"მოსკოვმა 10 წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით... ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ?" - ფათერაკიანი სვე-ბედის მწერლის ცხოვრება - კვირის პალიტრა

"მოსკოვმა 10 წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით... ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ?" - ფათერაკიანი სვე-ბედის მწერლის ცხოვრება

"...ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო..." - ლევან გოთუა. ვორკუტა, 1951 წელი.

სამშობლოს მოჭირნახულე და ფათერაკიანი სვე-ბედის მწერალი, მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა პირველად ბავშვობაში "გავიცანი" - ზაფხულის არდადეგებზე, სოფელ არგვეთში სტუმრობისას მისმა "გმირთა ვარამმა" ისე გამიტაცა, ოთახიდან ცხვირს არ ვყოფდი და თავაუღებლად ვკითხულობდი... ეგ კი არა, კაკლის მურაბაც მაშინ შევიყვარე - ისე ხატოვნად აღწერდა რომანში კაკლის მურაბის ეპიზოდს, ჩემს ბაბუდა სოფიოს კაკლის მურაბის არსენალი სრულიად გავუნადგურე. მერე, "დიდობაში", კიდევ უფრო დავუახლოვდი მას, რადგან მისი მეუღლეც გავიცანი, ქალბატონი ციცო ალხაზიშვილი და ქალიშვილი ლელა გოთუაც. თუმცა მანამდე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანმა ამბავმა გადამაჯაჭვა მასთან - სტუდენტობისას ჯგუფ "ხომლის" წევრებთან და ალექსანდრე და ალექსანდრა ჯაფარიძეების ძმისშვილ, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ივანე ჯაფარიძესთან ერთად ჩემს პირველ, საოცნებო ექსპედიციაში გავემგზავრე კარვებით და საძილეებით... მის და კიდევ რამდენიმე დიდი ქართველის ნაკვალევზე - იდუმალ ხვამლის მთაზე. ჩემმა მეგობრებმა ჩემს გაცნობამდეც იმოგზაურეს ხვამლზე და მის ერთ-ერთ გამოქვაბულში ლეგენდად ქცეული მთამსვლელების - და-ძმა ჯაფარიძეების, ლევან გოთუასა და კიდევ რამდენიმე ღვაწლმოსილი ადამიანის 1940-იანი წლების ხვამლის ექსპედიციისას დატოვებულ წერილებს მიაკვლიეს, თბილისში ჩამოიტანეს და საზოგადოებასაც გააცნეს. სხვათა შორის, ბატონი ლევანის მონათხრობი საიდუმლოებით მოცული ხვამლის მთის შესახებ წიგნად პირველად ჩვენმა გამომცემლობამ - "პალიტრა L"-მა გამოსცა.

gotua.jpg

ცხოვრების 66 წლიდან 22 წელიწადი ანუ თითქმის მეოთხედი საუკუნე ლევან გოთუამ შორეულ ჩრდილოეთში, "მავთულსიქითა" სამყაროში გაატარა. მახსოვს, სპელეოლოგი და ჟურნალისტი, აწ განსვენებული ჯუმბერ ჯიშკარიანი, რომელსაც, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ლევან გოთუასთან 13-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, მიამბობდა, - განცვიფრებას იწვევს, როგორ გაუძლო მან საკონცენტრაციო ბანაკებში გამეფებულ არაადამიანურ პირობებს და მაინც როგორ დარჩა ბოლომდე სულიერად სპეტაკ ადამიანად; ან როგორ შეძლო, "სიკვდილმისჯილთა საკანში" მრავალგზის ჩაბორკილმა, ასეთი ამაღლებული მემკვიდრეობის შექმნა, რომელმაც ხალხის ჭეშმარიტი სიყვარული მოუპოვაო.

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ლევან გოთუა რამდენჯერმე დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მიმოწერისა თუ ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, სამშობლოსა ღალატის, პროპაგანდისა და აგიტაციის გზით სსრკ-ის დამხობის მცდელობის მუხლით.

gotua2.jpg

ლევან გოთუას ბარათებიდან:

"...ისევ შორეული მხარე და მარტოობა, თითქოს განგებას შემოწერილი მაქვს. რა ვქნა, რა გზას დავადგე, ვერაფერი ვერ შევძელი, რაც არის, არის..."

