გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს.
როგორც სააგენტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, შემთხვევა 2 მაისს, ღამის საათებში მოხდა.
„სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.
სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან“, - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.