ბოლშევიკების "კლანურ ბრძოლებს" შეწირული ქართველი მწერლები: "როგორ ვიყო მშვიდად, როცა გილიოტინასთან მიმათრევენ"
ძალზე სასიამოვნოა, მზის რბილი სითბო და ნაზი შუქი. ჩრდილში დარჩენილებს შურთ შენი და ყოველნაირად ცდილობენ "მზის ორბიტიდან" ამოგაგდონ, თავად დაიკავონ შენი ადგილი და უხვად მიიღონ მზის სითბო-სინათლე. მშიერსა და ძვალ-რბილ გაყინულს დაკარგული აქვს ზომიერების შეგრძნება და სულ ახლოს და ახლოს მიილტვის მზისკენ, თუმცა, რაც უფრო ახლოს ხარ მზესთან, მით უფრო მაღალია ტემპერატურა და სიკვდილის ალბათობაც... ამგვარი "მზის შარავანდედი" ადგათ იმ საბჭოთა მწერლებს, რომლებმაც სხვებს დაასწრეს და "მზე" - ბოლშევიკ-კომუნისტებს ახლოს მიუცუცქდნენ.
საბჭოთა რეჟიმიც ახალისებდა ამ ლტოლვას: სატყუარა - ნუგბარი ყველა "ბელადს" საკუთარი ჰქონდა. რაც უფრო მძიმე გაჭირვება იყო სატყუარაც უფრო "პრიმიტიული" გახლდათ: სტალინის დროს "მწერლების მოთვინიერება" (აკაკი ბაქრაძის მოსწრებული შედარება) პირველ ეტაპზე (გასული საუკუნის 20-30 იან წლებში) სიკვდილ - სიცოცხლის "ბეწვის ხიდზე" გადიოდა. ვინც ბოლშევიკებთან არ იყო დახვრეტა ან ხანგრძლივი პატიმრობა-გადასახლება არ ასცდებოდა , ხოლო ვინც "ბოლშევიკურ მზეს" მიუცუცქდებოდა - "სპეცმაღაზიებიდან" საკვების, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაბალ ფასში შეძენის ბედნიერება ჰქონდა! მეორე ეტაპზე, 40-იან წლების მეორე ნახევრიდან, "სპეცმაღაზიებს" სტალინმა "სოციალისტური კორუფციაც" დაუმატა "სტალინური პრემიების" სახით. ეს პრემია მწერლების ოცნება იყო: დიდ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიცოცხლის ხელშეუხებლობა და დიდტირაჟიანი გამოცემები გარანტირებული ჰქონდათ. შერისხულ მწერლებს კი, თუ დაპატიმრებას გადაურჩებოდნენ, სრული შემოქმედებითი იზოლაცია ელოდათ: არც ძველ და არც ახალ ნაწარმოებს არ უბეჭდავდნენ, ამით შემოსავლის წყაროს უსპობდნენ და ასე ცდილობდნენ მათ "მოთვინიერებას". უნდა ვაღიაროთ: "აღზრდის" ეს მეთოდი უმეტესობაზე ჭრიდა!
საბჭოთა რეჟიმი, როგორც კი მოძლიერდა, "ბოლშევიკურ მზესთან" ახლოს მისვლისა და "მიფიცხებისთვის" ქართველ მწერლებს შორის დაუნდობელი ბრძოლები გაჩაღდა. 30-იანი წლების დასაწყისიდან ზღვარგადასული ურთიერთკრიტიკა და დასმენა-დაბეზღებები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. გუშინდელი მეგობრები ერთმანეთის შემოქმედებაში "ანტიბოლშევიკურ გამოვლინებებს" ეძებდნენ და ჩეკადან მოყვანილ "პატარა ბელადთან" აბეზღებდნენ. ლავრენტი ბერია თავად წარმართავდა და ახალისებდა ამ პროცესს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: დღევანდელი ქართული ლიტერატურული კრიტიკა კვლავ თვალებს ხუჭავს რეალურ ისტორიულ ფაქტებზე და აჩუმათებს რეპრესიებამდელ პერიოდში "ბოლშევიკურ მზესთან" ახლოს ადგილის მოსაპოვებლად მწერლებს შორის წარმართულ "გლადიატორულ" ბრძოლებს.
