება იყოს. ამიტომ გვაქვს კითხვები, ეს დაზიანებები რა გარემოებებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიყენებული, თავის შეშუპება რამ გამოიწვია და ა.შ. დასკვნაში ასევე წერია, იყო მექანიკური ასფიქსიაც. ესე იგი, მოვლენები ბუნებრივად არ განვითარებულა. ეს იმდენად სპეციფიკური ტერმინია, კრიტიკული კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას. ვერსია, რომელსაც განიხილავდა საგამოძიებო ორგანო, რომ სიკვდილი საკვების გადაცდენის შედეგად დადგა, არ დასტურდება. გადაცდენის დროს მცირე ულუფა გადადის სასუნთქ გზებში, ტრაქეასა და შემდეგ ფილტვებში. ამ შემთხვევაში ლაპარაკია დიდი ოდენობის მასაზე, რომელიც, წესით, ბუნებრივ პირობებში პირის ღრუდან უნდა გადმოსულიყო, მაგრამ მექანიკური წინაღობების გამო ვერ გადმოვიდა. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რომელთაც ამ დღეებში შევადგენთ და პროკურატურას მივმართავთ.

გამოირიცხა მოზარდის ორგანიზმში ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებაც, ასევე სექსუალური ძალადობაც. საუბარია კონკრეტულ დაზიანებებზე, რომლებიც სიკვდილის დადგომამდე წინა პერიოდშია მიყენებული. ეს მიუთითებს, რომ გაგუდვამდე გოგონას ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. ექსპერტიზამ კატეგორიულად მიუთითა, რომ ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია. დასადგენია ისიც, პირღებინება რამ გამოიწვია. პირღებინება შეიძლება გამოიწვიოს თავში ჩარტყმამ, დიდმა შიშმა, სტრესმა და ა.შ. ასფიქსია გამოიწვია სხვა პირის ზემოქმედებამ თუ სხვა რამემ, არ არის მითითებული დასკვნაში. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე წუთით ადრე გოგონა კარგ ხასიათზეა, არანაირი მოწამვლის ნიშნები არ ეტყობა, თამაშობს...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკო­ლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური,­ ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. კითხვები დასმულია და ველოდებით პასუხებს. მაგალითად, აღმოჩენილია თუ არა ბავშვის სხეულზე სხვა პირის ბიოლოგიური მასალა. პროცესში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც. როდესაც მოგვეცემა სხვა დასკვნების გაცნობის საშუალება, ინფორმაციას შევაჯამებთ და თუ კითხვები ისევ დაიბადა, მოვითხოვთ კომპლექსური ექსპერტიზის ხელახალ დანიშვნას. ამოღებულია ათობით სამეთვალყურეო კამერის დიდი მოცულობის ჩანაწერი, რომელთა გაანალიზებას დრო სჭირდება...

12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი,­ ამბობს, რომ ის პირველი წუთებიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი მოკლეს.

- პირადად დავათვალიერე ჩემი შვილი. სხეულზე, სახეზე, ტანსაცმლის გარეთ თუ მის შიგნით, სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა, რაც დაფიქსირდა კიდეც დასკვნაში. გააგრძელე კითხვა