დრონებით თავდასხმა კრემლზე - როგორია სიმართლე? - The Spectator
ბრიტანული ჟურნალის "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "როგორია სიმართლე კრემლზე დრონების შეტევაში" (ავტორი - მარკ გალეოთი), რომელშიც განხილულია ინციდენტი, მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცენტრალურ რეზიდენციაზე - კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შეტევასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კრემლზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა განხორციელდა, მაგრამ ისინი გაანადგურეს. აფეთქებას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ გამოუწვევიაო, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლები (რომლებიც შეიძლება მტკიცებულებად არ ჩაითვალოს ფალსიფიციკაციების ეპოქაში) მოწმობენ, რომ ერთი დრონი კრემლის კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობის - სენატის შენობის სახურავს მოხვდა და მცირე ხანძარიც გამოიწვია. ხელისუფლება ინციდენტს ტერორისტულ მცდელობად მიიჩნევს, რომლის მიზანს ვლადიმერ პუტინის მკვლელობა წარმოადგენდა.
უკრაინა საკმაო ხანია, დიდი სიშორის მქონე დრონების გამოშვებაზე მუშაობს. ფაქტია, რომ დრონი თებერვალში იპოვეს კოლომნასთან (100 კმ. მოსკოვიდან დაშორებით), ამას წინათ კი - მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში (30 კმ. მოსკოვიდან დაშორებით). ის, რომ დრონებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ქალაქამდე მიაღწიეს, ეს თავისთავად დიდი წარმატებისა და გაბედულობის მტკიცებას წარმოადგენს.
უპილოტო საფრენი აპარატები, როგორც წესი, ნელი მოქმედების მოწყვლადი იარაღია. მოსკოვის ირგვლივ უამრავი რადარი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემებია განლაგებული. გარდა ამისა, თვითონ კრემლთან მოქმედებს აპარატურა, რომელიც GPS-ის მონაცემებს ცვლის და ავტომანქანის მდებარეობას არასწორად აჩვენებს, რის გამოც მძღოლები "ვიღაცეებს" წყევლა-კრულვას უგზავნიან (ვთქვათ, ქალაქის ცენტრში ხარ, GPS კი გეუბნება, რომ ვნუკოვოს აეროპორტს უახლოვდებიო). დაცვის ბოლო საშუალებაა ის, რომ კრემლის დაცვის ფედერალური უწყების თანამშრომლებს აქვთ სპეციალური ავტომატები დრონებისათვის, რომლებიც მათ სიგნალის მიღებაში დაბრკოლებას უქმნიან. ამ ყველაფრით უნდა გამოირიცხოს ვინმე მოხალისე-ფრილანსერის და უკმაყოფილო მოქალაქის მიერ დრონით ორგანიზებული რაიმე ნებისმიერი შეტევა რეზიდენციაზე.
თუ "თავდასხმა" უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული, მაშინ ეს, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია და პოლიტიკური დატვირთვა აქვს. საეჭვოა, რომ ვინმეს ვლადიმერ პუტინის მოკვლის მიზანი ჰქონოდა, იმის გათვალისწინებით, რომ დრონების საბრძოლო ქობინა დიდი არ არის და თვითონ პუტინი ბოლო დროს იშვიათად თუ დადის კრემლში. პრეზიდენტი სამუშაო დროს ძირითადად ქალაქგარე რეზიდენციაში - ნოვო-ოგარიოვოში ატარებს. ალბათ, უკრაინელებს იმის დამტკიცება სურდათ, რომ მოსკოვი უსაფრთხო ქალაქი არ არის, თანაც 9 მაისი - გამარჯვების დღესასწაული ახლოვდება. ომის გამო ბევრი ღონისძიება გაუქმებულია.
რა თქმა უნდა, კრემლზე შეტევა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ "იტოვებს საპასუხო ზომის მიღების უფლებას და ამას მაშინ გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის", რაც სავარაუდოდ, ესკალაციის გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს. თუ ეს მართლაც კიევის ნამოქმედარია, თავის მხრივ, ალბათ, ვაშინგტონიც გაღიზიანდებოდა, რომელიც უკრაინას აფრთხილებდა თავი შეეკავებინა მსგავსი ნაბიჯებისაგან.
გავრცელდა აზრი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი თვითონ ვლადიმერ პუტინის მიერ იყოს ორგანიზებული, რათა რუსი ხალხი უკრაინელებზე კიდევ უფრო გააბრაზოს და ბარბაროსული ქმედებისათვის მეტი საბაბი მისცეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთმა ცნობილმა მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა ამ საქმეში არ ჩარეულა, მაგრამ ეტყობა, ამით რუსები რაღაც უბედურებას ამზადებენო. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ კიევის განმარტება მაინცდამაინც სარწმუნო არ არის. ასე რომ იყოს, რუსეთი ამ ფაქტს არ აღიარებდა - ეს ხომ მათი უსაფრთხოების სისტემის მოშლას ნიშნავს. მომხდარი ინციდენტი შეიძლება 1987 წელს მათიას რუსტის ცნობილ შემთხვევას შევადაროთ, როცა ახალგაზრდა გერმანელი მსუბუქი თვითმფრინავით კრემლთან ახლოს დაეშვა. იგი იმ დროს დონ-კიხოტურად მოიქცა, ერთი შეხედვით - გმირულადაც, მაგრამ მისმა მოქმედებამ საბჭოთა არმიის სარდლობაში დიდი საკადრო წმენდა გამოიწვია...
სავარაუდოდ, დრონების შეტევას საკადრო ცვლილებები შეიძლება ახლაც მოჰყვეს - ვთქვათ, თანამდებობიდან გაათავისუფლონ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (რომელიც, ალბათ, შვებით ამოისუნთქავს). ძნელი დასაჯერებელია, რომ ვლადიმერ პუტინს ისეთი ადამიანი ჭირდებოდეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო კრემლის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და ხელი ვერ შეუშალა უკრაინულ დრონებს საზღვრიდან 450 კილომეტრი ეფრინათ და რუსეთის სახელმწიფოს გული - კრემლი დაეზიანებინათ.
ალბათ, ეს ის შემთხვევაა, რომელსაც საფუძველი აქვს: ერთი მხრივ, კიევი, რომელიც მოწმეა რუსეთის შეტევებისა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე და საავადმყოფოებზე, თვლის, რომ ამგვარ დაბომბვებს პასუხი უნდა გასცეს და თავი არ უნდა შეიკავოს. მეორე მხრივ, შეიძლება სპეკულაციურად ჟღერს, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ ინციდენტით გაღიზიანდებიან ის რუსებიც, რომლებიც ომის მომხრენი არ არიან და უკრაინის წინააღმდეგ განეწყობიან - როგორც ერთმა კომენტატორმა აღნიშნა, "კრემლზე დრონებით შეტევა ზელენსკის მიერ პუტინისათვის მირთმეულ საჩუქრად უნდა ჩაითვალოს". წყარო