აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს - კვირის პალიტრა

აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს

სიტყვა "აქონდროპლაზიას" დღევანდელ საქართველოში ხშირად გაიგონებთ.

"აქონდროპლაზია გენეტიკური დარღვევაა, ასეთი ადამიანების ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა, აქონდროპლაზია კი განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით, რაც იწვევს ამ გენით კოდირებული ცილის გაძლიერებულ წარმოქმნას. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვის ზრდის პროცესში ხრტილის ძვლად გარდაქმნას აფერხებს, კიდურების ძვლების შენელებულ ზრდას იწვევს და, ამასთან, დაკავშირებულია ბევრ სხვა სიმპტომთან.

აქონდროპლაზიის მქონე ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე საშუალოდ 131 სანტიმეტრია, ხოლო ქალის - 123 სანტიმეტრი. სხვა გამოვლინებები შეიძლება გამოიხატოს თავის ზომის გადიდებითა და გამოკვეთილი შუბლით. გართულებები შეიძლება მოიცავდეს ძილის აპნოეს ან ყურის განმეორებად ინფექციებს. აქონდროპლაზიას ასევე ახასიათებს მოკლე კიდურების ჩონჩხის დისპლაზია მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტით". (წყარო) აქონდროპლაზია 27 500-დან დაახლოებით 1 ადამიანში ვლინდება. ეს დაავადება ნანიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გამოცდილი ექიმების თქმით, ნანიზმის შემთხვევათა 70% სწორედ აქონდროპლაზიის წილად მოდის. ამ დაავადების გამო, ადამიანის ორგანიზმი ზრდას წყვეტს და ზრდასრული ადამიანის სიმაღლე, როგორც აღვნიშნეთ, საშუალოდ, 120-130 სანტიმეტრია.

ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე ცნობილ პიროვნებაზე, რომელსაც ეს დაავადება ჰქონდა, თუმცა ამ ადამიანებმა წარმატებას თავიანთი ნიჭით მიაღწიეს და მსოფლიოს გაოცება შეძლეს.

არისტოკრატი, რომელმაც ენით უთქმელი სილამაზე შექმნა

„ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ერთი რამ: შეურიგდე… საკუთარ თავს“, - წერდა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი - ფრანგი ფერმწერი, რომელიც პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აღწერილია მე-19 საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ტულუზ-ლოტრეკისთვის ერთდროულად მშობლიურიც და მკაცრიც იყო. ფრანგი არისტოკრატების ოჯახში აღზრდილ მხატვარს მემკვიდრეობით ისეთი დაავადებები გადაეცა, რის გამოც, მისმა კიდურებმა ზრდა შეწყვიტა.

lotreki-1683027749.gif

მისი სიმაღლე 1,54 მ. იყო, თუმცა, ცხადია, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ენით უთქმელი სილამაზის ტილოები შეექმნა. ცნობილი ფაქტია, რომ კრისტის აუქციონზე მისი ადრეული ტილო, „ახალგაზრდა მრეცხავი“, იმ დროისთვის რეკორდულ ფასად - 22,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ტულუზ-ლოტრეკმა ხატვა 8 წლის ასაკში დაიწყო და ასეულობით ნახატი შექმნა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს ამშვენებს.

მსახიობი - "რობოტი"

ვიდრე "ვარსკვლავური ომები" მსოფლიოს დაიპყრობდა, ბრიტანელ მსახიობს - კენი ბეიკერს უკვე მრავალი როლი ჰქონდა შესრულებული. ჯორჯ ლუკასმა თავის ფილმში მას რობოტის როლი შესთავაზა და სწორედ ამ ფილმმა მოუტანა კენის ნამდვილი პოპულარობა. "ვარსკვლავურ ომებში" კენი ბეიკერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნიჭიერ მსახიობს შეუძლია ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს ნებისმიერი როლი, რომელსაც რეჟისორები შესთავაზებენ.

keni-beikeri-1683027698.jpg

ცნობილია, რომ ბეიკერის სიმაღლე მხოლოდ 112 სანტიმეტრი იყო, ადრე ის ცირკსა და კაბარეშიც მუშაობდა, მაგრამ "ვარსკვლავურმა ომებმა” მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. კენი ბეიკერმა ბოლო როლი "ვარკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდში შეასრულა - გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 81 წლის ასაკში. კენი ბეიკერი 2016 წელს გარდაიცვალა. თავად ჯორჯ ლუკასმა აღიარა, რომ ის "ვარსკვლავური ომების" სული და გული იყო".

"ოქროს გლობუსი" მეორეხარისხოვანი როლისთვის

პიტერ დინკლიჯი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი, გამორჩეული ვარსკვლავია: მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა "სამეფო კარის თამაშებში", რითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

piter-1683027642.jpg

პიტერმა სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო:

პირველად სცენაზე მეხუთე კლასში გამოვიდა და თავისი მომავალი პროფესია იმ დროიდან შეუყვარდა. ამის შემდეგ მრავალი როლი შეასრულა და პოპულარობის მწვერვალს "სამეფო კარის თამაშებში" მიაღწია. პიტერი თავიდან ყოყმანობდა, შეესრულებინა თუ არა ტირიონ ლანისტერის როლი, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ ეს მისი როლი იყო.

ცნობილია, რომ პიტერი ბავშვობიდან ვეგეტარიანელია, ამიტომ, ხორცი, რომელიც მის პერსონაჟს მაგიდასთან უდევს და რისი ჭამაც სცენარის მიხედვით უწევს, სინამდვილეში ჟელატინია. 1969 წელს დაბადებულ პიტერ დინკლიჯს ძალიან კარგი, ჰარმონიული ოჯახი აქვს: მსახიობი 2005 წელს დაქორწინდა ერიკა შმიდტზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს და მათი ოჯახი ჰოლივუდში სანიმუშოდ მიიჩნევა. აშკარაა, თავისი გმირის - ტირიონ ლანისტერისგან განსხვავებით, პიტერს პირად ცხოვრებაში ნამდვილად გაუმართლა. სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, მსახიობს მოპოვებული აქვს "ოქროს გლობუსი" სერიალში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, მაგრამ მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ამ სერიალში ტირიონის როლი სულაც არ არის მეორერისხოვანი...

343570427-1683027578.jpg

სტივენ სპილბერგის რჩეული

აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს შორის პოპულარული ქალებიც არიან, მათ შორის უნდა დავასახელოთ თამარა დე ტრეო - ამერიკელი მსახიობი, რომელიც ჯერ თეატრში მუშაობდა, მერე თავისი მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, მაგრამ მის კარიერაში გადამწყვეტი როლი სტივენ სპილბერგმა შეასრულა: სპილბერგმა ნიჭიერი მსახიობი თავის ფილმში მიიწვია. "უცხოპლანეტელი" - ასე დაარქვეს ფილმს, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. "უცხოპლანეტელი" ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა. ფილმმა არნახული პოპულარობა მოიპოვა, მისი შემოსავალიც რეკორდული გახლდათ. "უცხოპლანეტელი" კრიტიკოსებმა სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ნიმუშად აღიარეს. ამ ფილმში თამარა ტრეომ დაამტკიცა, რომ სიმაღლე და გარეგნობა წარმატებისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი."

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)