რა შეიცვლება თურქეთის პოლიტიკაში, თუ არჩევნებში რეჯეფ ერდოღანი დამარცხდება და ოპოზიცია გაიმარჯვებს
ბრიტანული ჟურნალის - "ეკონომისტის" (The Economist) ბოლო ნომერში (28 აპრილი - 04 მაისი) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ თავის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეცვლიდა", რომელშიც, მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განხილულია თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის სავარაუდო ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანი და მისი პარტია არჩევნებში დამარცხდება და ოპოზიცია გაიმარჯვებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით
"რეჯეფ ერდოღანის მაგია არ მუშაობს. არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა, თურქეთის პოპულისტ ლიდერს კი ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაღოღლუ რეიტინგით, ფაქტობრივად, კვალდაკვალ მისდევს და რიგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც. გამოკითხვების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ორ ტურად ჩატარდება.
პრეზიდენტი, რომელიც პოსტის შენარჩუნებისათვის იბრძვის, ცდილობს, პოპულარობა დაიბრუნოს - ამ მიზნით სახელმწიფო სახსრების ხარჯვას არ ერიდება და კუნთების თამაშს აგრძელებს. იმავდროულად, რეჯეფ ერდოღანი მხარდაჭერას ეძებს საზღვარგარეთაც, სადაც ერთი მხრივ, ნატოს წევრებს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთსა და სხვა ავტოკრატიულ მოკავშირეებს შორის ისე ბალანსირებს, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა.
რით გამოიხატება ბალანსირება? ბოლო თვეებში თურქეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ფინეთის ნატოში მიღებაზე, რომელსაც გასული წლიდან ბლოკავდა, აუკრძალა თურქულ კომპანიებს რუსეთისათვის დასავლური სანქცირებული პროდუქციის მიწოდება და ისევ თავს ევლება იმ დასავლელ კომპანიებს და ინვესტორებს, რომლებიც თავის დროზე თურქეთიდან გააძევა და ახლოს არ იკარებდა. პარალელურად, რეჯეფ ერდოღანმა დაარწმუნა თავისი მომხრეები, რომ მას არ აღელვებს, თუ რას ფიქრობენ დასავლეთის სახელმწიფოები თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე და უფრო მეტიც - პრეზიდენტმა დასავლეთი მისი მეტოქეების, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერაში დაადანაშაულა: "[დასავლეთის] მტრული პოზიცია ერდოღანის მიმართ - ეს არის მტრული პოზიცია ჩემი ხალხის მიმართ", - განაცხადა ამას წინათ თურქეთის მეთაურმა, - "შესაბამისად, ჩემი ხალხი ამ შეთქმულებას ჩაშლის".
თურქეთის ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან ბოლო ათი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე დაბალ და უარეს ნიშნულზე იმყოფება. ერთი მხრივ, ანკარას, ხოლო მეორე მხრივ - ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მწვავე უთანხმოება რიგმა საკითხებმა გამოიწვია: თურქეთის მიერ რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შეძენამ, თურქეთის არმიის შეტევამ სირიელი ქურთების ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ (რომლებსაც აშშ ეხმარება), აშშ-ის მხარდაჭერამ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე შეთქმულთა მიმართ, საზღვაო საზღვრების გამო დაწყებულმა დავამ კვიპროსთან და საბერძნეთთან.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ თურქეთში ოპოზიცია გაიმარჯვებს, დიპლომატიური კურსი გადაიხედება და ანკარასა და დასავლეთს შორის შექმნილი დაძაბულობა, ალბათ, ჩაცხრება, მაგრამ ანალიტიკოსები, დიპლომატები და ოპოზიციური პოლიტიკოსები უარყოფენ იმ ვარაუდებს, რომ რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვლება.
თურქეთის ახალი მთავრობა, ალბათ, ზომებს მიიღებს ეკონომიკის აღსადგენად და მისი გაჯანსაღებისათვის, გაათავისუფლებს ზოგიერთ პოლიტიკურ პატიმარს საპყრობილედან, დაიწყებს რეჯეფ ერდოღანის მიერ შექმნილი ავტოკრატიული სისტემის დემონტაჟს... შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას დასავლეთი კეთილგანწყობით შეხვდებოდა. ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, თურქეთს დაუყოვნებლივ მოუტანდა დივიდენდებს, მაგალითად, გააქტიურდებოდა ჩიხში შესული მოლაპარაკებები თურქეთსა და ევროკავშირს შორის, საბაჟო ორგანოების მოდერნიზების თაობაზე. ნატოელ მოკავშირეებს, ალბათ, მოეწონებოდათ ახალი მთავრობის ტონისა და მიდგომის შეცვლა ერდოღანისეული ლოზუნგის მიმართ - "ანკარა - უპირველეს ყოვლისა". დღეს ოპოზიცია ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გატარდება გამოცდილი და პროფესიონალი დიპლომატების მიერ და, სავარაუდოდ, მოიხსნება პრობლემა შვედეთის ნატოს წევრად მიღების შესახებ, რომლის წინააღმდეგ რეჯეფ ერდოღანი გამოდის.
