"გვციოდა, გვშიოდა, თბილ ლოგინში ერთი გამოძინება ზოგჯერ ყველაფერს გვერჩივნა, მაგრამ..." - რას ჰყვება უკრაინელი სამხედრო
ბახმუტი - რუსეთის მარცხის გასაღები
რას ჰყვება უკრაინელი სამხედრო
უკრაინელები ბახმუტში თითქმის ექვსი თვის განმავლობაში თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ. უკრაინელი მებრძოლის, ილია ტურლიუკის თქმით, მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ზეწოლას გაუძლეს და ახლა ვითარება შეიცვალა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ზამთარი მქონდა. იყო დღეები, როდესაც რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიწექი ჩემს პოზიციაზე, მინუს 20-25 გრადუსში და სხეულს ვერ ვგრძნობდი. გათბობა მხოლოდ თერმოსში შენახული ჩაით ან ყავით შეგვეძლო. ღამეები არ გვეძინა. სანგარში მსხდომ ბიჭებს "ბათინკებზე" ტალახი ეყინებოდათ და დანით ჭრიდნენ, გადაადგილება რომ შესძლებოდათ. ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა, რადგან მტრის სნაიპერი კვამლს და ცეცხლის ალს თავისი უბადრუკი ღამის ხედვის მოწყობილობითაც კი იოლად შენიშნავდა... გვციოდა, გვშიოდა, თბილ ლოგინში ერთი გამოძინება ზოგჯერ ყველაფერს გვერჩივნა, მაგრამ... ხანდახან მიკვირს, როგორ გავუძელით ისეთ რამეებს, რისი წარმოდგენაც ომამდე სიგიჟედ მიმაჩნდა..."
" პრიგოჟინის გამოცდილი მეომრები, ვინც პირველ ეტაპზე რუსულ სამხედრო ნაწილებში ან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ამინდს ქმნიდნენ ან დაიხოცნენ, ან დაიჭრნენ, ან იმედგაცრუებული არიან, რადგან მათი მეთაური უკვე საქვეყნოდ ითხოვს ამუნიციასა და საბრძოლო მასალას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილის დატოვებით იმუქრება. ჯარისკაცი, რომელსაც არა აქვს "ბათინკი", თბილი მოსაცმელი და ნორმალური კვება, ვერ იბრძოლებს, მით უფრო - სხვის მიწაზე..."
"მართალია, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ყველა სამხედრო იტყუება, რომ არც იცოდა, სად უშვებდნენ, უბრალოდ ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ამან პირდაპირ აღიარა - სამი ათას დოლარსა და იპოთეკის სესხის ჩამოჭრას შემპირდნენ და ამიტომ წამოვედიო... 29 წლის ბიჭი იყო. დედასთან დავარეკვინეთ, კალინინგრადის ოლქში, ქალაქ გუსევში. იცოდეს, რომ ცოცხალი ხარ-თქო. იმ ქალმა შვილის ხმა რომ გაიგონა, ჩხუბი და ლანძღვა დაუწყო, - შენი ტყვედ ჩავარდნა აქაურმა ადმინისტრაციამ რომ გაიგოს, იპოთეკის გადახდა ისევ მოგვიწევს და ფული ჩვენ საიდან მოვიტანოთ, ქუჩაში დავრჩებითო!.. არავითარი კითხვა, - დაჭრილი ხარ, შვილო?.. ალბათ გშია ან გწყურია; გცემეს, გაწამეს, როგორ გადარჩი?.. არა, მსგავსი არაფერი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ლალი პაპასკირი