"ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 20%, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს კი ჯამურად 6% - NDI -ს ახალი კვლევა
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა - 34% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 26% კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.
ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 57% პასუხობს, რომ არც ერთი, 17%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 5%-თან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 6%-თან სხვა პარტიები, 10%-მა კი არ იცის.
ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.
IPN