"მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება" - ისტორია ქალისა, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს
თბილისში იასამნის ყვავილობის ხილვა ყველაზე კარგად ბოტანიკურ ბაღშია შესაძლებელი. ამიტომაც იქ ამ ულამაზესი სანახაობის დასათვალიერებლად მისული ხალხის ნაკადი არ წყდება და მუდმივი რიგებია. ბაღში დღეისთვის 98 ჯიშის იასამანი ხარობს. მათ რამდენიმე ათეული წელია, ნონა ანთიძე უვლის და პატრონობს. ქალბატონი ნონა აგრონომია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისერტაცია სწორედ იასამანზე აქვს დაცული... მეცნიერ ქალბატონს "იასამნების კეთილ დედოფალსაც" უწოდებენ... ის ახლა ambebi.ge -ს სტუმარია და გვიყვება როგორც თავის, ისე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის ისტორიას...
- დავამთავრე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და ამიტომ მუშაობა მიწევდა. ვიმუშავე საქართველოს სახელმწიფო ხეხილის სანერგეებში... მეექვსე კურსზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში რომ მოვედი და მას მერე აქ ვმუშაობ. პირველად მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილებაში ვიყავი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ქსენია ძლიერიშვილი იყო. საქმე მქონდა მერქნიან მცენარეთა თესლებთან. ვაგროვებდით თესლებს. სხვადასხვა სახელმწიფოდან თესლებზე მოთხოვნა მოდიოდა. დაინტერესებულები ჩვენგან იძენდნენ და ჩვენ - სხვებისგან.
- რომელ წელს დაიწყეთ ბოტანიკურ ბაღში მუშაობა?
- 1961 წელს... დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, აქ ორანჟერეაში გადმომიყვანეს, სადაც საოჯახო მცენარეები იყო. ბოტანიკურ ბაღში არის გარკვეული გეოგრაფიული ნაკვეთები, მათ შორისაა, არბორეტუმი, სადაც სხვადასხვა მცენარეა წარმოდგენილი. ეს დამთვალიერებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და იქაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე. პარალელურად ბოტანიკური ბაღის ფიჭვნარიც მებარა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს ტყე იყო წარმოდგენილი, რომელიც ხალხს ასევე ძალიან აინტერესებდა. იმ ნაკვეთებში ჩემი უშუალო განყოფილების გამგე ბატონი გიორგი მანაგაძე იყო, რომელიც ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეც გახლდათ - პარკ-მშენებლობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით, სურვილით და მონდომებით ბოტანიკურ ბაღში შეიქმნა იასამნების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც საქმიანობა მე შემომთავაზა. მახსოვს მკითხა, - ხომ არ გეწყინება, ამ საკოლექციო ნაკვეთზე რომ იმუშაოო? მანამდე იასამნებთან საქმე არასდროს მქონია. ვინაიდან ჩემი მხრიდანაც იყო დაინტერესებაც, შემოთავაზებას დავთანხმდი. იმ დროისთვის ბაღში რამდენიმე იასამნის სახეობა არსებობდა, ჯიშები არ იყო. შემდეგ საკავშირო მასშტაბით მივლინებაში დავდიოდი და სხვადასხვა რესპუბლიკიდან სხვადასხვა ჯიში ჩამომქონდა. თანამშრომლებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ, მივლინებიდან თავისი სურვილით მათაც ჩამოჰქონდათ სირინგარიუმისთვის ნერგები. ნელ-ნელა ივსებოდა ჩვენი კოლექცია...
- და ეს ნაკვეთი რომელ წელს შეიქმნა?
- 1970 წელს. 1988 წელს უკვე დატერასებული იყო და ჯიშები საკმაო რაოდენობით გვქონდა. ჩვენს პირობებშიც კალმით ბევრი გავამრავლეთ და ჯიშები რაოდენობაში მოგვემატა. დღეს 98 ჯიში გვაქვს უკვე. ძალიან საინტერესო ჯიშები პოლონეთიდან ჩამოიტანეს. ცხადია, სახელწოდება თითოეულს აქვს და ყველა ეტიკეტირებულია. ხალხის მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა ხოლმე, დასახელებები აინტერესებთ.
ვუვლით კოლექციას. რაც მთავარია, მუდმივად ვცდილობთ, რომ გავამდიდროთ... საერთოდ მსოფლიოში იასამანის 1500-ზე მეტი ჯიშია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა რაოდენობა აქვს. ისეთი უპრეტენზიო მცენარეა, რომ თითქმის ყველგან ხარობს...
- ამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, თურმე მას სააღდგომო მცენარესაც უწოდებენ, რადგან ყოველთვის სააღდგომოდ ყვავილობს. ამასთანავე ლეგენდა ქრისტეს აღდგომას და ღვთისმშობელს უკავშირდება... იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს, დამწუხრებულმა ღვთისმშობელმა თურმე მარტო გავლა გადაწყვიტა. ერთ-ერთი მცენარის ძირში ჩამოჯდა და ჩაეძინა. ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა.ხეს შეებრალა და გადაწყვიტა, ღამის სიგრილისგან თავისი ფოთლებით დაეფარა. როცა უფლის დედამ გაიღვიძა, ხედავს ფოთლებშია გახვეული. გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა. მიუახლოვდა და დალოცა - "ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე. შენი სახელი იქნება პასხალია (პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად). იასამანი, ანუ პასხალია არის აღდგომის სიმბოლოო... ლათინურად კი მას "სირინგა“ ჰქვია...
- ღვთისმშობელთან დაკავშირებით ეს ლეგენდა არ მსმენია, თუმცა არის ასეთი გადმოცემა - ნიმფა სირინგა მახინჯ, რქებიან პრინცს შეუყვარდა. სირინგა პრინცისგან გაიქცა. ის გარბოდა და პრინცი უკან მისდევდა. სადაც სირინგა გაივლიდა, იმ ადგილას იასამნის ბუჩქები ამოდიოდა. არის ასეთი ლეგენდაც, რომ მზისა და ცისარტყელას სხივები გაერთიანდნენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დაიძრნენ, სადაც გაივლიდნენ და სხივები სადაც ეცემოდა, იქ იასამანი ამოდიოდა... გააგრძელეთ კითხვა