თვით კრემლიც დაიბომბა?! - კვირის პალიტრა

თვით კრემლიც დაიბომბა?!

ნუთუ 30 წლის წინანდელი ოცნება ასრულდა და ...თვით კრემლიც დაიბომბა?!

30 წლის წინ, 1993 წლის მაისში, აფხაზეთის ომში, სოხუმის რუსული ავიაციის მიერ მორიგი დაბომბვისას ჩავიფიქრე - როდის მოვა დრო, რომ ბომბები ჰაერიდან თვით კრემლსაც დაეცეს-მეთქი...

და, აი, 2023 წლის 2-3 მაისის ღამეს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში, კრემლის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა გაისმა და შავმა ღრუბელმა ცაში აიწია...

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავადვე აღიარეს, რომ კრემლზე ღამისეული შეტევა ორმა კამიკაძე-დრონმა განახორციელა, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორივე ეს „უკრაინული “ დრონი ჩამოაგდეს და აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ნამსხვრევებს კრემლის ტერიტორიზე არავინ დაუზიანებიათო...

xanzari-kremlis-mtavar-gumbatze-kamikaze-dronis-apetkebis-shemdeg-1683118800..png

თავად ის ფაქტი, რომ კამიკაძე-დრონებმა მოახერხეს შეღწევა კრემლის, მსოფლიოში ჰაერიდან ყველაზე დაცული ტერიტორიის თავზე, უკვე რუსული საჰაერო თავდაცვის დიდ მინუსებზე ლაპარაკობს, თუმცა რა გინდათ,1987 წლის 28 მაისს, 18 წლის მათიას რუსტმაც თავისი პატარა „სესნა“ ხომ კრემლის წინ, წითელ მოედანზე დასვა...

რუსეთის მაღალჩინოსნები თავს იმით ინუგეშებენ, რომ პრეზიდენტი პუტინი, თურმე, ამ დროს კრემლში არ იმყოფებოდა და ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში მუშაობდაო...

კრემლის მოზრდილ ტერიტორიას მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ლიუფტვაფეს ბომბდამშენებმაც ბევრი ვერაფერი დააკლეს და ვერც ორიოდე მომცრო კამიკაძე-დრონი გადაბუგავდა იქაურობას, მაგრამ თავად ფაქტი და იმ ვიდეოკადრების ყურება, როდესაც განათებული კრემლის მთავარი გუმბათის თავზე აფრიალებულ რუსეთის სამფრეროვან დროშასთან დრონი მიფრინავს და მის თავზე ფეთქდება, უკვე სხვა რამეზე მეტყველებს - თაგვმა თხარა-თხარაო და თავის „სოროში“ ბომბები გამოთხარაო...

კრემლზე საჰაერო შეტევის განხორციელება, იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ეშელონირებული ზღუდეებითა დაცული, რასაც ახალი წლიდან უშუალოდ მოსკოვის მაღალსართულიანი სახლების (მათ შორის - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის) სახურავებზე საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსებაც დაემატა, ეს ყველაფერი რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო იმიჯისთვის უდიდესი დარტყმაა...

კრემლზე საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებიდან იმუქრებიან, რომ „იტოვებენ უფლებას, განახორციელონ საპასუხო ქმედებები, როდესაც და სადაც მოუნდებათ!“

მაგრამ ვის აშინებენ ამით? იმ უკრაინას, რომელსაც ისედაც დაუნდობლად ბომბავენ 400 დღე-ღამეზე მეტია?

კი, შეიძლება „ისკანდერები“ გაუშვან კიევის ცენტრისკენ, რასაც, ძირითადად, ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება თავის საცხოვრებლებში, მაგრამ უკან მოსაბრუნებელი წერტილი პუტინის რუსეთს უკვე გავლილი აქვს - ის ომი, რაც პუტინმა მილიონობით მხარდამჭერ რუსეთის მოქალაქესთან ერთად გასულ წელს წამოიწყო მეზობელი უკრაინის დასაპყრობად, ყოველდღიურად უფრო და უფრო თავად რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს...

კრემლის დაბომბვა პირველი და უკანასკნელი მცდელობა არ იქნება, რომ აგრესორს მისსავე ბუნაგში გაუსწორდნენ, რის გამოც ძალიან სათუო ხდება, რომ პუტინმა გაბედოს 9 მაისის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე მიიღოს, იმ წითელ მოედანზე, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე დაუსჯელად გადაუფრინეს კამიკაძე-დრონებმა და კრემლის ეზო „ააფორიაქეს“...