მაგრამ რაც შეეხება თურქეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, ასევე, ქურთულ ტერორიზმთან და სირიელ ქურთებთან, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავრობა საეჭვოა, ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს და უფრო აქტიური როლი შეასრულოს უკრაინის ომთან მიმართებით. ახალი ხელისუფლება უფრო ერდოღანისეულ საშუამავლო როლის შესრულებას გააგრძელებს, ვიდრე უშუალოდ დაიკავებს რომელიმე დაპირისპირებული მეტოქის მხარეს. "თურქეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იზიარებს იმ აზრს, რომ ამერიკა რეგიონში სამუდამოდ ვერ დარჩება", - ამბობს ქ-ნი ნიგარ გოქსელი, სტამბოლში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის - Crisis Group-ის თანამშრომელი, - "ეს გარემოება რუსეთთან კონფრონტაციის სურვილს ასუსტებს. სავარაუდოდ, მომავალი ხელისუფლება ვერ გაბედავს რაიმე ანტირუსული მკვეთრი ნაბიჯის გადადგმას, რადგან გაიზრდება რუსეთთან უშუალო დაპირისპირების რისკები".
ალბათ, თურქეთ-ამერიკას შორის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი შეიძლება განეიტრალდეს - მაგალითად, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების - С-400-ების საკითხი, რომლებიც რეჯეფ ერდოღანმა მოსკოვისაგან იყიდა და რომელმაც ამერიკული სანქციები გამოიწვია. მართალია, მათი მესამე მხარისადმი გადაცემას (ალბათ, უკრაინისადმი, როგორც ამას აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი ვარაუდობს) ახალი მთავრობა ვერ გარისკავს, მაგრამ, როგორც ოპოზიცია აცხადებს, "შეიძლება С-400-ები საწყობში შეინახონ, მისი გასაღები კი გადააგდონ". სავარაუდოდ, ახალ ხელისუფლებას ასევე შეუძლია უარი თქვას თურქეთში რუსეთის მიერ მეორე ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობაზე, რომელსაც რეჯეფ ერდოღანი ეთანხმება და იწონებს.
ახალ მთავრობას, ალბათ, მოუწევს, პოზიტიურად შეცვალოს დამოკიდებულება პარლამენტში მოქმედ მთავარ ქურთულ პარტიასთან, თუმცა არ იჩქარებს ზავის დადებას სირიელი ქურთების შეიარაღებულ რაზმებთან და არ გაიყვანს თურქეთის არმიის ქვედანაყოფებს სირიის ჩრდილოეთი ნაწილიდან, სადაც ქურთები ცხოვრობენ. სავარაუდოდ, შეწყდება ქალაქებში ქურთი ეროვნების მერების დევნა (როგორც ამას რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლება აკეთებდა 2017 წლიდან) და ციხიდან გათავისუფლდება ქურთი პოლიტიკოსი სალაჰადის დემირტაში, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი... "მაგრამ იმავდროულად გაგრძელდება ბრძოლა ქურთისტანის მუშათა პარტიის "ბოევიკებთან" და მათ სირიულ ფილიალებთან", - ამბობს თურქი ანალიტიკოსი ოითუნ ორხანი. მისი აზრით, ქემალ ქილიჩდაროღლუ შეეცდება, ურთიერთობა აღადგინოს სირიის პრეზიდენტ-დიქტატორ ბაშარ ასადთან, რომლის დამხობა რეჯეფ ერდოღანს ბოლო ათწლეულში სურდა (თუმცა ცოტა ხნის წინათ მან თითქოსდა პოზიცია შეიცვალა). რა თქმა უნდა, ნაადრევი იქნება იმის მტკიცება, რომ ანკარისა და დამასკოს ურთიერთობა უკეთესობისაკენ რადიკალურად შეიცვლება.
ის ტერიტორია, რომელიც თურქეთმა დაიკავა სირიელი ქურთების რაზმებთან ბრძოლის შედეგად, ბაშარ ასადთან მოლაპარაკების დროს მნიშვნელოვანი კოზირი იქნება. "რა თქმა უნდა, ახალი მთავრობა დაკავებულ მიწებზე უარს არ იტყვის", - ამბობს ოითუნ ორხანი, - "და როგორც რეჯეფ ერდოღანი ითხოვს, ლტოლვილების 3,6-მილიონიანი არმიის სირიაში დაბრუნებას, ამ მოთხოვნის შესრულების მცდელობას გააგრძელებს ახალი ხელისუფლებაც".
სირიასთან დამოკიდებულების საკითხს კომენტარს უკეთებს ერთ-ერთი ოპოზიციური მაღალჩინოსანი კანონმდებელი თურქეთის პარლამენტიდან, რომლის აზრით, "როგორც კი ბაშარ ასადი თავისი მოქალაქეების - ლტოლვილთა მიღების აუცილებლობას გააცნობიერებს, მაშინ, ალბათ, დადგება დრო, რომ ჩვენც დავიწყებთ საკითხის განხილვას სირიიდან თურქეთის არმიის ქვედანაყოფების გაყვანის თაობაზე, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება".
მოკლედ, დასავლეთისათვის ქემალ ქილიჩდაროღლუს სავარაუდო მთავრობა უფრო უკეთესი და ბევრად უპრობლემო პარტნიორი იქნებოდა ურთიერთობებში, მაგრამ - ვინ იცის... ამიტომ, ბრიუსელელმა თუ ვაშინგტონელმა კეთილმსურველებმა ენთუზიაზმის ნადრევად გამოვლენაზე თავი უნდა შეიკავონ". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