"ბოლშევიკურ მზის სისტემაში" დიდ-პატარა "პლანეტები" მრავლად იყო. ის ქართველი მწერლები, რომლებმაც "ეშმაკთან კონტრაქტი" დადეს და ხშირად "ძველ ბოლშევიკებზე" უფრო მეტად რადიკალურ-მემარცხენე განცხადებებს აკეთებდნენ, ცდილობდნენ ამ "პლანეტების" თანამგზავრები გამხდარიყვნენ და ისე მიახლოვებოდნენ კრემლიდან ამომავალ "უდიდეს მზეს". მწერლების საუბედუროდ "ბოლშევიკური მზის სისტემა" სტაბილური არ იყო, ძალზე ხშირად იცვლებოდა და "კომუნისტურ ცაზე" გუშინ მოკაშკაშე "პლანეტა", მეორე დღეს უსწრაფესად იწვოდა, იფერფლებოდა და თან "თანმგზავრი მწერლებიც" მიჰყავდა. ამიტომ ქართველი მწერლების არა მარტო კეთილდღეობის, არამედ სიცოცხლისთვისაც, მთავარი იყო სწორი არჩევანი გაეკეთებინათ სათავეში მყოფ ბოლშევიკებს შორის.
ეს კი არ იყო მარტივი: დღეს კომპარტიის ცკ-ას მდივანი თუ სახალხო კომისარი და "ერთგული ბოლშევიკი", ხვალ შეიძლება "ხალხის მტერი", "ტროცკისტი", ათი ქვეყნის "ჯაშუში" და კიდევ ბევრი რაღაც (მაგალითად ერთ დროს საბჭოთა შინსახკომის შეფსა და სტალინის "მარჯვენა ხელს", ნიკოლაი ეჟოვს 1939 წელს, დაპატიმრების შემდეგ, ისეთი ბრალდება წაუყენეს და "დაუმტკიცეს", რომ აქ გამეორებაც უხერხულია) "აღმოჩენილიყო". ქართველი მწერლებისთვის ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ლაბირინთებში გარკვევასა და სამშვიდობოზე გასვლას ის გარემოებაც ართულებდა, რომ გასული საუკუნის 20-30 იან წლებში საქართველოში "ბოლშევიკური კლანების" უსასტიკესი დაპირისპირება იყო. მოდით გავიხსენოთ ეს "კლანები", რომლებიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარს წინ მიუძღოდნენ და სიცოცხლის ბოლომდე თავიანთ თავს ყველზე დიდ დამსახურებად იმას უთვლიდნენ, თუ რომელმა დააჩქარა საქართველოს ოკუპაცია.
1921 წლიდან "დიდ რეპრესიებამდე" საქართველოში და საბჭოთა იმპერიის სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვან პარტიულ და სამხედრო თანამდებობებს იკავებდნენ: "ოკუჯავების", "სტურუების", "ორახელაშვილების" "აღნიაშვილების", "ღოღობერიძეების", "ელიავების" და სხვ. კლანების წევრები. მათი დახმარებით "ცხოვრების მოწყობას" ცდილობდნენ ახლო და შორეული ნათესავ-მეგობრები და ვაი, თუ ამ სათავეში მოგუგუნე "ორთქმავალს" პრობლემა შეექმნებოდა და "შეაჩერებდნენ"! მაშინვე დააპატიმრებდნენ "მიბმულ ვაგონებსაც". დღეს ჩვენი საუბრის მთავარი მიზანი ქართველი ბოლშევიკების "კლანური ბრძოლებში" ჩართული ქართველი მწერლების (მათ შორის ნ. მიწიშვილის და გარკვეულწილად ლელი ჯაფარიძის) ბედის გარკვევაა.
"როგორ ვიყო მშვიდად, როცა გილიოტინასთან მიმათრევენ" - აი ამგვარი განწირული სიტყვებია ყოფილი "ცისფერყანწელის", შემდეგ კი "ბოლშევიკურ მზის სისტემაში" წინა ადგილების მაძიებელ ნიკოლოზ მიწიშვილის წერილში, რომელიც მან 1934 წლის 14 სექტემბერს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივან ლავრენტი ბერიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ლევან აღნიაშვილს გაუგზავნა. ინფორმაციისთვის: ლევანის ძმა, პეტრე აღნიაშვილი, იმ დროს საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივანი იყო. ავტორი წერილის ბოლოს აღნიშნავს (სტილი უცვლელია - ბ.ა.) : " ეს წერილი სამ ეგზემპლარადაა დაბეჭდილი: ამხ. ბერიასთვის, ამხ. აღნიაშვილისა და ჩემი არქივისთვის. იგი არავის წაუკითხავს, პირადად მე დავბეჭდე და რადგან მიმაჩნია, რომ ამხ. ტოროშელიძეს აცნობებენ ამ წერილის შესახებ - ზედმეტ ეგზემპლარს მას აღარ გავუგზავნი".
