უკრაინელი პარტიზანები რუსეთში "სარკინიგზო ომს" იწყებენ...
"სარკინიგზო ომი", ძირითადად, იმ შეიარაღებულ კონფლიქტებში იჩენს თავს, რომლებშიც მონაწილე ქვეყნებს მეტ-ნაკლებად განვითარებული სარკინიგზო მიმოსვლა გააჩნიათ.
ამიტომაც "სარკინიგზო ომები" ნაკლებად ან საერთოდ არ მომხდარა კორეის, ვიეტნამის და მით უმეტეს - ავღანეთის ომებში, სამაგიეროდ, სწორედ "სარკინიგზო ომი" გახდა დიდ თავსატეხად ჰიტლერის არმიის იმ შენაერთებისთვის, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ეწეოდნენ და მათი სრული მომარაგება, ძირითადად, ოკუპირებული ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორიებზე გამავალი სარკინიგზო გზებით ხდებოდა...
და, აი, 80 წლის შემდეგ ეს თავსატეხი "21-ე საუკუნის სარკინიგზო ომის" სახით, კრემლს თავად რუსეთის ტერიტორიაზე უბრუნდება და ისევ... უკრაინელი პარტიზანების ხელით!
1 მაისს რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩას სიახლოვეს (რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სამოციოდე კმ-ითაა დაშორებული), სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაზიანდა ორი სარკინიგზო თბომავლისა და 78 ვაგონისგან შემდგარი სარკინიგზო შემადგენლობა, რის შედეგადაც ლიანდაგებიდან გადავარდა თბომავალი და დიზელისსაწვავიანი რვა ვაგონი-ცისტერნა, რომლებსაც ხანძარი გაუჩნდათ...
ეს არის "სარკინიგზო ომის" ტიპური მაგალითი, რასაც ჯერ კიდევ ბერიას "ენ-კა-ვე-დე" ასწავლიდა გერმანელების ზურგში მოქმედ უკრაინელ და ბელარუს პარტიზანებს და შემდგომ - ანალოგიურ დივერსიულ მეთოდებს სარკინიგზო მიმოსვლების შესაფერხებლად მტრის ზურგში ხვეწდნენ "გე-ერ-უ"-ს დივერსანტებიც...
კარგად განვითარებული სარკინიგზო ქსელი რუსეთსაც და უკრაინასაც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩათ და ერთმანეთთან ომში ჩართული ეს ორი ქვეყანა ინტენსიურად იყენებს რკინიგზას ფრონტის ხაზზე მებრძოლი თავისი შენაერთების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.
უკრაინის რკინიგზას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ნატოს წევრი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა თუ რუმინეთის საზღვრებიდან დასავლური სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ქვეყნის აღმოსავლეთით დროულად და შედარებით მალულად გადასასროლად, ფრონტის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს...
ომის დასაწყისში რუსეთის საფრონტო ავიაციამ რამდენჯერმე სცადა უკრაინული რკინიგზის დაბომბვა მის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ საგრძნობი დანაკარგი განიცადა, რის შემდეგაც რუსეთის გენშტაბი უკრაინული სარკინიგზო სადგურებისა და რკინიგზის ხიდების დაბომბვას, ძირითადად, ფრთოსანი რაკეტებით ცდილობს, თუმცა ნაკლები საბრძოლო ეფექტიანობით, რადგან რკინიგზის ხაზის დაზიანების შემთხვევაში, უკრაინელები ძალზე სწრაფად, რამდენიმე საათში აღადგენენ მიმოსვლას.
აქ გასათვალისწინებელია ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი - მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ომის შემდეგ, სტალინის მითითებით, საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში სარკინიგზო ხაზების პარალელიზაცია მოხდა - ანუ მოწინააღმდეგეს ტაქტიკური ბირთვული ბომბითაც რომ აეფეთქებინა უკრაინაზე გამავალი ძირითადი სარკინიგზო ხაზი, მოძრაობა მაინც არ შეჩერდებოდა და გაგრძელდებოდა პარლელური სარკინიგზო მონაკვეთების გამოყენებით.
ამ საბჭოთა "დანატოვარით" დღეს ჭკვიანურად სარგებლობენ უკრაინელები და თუგინდ ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში სტუმრად ჩასულმა არა ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა, მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმაც, სწორედ უკრაინის რკინიგზით ისარგებლა და არა - უზარმაზარი "ბოინგით", რადგან დღეს უკრაინის ცაში სამგზავრო გადაფრენები ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს.
გარდა რაკეტებისა, რუსეთის გენშტაბი, დიდი ალბათობით, ასევე გეგმავს და შეიძლება ცდილობს კიდეც სიღრმული დაზვერვისა და დივერსიებისთვის მომზადებული სპეციალური ჯგუფები გადაისროლოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში, მათ შორის - რკინიგზის ხაზების, ხიდებისა და გვირაბების ასაფეთქებლად, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე ინფორმაციები არ იძებნება...
სამაგიეროდ, თავად რუსეთის რკინიგზაზე იწყება პარტიზანული თავდასხმები სარკინიგზო ხაზების დანაღმვისა და აფეთქებების სახით, რაც, უფრო ფართო მასშტაბებში გადასვლის შემთხვევაში, აუცილებლად გაურთულებს ლოგისტიკურ უზრუნველყოფას უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ და მებრძოლ რუსეთის საოკუპაციო ძალებს...
პ.ს.
"სარკინიგზო ომის" ფაქტები "ჩვენებურ ომებშიც" ხდებოდა, რომლის მომსწრე და მონაწილე ამ ბლოგის ავტორიც გახლდათ, ჯერ 1992 წლის აფხაზეთის ომში, როდესაც დანაღმული სამგზავრო ვაგონების შემადგენლობით გუმისთაზე გადმომავალი სარკინიგზო ხიდი ჩავხერგეთ გაგრის დაკარგვის შემდეგ, რათა მოწინააღმდეგეს არ ეცადა კუსტარულად დაჯავშნული და პლატფორმებზე დაყენებული ჯავშანტექნიკიანი სარკინიგზო შემადგელობით სოხუმისკენ შემოჭრა...
მეორედ, 2004 წელს, სპეციალური სარემონტო სარკინიგზო შემადგენლობით წლების განმავლობაში გაუქმებულ და ზედ ხეებამოსულ სარკინიგზო ხაზს ვასუფთავებდით ცხინვალის შესასვლელისკენ სანამ დანაღმულ მონაკვეთს არ მივადექით...