"ჩემდა საბედნიეროდ, მოსკოვმა ჩემს მიმართ ადამიანობა გამოიჩინა - დახვრეტა შემიცვალა და ათი წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით, როგორც გამოუსწორებელ, მძლავრ პოლიტიკურ მოღვაწეს..."

"ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!"

სოლოვკების, ნარიმის, ბიისკის ბანაკების შემდეგ ლევან გოთუა ვორკუტაში აღმოჩნდა - საკონცენტრაციო ბანაკში, რომელსაც მწერალი ნადირებით სავსე ბუნაგს უწოდებს. იმ "ბუნაგში" მეფობდა არაადამიანური პირველყოფილი ყოველგვარი სიდუხჭირე, წამება და წვალება, მორალური თუ ფიზიკური განადგურება, იქ პატიმრები ყოველგვარ უფლებას მოკლებული მონები იყვნენ: "ვერც კი წარმომიდგენია, საიდან მოდის ეს სისასტიკე და გესლი. მე მიკვირს, კაცს, რომელმაც რა არ გადავიტანე".

levan-gotua-marjvn-1683478510. მეორე)(1).jpg

სად და როგორ დაიწერა ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"

იმ შორეულ ჩრდილოეთში, იმ სისასტიკეში - ვორკუტის უმკაცრესი რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკში იწერებოდა ლევან გოთუას "გმირთა ვარამიც". მწერლის "ვორკუტლაგერელი" ქართველი მეგობარი, ბატონი რეზო ტყავაძე იხსენებდა: "პოლიტპატიმრებს ზურგზე, მარცხენა მკლავზე და მარჯვენა ბარძაყზე ჩვენი კუთვნილი ნომრები გვქონდა დაკერებული. საღამოს ათ საათზე, როდესაც საღამოს ცვლის ბრიგადები სამუშაოდან ბრუნდებოდნენ და ღამის ცვლა სამუშაოდ გადიოდა, ბარაკებში ყოველდღიური "გადათვლა" ტარდებოდა. შემდეგ ბარაკები დილის ექვს საათამდე მჭიდროდ ჩაიკეტებოდა. ბარაკის ფანჯრები გისოსებით იყო "გამაგრებული". ასეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო ბატონ ლევანს სამუშაო პირობები ჰქონოდა და მაინც, გამოინახა საშუალება: ბატონმა ლევანმა ელექტრიკოსის პროფესია "შეიძინა". იგი ყოველდღე გადიოდა სამუშაოდ მაღაროში, მეორე ჰორიზონტის მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო სადგურში, რომლის კარზეც მიამაგრა ფირფიტა წარწერით - "სასიკვდილოა!" აბა, რომელი ზედამხედველი გაბედავდა იქ შესვლას! ბატონი ლევანი თავაუღებლად მუშაობდა, ტრანსფორმატორის კედლის გვერდით ამოთხრილ ორმოში ჩაწოლილი, სანთლის შუქზე... ასე იწერებოდა ქართული პროზის ერთ-ერთი მშვენება - "გმირთა ვარამი". რაც შეეხება ხელნაწერის თბილისში გადმოგზავნას, ამ საქმეში დიდი წვლილი შეჰქონდა ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს - ერთ-ერთი მაღაროთა სამმართველოს მთავარ ინჟინერს, იმ დროს ვორკუტაში მცხოვრებ ინჟინერს, ბატონ კოლია კალაძეს, ომის დროს ვორკუტაში გასახლებულ გერმანელებს და ბევრ სხვა მადლიან ადამიანს".

ლევან გოთუას მეუღლის, ქალბატონი ციცო ალხაზიშვილის მონათხრობით ვიცი, რომ ვორკუტაში "გმირთა ვარამის" მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილი დაიწერა, მაგრამ მესამე და მეოთხე ნაწილი მწერალმა, უკვე გადასახლებიდან დაბრუნებულმა, საქართველოში შექმნა: - არმაზის სახლი დასრულებული არ გვქონდა, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და სწორედ იქ წერდა, ჩემს თვალწინ. ერთხელ, წერის დროს, შევნიშნე, ცრემლები ჩამოსდიოდა. - რა მოგივიდა, ლევან-მეთქი? - ვკითხე. Mწერალს სევდიანად უპასუხია, - ზაზა (ნაწარმოების პერსონაჟი - ავტ.) ჩამივარდა ორმოში და არ ვიცი, როგორ ამოვიყვანოო...