ლევან აღნიაშვილი (1897-1937)
მიძნელდება ამ ცხრაგვერდიანი წერილის ტექსტის შეფასება, რადგანაც ის ერთდროულად ნ. მიწიშვილის სულის ძახილიც არის, მისი პიროვნული თვისებების თვითშეფასებაც, ბოლშევიკების წინაშე დამსახურების დაფასების მოთხოვნაც, "თანამოკალმეების" შეფარვითი დაბეზღებაც, მათი შემოქმედების დაკნინებაც და კიდევ ბევრი სხვა. დაჟინებით ვთხოვ ყველას: ლიტერატორებსა და რიგით მკითხველებს, ვინც "ცისფერყანწელების" შემოქმედებითა და ცხოვრების დეტალებითაა დაინტერესებული, გაეცნოს ამ წერილს (იხ. "ცისფერყანწელთა მიმოწერა"; წიგნი მეორე, 94-102 გვ.).
ნ. მიწიშვილმა წერილის მეორე ასლი (თუ რაიმე მექანიკური შეცდომა არ არის წიგნის გამოცემის დროს და სინამდვილეში ეს ასლი პეტრე აღნიაშვილისთვის არ იყო გაგზავნილი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ლევან აღნიაშვილს გაუგზავნა. იმ პერიოდში მას და ნ. მიწიშვილს სამსახურებრივად არაფერი აკავშირებდათ, ლევანის უფროსი ძმა, "წითელი გენერალი" პეტრე აღნიაშვილი კი საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივანი, ანუ ბერიას შემდეგ პარტიული ხაზით "მეორე კაცი" და "აღნიაშვილების კლანის" მეთაური იყო. შეცდომაც, რომ იყოს არაფერი იცვლება:
წერილი აღნიაშვილებისთვის იყო განკუთვნილი. ნიკოლოზ მიწიშვილსა და ლევან აღნიაშვილს დიდი და სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ, რომელიც ჯერ კიდევ 1924 წელს დაიწყო, როდესაც ორივე საზღვარგარეთ (ნიკოლოზი ძირითადად პარიზში, ლევანი კი - ბერლინში) იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში კი იყვნენ, თუმცა მიზანი საერთო ჰქონდათ: ბოლშევიკური ჟურნალის გამოცემა, საბჭოთა რეჟიმის პროპაგანდა, ემიგრანტებში აგიტაცია საქართველოში დაბრუნებისკენ და შედეგად ქართული ემიგრაციის მაქსიმალური დაშლა-დაქუცმაცება. თუმცა მათი პირადი ინტერესები იმდენად დაუპირისპირდა ერთმანეთს, რომ ნ. მიწიშვილმა ამგვარი წერილი მისწერა ლევან აღნიაშვილს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.):
"პარიზი, 1924 წლის 2 ივნისი. ამხანაგო ლევან, როცა ბერლინში ვიყავი, თქვენ ძალიან დაინტერესდით ჩემი იდეით პარიზში ქართული გამომცემლობის შექმნისა და ჟურნალის გამოცემის შესახებ. მაგრამ თქვენმა შემდგომმა ქმედებებმა აჩვენა, რომ თქვენ დაინტერესდით ჩემს მიერ თითქმის დასრულებული საქმით პირადი სარგებლის, პირადი კეთილდღეობისა და, შესაძლოა, პირადი კარიერის გამო... მე არ წავსულვარ დათმობებზე, მხოლოდ იმას დავთანხმდი, რომ როგორც პარტიისა და ხელისუფლების ცენზორისთვის წინასწარი განხილვისთვის გამომეგზავნა თქვენთვის ჩემი მასალები... როცა ჩემი ლიკვიდაციის გეგმა ჩაგეშალათ, თქვენ ტფილისში სხვადასხვა წერილების წერა დაიწყეთ. თქვენ ცდილობდით ჩემთვის ჩრდილის მიყენებას ცენტრალურ კომიტეტში, რისთვისაც თქვენი ძმის გავლენით ისარგებლეთ ...ისე გამოვიდა, რომ მესამე პირის (პირუმოვის) თვალწინ ჩემი საქმის გაფუჭება დაიწყეთ. თქვენც ვერაფერი გააკეთეთ ...ასე რომ, საქმე ჩაშალეთ და ეს ფაქტი ქაღალდზეა დაფიქსირებული. ამ ფაქტიდან რამდენიმე წელიწადში სათანადო დასკვნებს გააკეთებენ... . .მე არ მაქვს თქვენზე ნაკლები დამსახურება ამ მთავრობის წინაშე და ჩვენ სხვა ენაზე ვილაპარაკებთ... ჩვენ ვისაუბრებთ არა ხვალ და არა ზეგ, არამედ როცა ეს საჭირო იქნება" (ციტატის დასასრული). ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ წერილში ნ. მიწიშვილის რეალური ბიოგრაფიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტებია გამჟღავნებული.
