"ეს ერთგვარი რეფერენდუმიცაა - თურქეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ, გაგრძელდება თუ არა ერდოღანისა და მისი პარტიის 21-წლიანი მმართველობა" - კვირის პალიტრა

"ეს ერთგვარი რეფერენდუმიცაა - თურქეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ, გაგრძელდება თუ არა ერდოღანისა და მისი პარტიის 21-წლიანი მმართველობა"

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. თურქეთისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღში - რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავზე თურქეთის მოქალაქეებს მოუწევთ, გააკეთონ არჩევანი, რომელიც ქვეყნის მომავალსა და კურსს განსაზღვრავს. საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია, რომლის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა.

რა მნიშვნელობისაა 14 მაისს თურქეთში დაგეგმილი არჩევნები და რა შანსები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ამის შესახებ ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ვესაუბრეთ:

- თურქეთში დაგეგმილ არჩევნებს სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ეს თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავზე ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს თურქეთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია იმიტომ, რომ ამომრჩეველი არა მარტო ახალ პარლამენტს, დეპუტატებსა და პრეზიდენტს ირჩევს, ამავე დროს - ერთგვარი რეფერენდუმიცაა, სადაც თურქეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ, გაგრძელდება თუ არა ერდოღანისა და მისი პარტიის 21-წლიანი მმართველობა მომავალშიც; ასევე, გადაწყვეტენ, როგორი მმართველობის ფორმა იქნება თურქეთში მომავალში. თუ ერდოღანი და მისი პარტია გაიმარჯვებენ, შენარჩუნდება ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც აქამდე იყო, ხოლო თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, რომელიც არაერთფეროვანია (სხვადასხვა პარტია შედის), პირობა აქვთ დადებული, რომ თურქეთი საპარლამენტო მმართველობის ფორმას დაუბრუნდება, როგორც იყო ადრე, მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

- რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, უპირველესად, გვითხარით, რა მოუტანა თურქეთს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მმართველობის განმავლობაში? რის გამო უჭერენ მას მხარს და ამის საპირისპიროდ, რა შეიძლება გახდეს საფუძველი იმისთვის, რომ შემდეგი ვადით აღარ აირჩიონ?

- ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და აქვს ქვეყანას. უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, გზებით დაწყებული, ქალაქების მშენებლობით დასრულებული. ასევე, ამ მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით დასაწყისში, ქვეყანაში ძალიან მაღალი, 10-11%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იყო სირთულეებიც. ახლაც ეკონომიკაში გარკვეული სირთულეებია, მათ შორის - ლირის გაუფასურება და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, დასავლური ინვესტიციების გადინება და ა.შ. ასევე არის ლტოლვილების საკითხიც - თურქეთში სხვადასხვა ქვეყნიდან შესული 5 მლნ-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, განსაკუთრებით ბევრი - სირიიდანაა შესული. ლტოლვილები ქვეყნის შიგნით არა ერთ პრობლემას ქმნიან, რადგან ისინი, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს ართმევენ ადგილობრივებს, სახელმწიფოს დიდი ფინანსური დანახარჯის გაღება უწევს მათ (ლტოლვილების) შესანახად. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, იყო შემთხვევები, როდესაც თურქეთი რადიკალურად უპირისპირდებოდა რუსეთს, იყო დაახლოების მომენტებიც. დასავლეთთან ურთიერთობაშიც იყო როგორც დაპირისპირების, ისე - დაახლოების პერიოდებიც.

- პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა. ის 6 ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. როგორია მისი შანსი ერდოღანთან შედარებით და რა რესურსები აქვს მას?