მახსოვს, ქალბატონმა ციცომ ისიც მითხრა, - ლევანი ძალიან კაცთმოყვარე იყო. ამდენი უბედურება გამოიარა და მაინც სჯეროდა ადამიანების, არც მახსოვს, ვინმე გაეკიცხა. ერთადერთხელ გამოვიდა წყობიდან, გამწარდა, როდესაც მის გამსამართლებელ ერთ-ერთ ჯალათს შემთხვევით გადაეყარა ქუჩაში. გაეკიდა კიდეც, მერე გამომიტყდა, მინდოდა, დამეხრჩო, მაგრამ მალევე მოვთოკე თავიო. ვერ მოვითმინე და ქალბატონ ციცოს ჩავეკითხე, თქვენთან უხსენებია იმ ადამიანების გვარები, ვინც სამშობლოს ღალატი დასწამა და გაასამართლა-თქო? მაშინვე მომიგო, - დიახ, რუხაძე და რაფავა იყვნენ ის ჯალათები. ლევანმა მიამბო, დაკითხვისას როგორ ურტყამდნენ, სცემდნენ, კიბეებიდან აგდებდნენ და საკუთარი სისხლით აწერინებდნენ ფურცელზე რაღაცებს. ნეკნიც კი ჩაუმტვრიეს... მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა სამშობლოო.

levan-gotua-sergo-zakariaze-da-sokrat-xurcilava1-1683478533.jpg

სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილი

ბატონმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა ლევან გოთუაზე საუბრისას მითხრა: - თუ როგორ მოიხადა ბატონმა ლევანმა თავისი სამწერლო და მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე, დღეს საყოველთაოდ ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა უკეთ დააფასებს ერისთვის თავგანწირული მამულიშვილის ღვაწლს... მწერლის ყოველი წერილი თავისებურად საინტერესოა, რადგან თითოეულ მათგანში მისი ტკივილიანი ბედ-იღბალის გარკვეული მონაკვეთი, ეპოქის სუნთქვა და უმკაცრესი სინამდვილეა აღწერილი. განსაკუთრებით სულისშემძვრელია მწერლის ერთ-ერთი უკანასკნელი ბარათი. ესაა წერილი-აღსარება. უფრო სწორად, ეს გახლავთ მწერლის ბიოგრაფია, რომელშიც დაუფარავადაა გაშიშვლებული იმ ავბედითი წლების მთელი მანკიერებანი და მწერლის თავს დატეხილი მრავალი განსაცდელი. წერილი 1955 წლის 28 ივლისითაა დათარიღებული:

"...ჩემო კარგებო! ჩემი ვადა დამთავრდა 12. VII, დღეს კი ისევ გამომიცხადეს ბანაკის დატოვება და კომენდატურასთან შეთანხმებით თავისუფალ გადასახლებაში გადასვლა. ესეც ისევ ჩემი ბედის უკუღმა ტრიალია. მე, რა თქმა უნდა, განთავისუფლებაზე უარი განვაცხადე; ისევ დავწერე განცხადება, რომ სანამ მოსკოვიდან ჩემს შესახებ პასუხი არ მოვა, ჩათვლები უკან წაიღეთ და მე აქ დამტოვეთ-მეთქი..."