პეტრე აღნიაშვილი (1896-1937)
ასი წლის წინ მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: ნ. მიწიშვილმა საქმეში თავისი მეგობარი და "ღოღობერიძეების კლანის" მეთაური, ლევან ღოღობერიძე ჩართო, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ნ. მიწიშვილმა 1924 წლის 17 ივნისს, გასაგები მიზეზების გამო, წერილი პირდაპირ ადრესატს კი არ გაუგზავნა, არამედ მის მეუღლეს, ნუცა ხუციშვილ-ღოღობერიძეს. "ამხანაგო ნუცა" - ასე იწყებს ნ. მიწიშვილი წერილს და შემდეგ დაწვრილებით უყვება ლ. აღნიაშვილის მზაკვრობის ამბებს. "კლანის მეთაურმა" - ლევან ღოღობერიძემ საპასუხო წერილში ასე დაამშვიდა ნ. მიწიშვილი (ავტორის სტილი დაცულია -ბ.ა.):
"ნიკოლოზ, ამ შემთხვევაში აღნიაშვილის ინტრიგებს აზრი არ აქვს. თუმცა სრულიად გეთანხმები რომ ის იშვიათი ნაძირალა და ინტრიგანია. წარმოიდგინე ამ იდიოტმა ინტრიგები ჩემს წინააღმდეგაც დაიწყო. ეს კი ჭკვიანური არაა! მას არაფერი აქვს საერთო ჩვენს პარტიასთან, იმიტომ, რომ გარიცხულია ძალზედ უმსგავსი საქციელისათვის ... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, მე თუ ვნახე, ცხვირ-პირს დავულეწავ" (ციტატის დასასრული).
ლევან ღოღობერიძე (1898-1937)
ეს ყველაფერი 1924 წელს ხდებოდა. ათი წლის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა: 1930 წელს ლევან ღოღობერიძე ფაქტობრივად საქართველოდან გააძევს (ჯერ მოსკოვში ოთხი წელი "წითელი პროფესურის ინსტიტუტში" სწავლობდა, შემდეგ კი როსტოვის ერთ-ერთი ქარხნის პარტკომი იყო) და დააქვეითეს. 1936 წელს დააპატიმრეს, ერთი წლის შემდეგ დახვრიტეს. სამაგიეროდ იმავე პერიოდში "აღნიაშვილების კლანი" მოძლიერდა: პეტრე აღნიაშვილი 1932 წლის მარტში საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. 1933-1934 წლებში ის საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივანი იყო, 1935-1936 წლებში კი ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მისი უმცროსი ძმა, ლევან აღნიშვილი, რომლის ცემასაც ლევან ღოღობერიძე აპირებდა, 1930 წლიდან იყო ამიერკავკასიის სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დირექტორი, 1932-1935 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 1935-იდან საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე. თუმცა მტრისას ამგვარი "მოძლიერება": ორივე ძმა 1937 წელს დახვრიტეს. 1934 წლის 14 სექტემბერს ნ. მიწიშვილის (რომელიც ლ. ღოღობერიძის საქართველოდან მოშორების შემდეგ თავს დაუცველად გრძნობდა) მიერ ლ.ბერიასა და ლ. აღნიაშვილისთვის (სავარაუდოდ) გაგზავნილი წერილის შესახებ საუბარი კიდევ მექნება. ასევე შევეცდები ავხსნა, თუ რას ემყარებოდა ლავრენტი ბერიას "შერჩევითი სამართალი" ( "ამას დახვრეტა, ამას სიცოცხლე") და რა პრინციპით ადგენდა ის დასახვრეტთა სიებს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ "დიდი ტერორის" ამსახველი მრავალი ახალი დოკუმენტია ხელმისაწვდომი და სასაუბროც საკმაოდ იქნება. იმ უმძიმეს წლებში გმირობას ნურავის მოვთხოვთ, თუმცა არც "გმირ-კერპების" ხელოვნურად შექმნაა საჭირო. ვთქვათ სიმართლე, დოკუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული სიმართლე, რომელიც უკლებლივ ყველა მწერალს შეეხება. თუმცა არ ვიცი, ყველას ესიამოვნება მწარე სიმართლე?
პ.ს. ერთ-ერთ მკითხველს აინტერესებდა, თუ ვინ და რატომ მალავს რეპრესირებული ქართველი მწერლების მძიმე ცხოვრების ამსახველ რეალურ ფაქტებს. წაიკითხეთ ლიტერატურული წერილები "ცისფერყანწელების" შესახებ და ავტორების გვარებსაც ნახავთ. თუმცა, ჩემი აზრით, ფაქტების შელამაზება "კარგი" განზრახვით ხდება: უნდათ საყვარელი პოეტი ან პროზაიკოსი ბოლშევიკებთან მებრძოლ პატრიოტად და იდეალურ პიროვნებად წარმოაჩინონ. თუმცა კიდევ გავიმეორებ: ისტორიის შელამაზებაც ისტორიის დამახინჯებაა!