- მართალია, ის ერთ დროს ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია, მაგრამ, ამავე დროს, ოპოზიციის საერთო კანდიდატიცაა. გარდა ამ 6 პარტიისა, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ გარედან, არაპირდაპირი გზით მას მხარს უჭერენ პროქურთული ძალები, რამაც გაზარდა მისი შანსები და იმ ხმების რაოდენობა, რომელიც შეიძლება მან მიიღოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უმეტესობა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, მეორე ტური გახდეს საჭირო, რადგან შესაძლებელია, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს საჭირო - 50%-ზე მეტი ხმა. თუ მეორე ტური გაიმართება, ჩატარდება 28 მაისს და შესაძლოა, სწორედ მეორე ტურში გადაწყდეს, ვინ გახდება თურქეთის პრეზიდენტი.

- რაც შეეხება დიდ ქალაქებს - რომელ კანდიდატს უჭერენ ისინი მხარს?

- რთულია იმის თქმა, ვის უჭერენ მხარს დიდი ქალაქები. არის ქალაქები, სადაც ხელისუფლება უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი და პირიქით - არის ქალაქები, სადაც ოპოზიციაა უფრო ძლიერი. ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც თურქეთში ჩატარდა, სამ ყველაზე დიდ ქალაქში - სტამბოლში, ანკარასა და იზმირში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, ამ ქალაქებში ოპოზიციის შანსები უფრო მეტია, მაგრამ არის ქალაქები, სადაც ხელისუფლება უფრო ძლიერი იქნება.

- 14 მაისს დაგეგმილი არჩევნები, ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან საერთაშორისო დატვირთვასაც ატარებს. არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება თურქეთის მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, მისი საგარეო კურსი და ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე - რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან...

- ამ არჩევნების მთავარი საკითხი საგარეო პოლიტიკა არაა, რადგან თურქეთი დიდი ქვეყანაა და წინასაარჩევნო კამპანიაც უფრო შიდა საკითხებზეა ორიენტირებული, მაგრამ საგარეო პოლიტიკასთან კავშირიც არის. თუ ერდოღანმა მმართველობა შეინარჩუნა, გაგრძელდება ის ტრადიციული პოლიტიკა, რომელსაც თურქეთი საგარეო მიმართულებით ახორციელებდა, მაგრამ, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, პირობა აქვს დადებული, რომ დასავლეთთან დაახლოებას მიანიჭებს უპირატესობას, მათ შორის - ნატო-სთან და ევროკავშირთან. თუმცა ერთია განწყობები, მეორე კი - რეალობა. ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან როგორც კონსერვატორები, ისე - ნაციონალისტური განწყობების პარტიები და მემარცხენე ცენტრისტული პარტია - „სახალხო რესპუბლიკური პარტია“, რომლის ლიდერიც ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა, ანუ ერთია წინასაარჩევნო დაპირება და მეორე - რამდენად შეძლებენ ამ დაპირების შესრულებას. უამრავი საკითხია დაგროვილი, მაგალითად, თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, რაც, შესაძლოა, გარკვეული სირთულეების შემქმნელი იყოს. ცალკე საკითხია, როგორი იქნება რუსეთთან ურთიერთობა; ასევე, როგორი იქნება პოზიციები უკრაინის ომთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, არჩევნების შემდეგ უფრო გამოიკვეთება.

- თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორია. რა გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებმა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?

- საქართველოს თურქეთთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობები აქვს, განურჩევლად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში - გინდ საქართველოში, გინდ - თურქეთში. ამას ვხედავთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს ყველა სფეროში - დაწყებული ეკონომიკით, ასევე, სამხედრო მიმართულებით. ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება. ქვეყნების მოკავშირეობა ხშირად სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ საერთო ბედი არგუნა ისტორიამ. თურქეთი მხარს უჭერს და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. საქართველოს ინტერესები კი არის ის, რომ თურქეთი წარმატებული, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა იყოს. ათწლეულობის განმავლობაში თურქეთი ჩვენთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - უამრავი ქართველი მუშაობს თურქეთში და ა.შ. ვინც უნდა იყოს თურქეთის ხელისუფლებაში, ვფიქრობ, საქართველოსთან ახლო მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ლიკა რუაძე