მეცინება, უბნების მიხედვით დღესაც თუ ყოფენ ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ...
ხანდახან დღესაც მესმის მსგავსი რამ. განათლებული რომ მგონია ადამიანი და მეუბნება, შენ ისანში რა გინდა და მეც, გულუბრყვილოდ ვიწყებ - თბილისის მთავარი კარიბჭე აქ იყო, თამარ მეფის სასახლე აქ იდგა... ალბათ, არც ღირს... უბრალოდ, აქვე გულწრფელად ვიტყვი, რომ სააკაშვილმა უბნების ეს უაზრო დაპირისპირება („ნახალოვკელი“ ვარ, ძმაო“, „პლეხანოველს“ როგორ უბედავ“ და...) მართებულად მოშალა. ჩემი წინაპრებიც ძველი პლეხანოველები იყვნენ, მაგრამ ამჯერად როგორ ნაწილდებოდა თბილისის უბნები და როგორ იცვლებოდა ქალაქი, ამით დავინტერესდი. მოდი, მივყვეთ ამბებს.
თბილისის უბნებად დანაწილების შესახებ მითითება ჯერ კიდევ მე-8 საუკუნის ქართულ წყაროში მოგვეპოვება. საქართველოს დედაქალაქის უბანთა შესახებ, საერთოდ, მცირე ცნობებია, მაგრამ ვიცით, ქალაქის უბნებისა და სახელების ძირითადი საფუძველი ქალაქის მოსახლეობის საქმიანობა, ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება იყო, რომ სწორედ ეს უდევს საფუძვლად ქალაქის უბანთა იმგვარ სახელწოდებებსაც, რომელნიც ქალაქის ცალკეული უბნების მოსახლეობის ტომობრივ-სარწმუნოებრივ განსხვავებაზე მიგვითითებენ.
მაგალითად, იყო „ურიათა უბანი“, „მოგვთა (სპარსელთა) უბანი“, „ქართველთა უბანი“ და სხვა. მაგრამ ეს ქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობის მარტო ტომობრივ და სარწმუნოებრივ განსხვავებაზე კი არ მიუთითებდა, არამედ - ამა თუ იმ ტომის საქმიანობის ხასიათზეც, მათ განსხვავებულობაზე.
რაკი ქალაქის უბნებად დანაწილების საფუძველი მაინც მოსახლეობის საქმიანობა იყო, უბნების ეს ძველი, ტომობრივ-სარწმუნოებრივი სახელები თანდათან გაქრა და ქალაქის უბნები მოსახლეობის საქმიანობის მიხედვით იწოდებოდა.
მე-17-მე-18 საუკუნეების მასალებიდან ვიცით, რომ თბილისში გარკვეული დარგის ხელოსანთა ცალკეულ რიგებს და უბნებს, ამავე ხელობის მიხედვით, თავისი სახელები ერქვა. ასე მაგალითად, ვერცხლის ვიწრო ქუჩაზე ჩამწკრივებულ ოქრომჭედელთა რიგს „ზარგარხანას“ უწოდებდნენ. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ცალკე იყო „ხარაზხანის ბაზარი“ ანუ ხარაზების უბანი, ცალკე იყო „სირაჯხანა“ ანუ მეღვინეების, ღვინის და არყის გამყიდველთა უბანი. ერთ უბანში იყვნენ მოკალათებულნი სხვადასხვა ქსოვილთა მღებავები, ამ უბანს „ლილახანას“ უწოდებდნენ. ცალკე მუშაობდნენ ფეხსაცმლისა და სხვა დანიშნულების ტყავის მკეთებელნი. მათ უბანს „დაბახანას“ უწოდებდნენ. ცალკე რიგს ქმნიდნენ მექვაბეებიც - ამ უკანასკნელს „მექვაბეების ბაზარი“ ეწოდებოდა და ასე შემდეგ.
თბილისში ხელოსანთა გარკვეული დარგების ცალკეულ უბნებში თავმოყრის ასეთი განლაგება და დასახელება დიდხანს დარჩა. იგი შესამჩნევი იყო მე-20 საუკუნის დამდეგსაც. ასევე, ზოგიერთ ქუჩას თავის დროზე თავმოყრილი ხელოსნების სახელი შერჩა გვიანობამდე. მაგალითად, „ვერცხლის რიგი“, „სირაჯხანის აღმართი“, „ბამბის რიგი“ და სხვა.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ამგვარ უბნებად თბილისის დანაწილება ეკონომიკური ცხოვრების ნაყოფი არ იყო; ამას თავისი საფუძველი შუა საუკუნეების საქალაქო ცხოვრებაში მოეპოვება.