ბანაკის ჯოჯოხეთური რეჟიმისგან განაწამები ხალხი ცდილობდა, როგორმე ციხიდან გაეღწია, ის კი კვლავ ბანაკში დარჩა და ნებაყოფლობითი პატიმრობა განაგრძო, რადგან ბატონი ლევანისთვის თავისუფლებას, საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა: "პატიმრები, ზედამხედველები და უფროსები გაკვირვებულები არიან და შეწუხებულები შემომცქერიან, ჩემს ჯიუტობას ჭკუაზე შეშლას აბრალებენ, - ლევანი ისე მიაჩვიეს ამ ცხოვრებას, რომ თავისუფლად უკვე ვეღარ იცოცხლებსო, - ირონიით ამბობენ ისინი. ჩემს ტრაგიკომედიას დასცინიან. ასეთი რამ ბანაკის პირობებში არ მომხდარაო... ჩრდილოელი ქართველები შეწუხებულები და აღშფოთებულები მეხვეწებოდნენ და მარწმუნებდნენ - ლევან, ქალაქში მაინც სხვაა, ზედამხედველების, ძაღლების, ნომრის, იძულებითი შრომის, დამცირებისა და დაცინვის გარეშე იქნები ჩვენთან ერთად. ჩვენ დაგეხმარებით ყოველმხრივ, უფრო მეტს დაწერ და შენს მწერლობას გააღრმავებო. მე გავჯიუტდი. ეს ხომ ჩემი სამუდამოდ საქართველოს, თბილისის და თქვენს გარეშე არსებობა იქნება და არა ცხოვრება, რომელიც ვგრძნობ, თანდათან იფერფლება... მე ახლა ხანდაზმული ვარ, 50 წლისა. გადატანილი ჭირ-ვარამით მთელ ჩემ ცხოვრებაზე ბევრად ასაკოვანი და ხანდაზმული. ახლა კი ჩემს თავზე ექსპერიმენტებს ვეღარ ავიტან. მე მარტო ჩემი სამშობლო მინდა, რომ იქ მერგოს სასუფეველი..." ნებაყოფლობითი პატიმრობის ორმოცდამეექვსე დღეც მიიწურა. ბატონ ლევანს სხვებმაც მიბაძეს. პატიმრობის ვადადამთავრებულებმა თავისუფალ გადასახლებაში წასვლაზე უარი განაცხადეს და ბანაკში დარჩნენ. მოსკოვიდან კი პატიმართა მოთხოვნაზე პასუხი იგვიანებდა. ან როგორღა მოვიდოდა? თურმე, ბანაკის ადმინისტრაცია მოსკოვში გასაგზავნ წერილებს (საჩივრებს) კი არ გზავნიდა, უბრალოდ ადგილზე აგროვებდა. პატიმრები გათამამდნენ. მალე სამუშაოზე გასვლაც შეწყვიტეს და გაფიცვა გამოაცხადეს. "გაფიცვა საყოველთაო გახდა... გაფიცვას სათავეში ჩაუდგა ჩვენი მეგობარი იგორ დობროშტანი. როგორც ყოველთვის ქართველები ისევ მოწინავე ხაზზე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ეს გაფიცვა უსათუოდ თავისუფლებას მოგვიტანს, თუ სადმე დარჩა სამართალი. თითქოს წინათგრძნობაც ამას მეუბნება..." ახდა ბატონი ლევანის წინათგრძნობა. 1955 წლის აგვისტოში ჯოჯოხეთგამოვლილი ადამიანი, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა - ამჯერად უკვე სამუდამოდ და დაიწყო მჩქეფარე შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

"გმირთა ვარამს" არნახული წარმატება ჰქონდა... მწერალი ზედიზედ ბეჭდავდა რომანებს, ნოველებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პუბლიცისტურ წერილებს, შეიქმნა ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი საკითხავი - "მგზავრული კრიალოსანი". მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მისი "მეფე ერეკლე" რომ დადგა, თურმე, სპექტაკლებზე საოცრება ხდებოდა - მაყურებლის ტაში ლამის მთელ "პლეხანოვს" ესმოდა. მის სიცოცხლეში დაიდგა პიესა "აღმაშენებელიც", სადაც დავით აღმაშენებლის როლს დიდი მსახიობი გიორგი (ჟორა) შავგულიძე ასრულებდა. ესეც გასაოცარი სპექტაკლი გამოსულა. "გმირთა ვარამი" კი მისი სიკვდილის შემდეგ დადგა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა და ალექსანდრეს როლში ბატონი თენგიზ არჩვაძე ათამაშა. ურიგო არც დღეს იქნებოდა მწერლის პიესების დადგმა, უფრო ზუსტად, ურიგო კი არა, ძალიან აქტუალური იქნება.

შინ, სამშობლოში დაბრუნებული ნატანჯ-ნაწამები, მაგრამ გაუტეხელი და თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული მწერალი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს მთასა და ბარში და, როგორც გითხარით, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა... ეს ბედნიერება მხოლოდ 17 წელიწადს გაგრძელდა.

ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს, 67 წლისა გარდაიცვალა. ნათესავების სურვილით, თავდაპირველად იგი არმაზში, თავის აგარაკის ეზოში დაკრძალეს, შემდეგ კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვითა და ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გადაასვენეს. მახსოვს, მისმა ქალიშვილმა ლელამ მითხრა კიდეც: - მამა მცხეთის წმინდა მიწაში ასვენია, ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოსო!

(სპეციალურად საიტისთვის)