ჰოლივუდი უდიდესი კრიზისის პირისიპირ - გაიფიცა ათასობით სცენარისტი: რას ითხოვენ ისინი და რატომ ვერ ხერხდება შეთანხმება
ჰოლივუდში კინოსა და ტელეგადაცემების ათასობით სცენარისტი გაიფიცა მას შემდეგ, რაც ხელფასებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მთავარ ჰოლივუდურ სტუდიებთან ჩაიშალა.
ეს არის ამერიკის მწერალთა გილდიის წარმომადგენელთა პირველი მასშტაბური გაფიცვა ბოლო 15 წლის განმავლობაში. მედიის ცნობით, გაფიცულია 9 000-მდე სცენარისტი.სავარაუდოდ, გარკვეული დროით ეთერში არ გავა სატელევიზიო შოუები, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა და შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას ფილმების გადაღების თვალსაზრისით - შეფერხდეს გადაღებები.
2007 წელს ამერიკის მწერალთა გილდიის წევრები 100 დღით გაიფიცნენ, რაც ინდუსტრიას დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ამჯერად, სცენარისტები უპირისპირდებიან კინემატოგრაფებისა და პროდიუსერების ალიანსს, რომელიც წარმოადგენს ჰოლივუდუის მთავარი სტუდიების გაერთიანებას, მათ შორის, "დისნეისა" და "ნეტფლიქსს." სცენარისტები მოითხოვენ უფრო მაღალ ანაზღაურებას და ბონუსების მიღებას.
გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ აიკრძალოს სცენარის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რაზეც ვერ აღწევენ შეთანხმებას, რადგან სტრიმინგ კომპანიებს სურთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები უფრო მეტად დანერგონ კინემატოგრაფიაში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ შეთანხმებას სწრაფად ვერ მიაღწევენ, გაფიცვა ჰოლივუდს მილიარდობით დოლარი დაუჯდება.