მოგვიანებით, როდესაც 300 არაგველის სახელობის ბაღთან არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს უბანი მე-12-მე-13 საუკუნის თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელოსნო უბანი ყოფილა. 1800 წლის თბილისის გეგმამ ამ საინტერესო უბნის სახელწოდების დადგენის შესაძლებლობაც მოგვცა. ამ ადგილს, სადაც გათხრები წარმოებდა, გეგმის მიხედვით „ხალან ხანა“ ეწოდებოდა.
რას ნიშნავს ხალან-ხანა? ეს სახელი, ისევე, როგორც „დაბახანა“, „სირაჯხანა“ და სხვა, შედგენილი სიტყვებია, მისი პირველი ნაწილი - “ხალანი“, „ხალამი“ დღესაც ცოცხალია ქართულ მეტყველებაში და პირფართო და ძირფართო თიხის ჭურჭლის აღმნიშვნელი ტერმინია. ამ სიტყვის მეორე ნაწილი - „ხანა“, უცხოურიდან - ახალი სპარსულიდან ქართულში დიდი ხნის შემოსულია და სახლის, ადგილის აღმნიშვნელია. ამგვარივე სახელწოდება შერჩა ამ უბანს მას შემდეგაც, რაც იგი უცხოელთა წყალობით მოისპო და მიწითა და ბაღებით დაიფარა. ტერმინის შინაარსი და იმ ადგილზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალები სავსებით შეესატყვისებიან ერთმანეთს. სხვათა შორის, ამ გათხრებმა გამოავლინა თიხის ჭურჭლეულობის გამოსაწვავი ექვსი „ქართული ქურა“...
ქალაქს რამდენიმე უბანი ჰქონდა და მის ზრდასთან ერთად, ქალაქის უბნების რაოდენობაც იზრდებოდა და - ქალაქის სახეც. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ადრინდელი გარეთუბანი ქალაქის ცენტრად იქცეოდა ხოლმე. მაგრამ ზემოთქმულით არ ამოიწურება თბილისის უბნების დანაწილების საფუძვლის განმარტება.
ამ გადანაწილების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაინც კლასობრივი, სოციალური ურთიერთობა იყო. ძველი თბილისის ცენტრალურ უბანში ფეოდალური არისტოკრატია - მეფე, სამეფო სახლის წევრები, თავადები, აზნაურები და სხვა მდიდარი ვაჭრები იყვნენ მოკალათებულნი, სხვა უბნებში კი - ქალაქის სხვა მოსახლეობა. მაგალითად, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გოლოვინის პროსპექტი (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), სოლოლაკის და მთაწმინდის ნაწილი, წარმოადგენდა ქალაქის არისტოკრატიის უბნებს. აქ იყო უკვე სწორი და ფართო ქუჩები, დიდი და ლამაზი სახლები... "ცუდ უბანს" კი წარმოადგენდა ერევნის მოედნიდან სამხრეთით, მტკვრამდე, ჩრდილო-დაქანებიდან მდინარე წავკისამდე და შემდეგ მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ მდებარე ტერიტორია. აქ ისევ ძველი, ვიწრო ტალახითა და ნაგვით სავსე ქუჩები იყო. აქ იყო გამართული ბაზრები. ბინები ნოტიო, დაბალი, სახლები ძველებური, ბრტყელი სახურავებით (ბანებით). აი, აქ იყო მოკალათებული ქალაქის ღარიბი მოსახლეობა...
ბევრია სათქმელი და საინტერესოა ჩვენი ქალაქის ისტორია, ყოველმხრივ. ბუნებრივია, ყველაფერს უბნებზე დღეს ვერ მოვყვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესოა. მართალია, ყველა ნაბიჯზე დღეს არაფრისმთქმელ პოლიტიკას გვაჩეჩებენ, მაგრამ მოიცალეთ, ფეხით ისეირნეთ, წაიკითხეთ უფრო მეტი იმ ქალაქის შესახებ, სადაც ცხოვრობთ.