"ის ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული იყო... მითხრა, ახლა რომ ცოლი მომყავდეს, კიდევ შენ მოგიყვანდიო" - ფირუზისფერი ჟანგი, რომელსაც ოქროს ფასი აქვს
ხელოვანი, რომელმაც ლითონის ჟანგვის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა
ფირუზისფერი ჟანგი, რომელსაც ოქროს ფასი აქვს
ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის 2022 წელს მხატვართა კავშირის მიერ დაჯილდოვდა, მანამდე ღირსების ორდენიც გადაეცა და არაერთი პრემია თუ სიგელიც, მაგრამ მაინც რთულია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მხატვრული თვალსაზრისით შეაფასო, რაც გივი სადაღაშვილმა დატოვა. ლითონმოქანდაკე, რომელმაც დაჟანგვის საკუთარი ტექნიკა შეიმუშავა, ახლახან, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
ლია სადაღაშვილი, ძმისშვილი:
"გივი სადაღაშვილი ჩემს აღქმაში იმ წლებიდან იწყება, როცა ნახალოვკაში, ჩვენი და ბიძაჩემის ოჯახი ერთ სახლში ვცხოვრობდით. ვინაიდან ბავშვობაში სულ მესმოდა ჩაქუჩის ხმა, მეგონა, რომ ყველა მხატვარი ბიძაჩემივით სულ ჩაქუჩით აკაკუნებდა. გრძელი თითები ჰქონდა და ძლიერი ცერა თითი, რომლითაც ფორმები გამოჰყავდა. მოგვიანებით გავაცნობიერე, თუ რა ტიტანური სამუშაოს შესრულება უწევდა თითბერსა და სპილენძთან..."
"მან თითბერის და სპილენძის დაჟანგვის სწრაფი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც სამწუხაროდ, დიდად არავინ გამოკითხა და დეტალური ცოდნა არ მიიღო. როგორც ვიცი, ჩინელები დაინტერესდნენ, ჩინეთის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი მოსწავლეც ჰყავდა... ამ ამბავთან დაკავშირებით პროტესტი გამიჩნდა და ერთხელ გივის ვუთხარი, შეიძლება წლები გავიდეს და ჩინელებმა ეს ტექნიკა თავიანთ გამოგონებად მიიწერონ, შენ ვიღას გაახსენდები-მეთქი?!."
ეკატერინე ასანიძე, მეუღლე:
"ღამეს გაათენებდა, არ დაიძინებდა, სანამ საქმეს ბოლომდე არ შეასრულებდა. როცა მუშაობდა, მისთვის ხმა არ უნდა გაგეცა და გარშემო სრული სიმშვიდე უნდა ჰქონოდა. კონფლიქტური სიტუაცია არასდროს გვქონია. ყველანაირად ვცდილობდი მისთვის ხელშეწყობას. როცა ფიქრობდა, აზროვნებდა და ხატავდა, ხელს როგორ შევუშლიდი?! ის ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული იყო... შეიძლება უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო ხანს მითხრა, ახლა რომ ცოლი მომყავდეს, კიდევ შენ მოგიყვანდიო. მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი..."
დარეჯან სადაღაშვილი, შვილი:
"მამაჩემის ყველა ესკიზს, ჩანაწერს ვაგროვებ და მან დამიბარა ამ ყველაფერს თუ როგორ ვუპატრონო. კარგად იცოდა თავისი შემოქმედების ფასი. შინ მინიმუმ 50 ნამუშევარი გვაქვს. თავის ნამუშევრებს არ ყიდდა და მეც ეს დამიბარა, თუმცა ისიც თქვა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნებათ, მაშინ არც დაფიქრდეთ და ჩარჩოს ფასში გაეცითო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე