"ქოლ-ცენტრის" საქმეს შეეწირა ჩემი შვილი" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მამა
„ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი - სუს-მა მომიკლა შვილი, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე „ქოლ - ცენტრს“ ეხებოდა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.
„შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა. დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.
„ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.
გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო,“ - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
IPN