როგორ არის დაცული მოსკოვი საჰაერო დარტყმებისგან...
კრემლის თავზე, რუსეთის უმთავრეს სიმბოლოზე, 3 მაისს, გამთენიისას ორი კამიკაძე-დრონის აფეთქებამ მთელ რუსეთში და მსოფლიოს დიდ ნაწილში უდიდესი გაოცება და გაოგნება გამოიწვია, რადგან მოსკოვის და განსაკუთრებით კი კრემლის თავზე ცა აქამდე ყველაზე დაცულად ითვლებოდა პლანეტა დედამიწაზე...
თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვი არის მსოფლიოში ერთადერთი დედაქალაქი და ქალაქიც, რომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი წრე, რომელიც გაძლიერებულია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით, რომელსაც, თეორიაში, თვით სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების მოგერიება შეუძლია ატმოსფეროსმიღმა სივრცეში...
და მიუხედავად, ყოველივე ამისა, კრემლის წინ წითელ მოედანზე ხან ცხვირმოუხოცავი თვითნასწავლი პილოტი ჯდება პატარა თვითმფრინავით, ხანაც კრემლის მთავარი, სენატის სასახლის გუმბათის თავზე კამიკაძე-დრონები ფეთქდებიან...
რას წარმოადგენს და რეალურად რა შეუძლია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის-მოსკოვის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის გაერთიანებულ სისტემას?
მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე ზრუნვა ბოლშევიკებმა 1918 წელსვე დაიწყეს, დედაქალაქის პეტროგრადიდან მოსკოვში გადატანისთანავე.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოსკოვის საჰაერო თავდაცვას მხოლოდ ერთი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დივიზია უზრუნველყოფდა, რომელიც მოგვიანებით კორპუსის დონემდე გაიზარდა, ხოლო ჰიტლერის გერმანიის სტალინის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ, განსაკუთრებით გაძლიერდა და საჰაერო თავდაცვის კორპუსს მიემატა გამანადგურებლების საავიაციო კორპუსიც, ასევე ბრიგადის დონის ოთხი საჰაერო თავდაცვის რაიონი.
მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, ვიტყვი - მოსკოვის 1-ლი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კორპუსის შეიარაღებაში იყო სხვადასხვა კალიბრის ათასამდე საზენიტო ქვემეხი, 300 საზენიტო ტყვიამფრქვევი, 600 მძლავრი პროჟექტორი, ასზე მეტი გადამღობი აეროსტატი, ათზე მეტი რადიოლოკატორი, ხოლო მე-6 გამანადგურებლების საავიაციო კორპუსს მოსკოვის ცის დასაცავად ჰაერში 600 გამანადგურებელი თვითმფრინავის აწევა შეეძლო.
მიუხედავად ასეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვისა, მოსკოვი პირველად მასიურად ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე,1941 წლის 22 ივლისს დაიბომბა, როდესაც გერმანიის ლიუფტვაფეს 220 საბრძოლო თვითმფრინავმა ხუთი საათის განმავლობაში ოთხი შეტევა განახორციელა საბჭოთა კავშირის დედაქალაქზე.
მოსკოვის საჰაერო დაბომბვები სხვადასხვა ინტენსივობით 1943 წლის ივნისამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში მოსკოვში დაინგრა და დაზიანდა 5 584 საცხოვრებელი სახლი, ასევე სხვა ადმინისტრაციული ნაგებობები. დაიღუპა ორი ათასზე მეტი ადამიანი, სამჯერ მეტი კი დაიჭრა.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, მითუმეტეს, ამერიკელების შეირაღებაში პირველი ატომური ბომბების გამოჩენის ფონზე, რომელთა გადატანა იმ დროს მხოლოდ მძიმე ბომბდამშენებს შეეძლოთ.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სტალინის და ბერიას უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი რკალი შეიქმნა, რომლებზეც დაყენებული იქნა იმ დროისთვის თანამედროვე, ერთ-ერთი პირველი საზენიტო რაკეტები С-25-ები, რომლის შექმნის თანაკონსტრუქტორი ბერიას ვაჟი - სერგო ბერიაც გახლდათ.
პირველი „ცივი ომის“ დროს მუდმივად უმჯობესდებოდა და ახლდებოდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა - С-25-ები С-75 და С-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ჩაანაცვლეს, რომლებსაც შორსმოქმედი С-200-ებიც დაემატნენ. 1980-90-იან წლებში ისინი თავის მხრივ С-300-ებმა შეცვალეს, ხოლო დღეს მოსკოვის საჰაერო თავდაცვას ძირითადად თანამედროვე С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უზრუნველყოფენ.
ცალკე აღსანიშნავია ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა А-135 «Амур», რომელიც მოსკოვს სხვადასხვა მიმართულებიდან იცავს და განკუთვნილია სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების მოსაგერიებლად...
მოკლედ, მოსკოვისნაირი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ჩვენს პლანეტაზე არცერთ სხვა ქალაქს არ გააჩნია, მაგრამ...კრემლი მაინც დაიბომბა 80 წლის შემდეგ!
რატომ?
ალბათ იმიტომაც, რომ ღამისეული საჰაერო შეტევა დაბალ სიმაღლეზე მცირე სიჩქარით მფრენი კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული კამიკაძე-დრონებით განხორციელდა, რომელთა დროული რადიოლოკაციური აღმოჩენა ,მითუმეტეს მეგაპოლისის ცათამჯენებს შორის ფრენისას, ურთულესია.
რუსეთის გენერალიტეტი არ გამორიცხავდა ასეთ საჰაერო თავდასხმებს, რის გამოც ახალი წლის დღეებში რუსეთის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობების, ასევე სხვა მაღალი ნაგებობების სახურავებზე „პანცირის“ ტიპის სარაკეტო-საარტილერიო საზენიტო დანადგარები აიტანა და დააყენა.
სახლის სახურავზე მდგარი რაკეტებიანი „კამაზების“ ხილვა შეიძლება ცოტა უცნაურად მოჩანდა, მაგრამ რუსი მეზენიტეების გათვლით სწორედ ამ „პანცირებს“ უნდა გადაეკეტათ კრემლისკენ მიმავალი საჰაერო გზები, თუკი მოწინააღმდეგე კამიკაძე-დრონებს უკრიანის საზღვრიდან, 400 კმ-ის სიშორიდან კი არ გამოუშვებდა, არამედ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ორი რკალის შიგნიდან, უშუალოდ მოსკოვის გარეუბნიდან ააფრენდა კრემლის მიმართულებით...
როგორც ხედავთ, სახურავებზე „შემოსკუპებულმა“ „პანცირებმა“ ვერ გაამართლეს და მთელმა მსოფლიომ იხილა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო იმიჯზე ყველაზე დიდი სამარცხვინო დარტყმა - კამიკაძე-დრონი კრემლის თავზე შეფრინდა და აფეთქდა...
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ მათ ეს კამიკაძე-დრონები დროულად ჩამოაგდეს და აღკვეთეს კრემლზე საჰაერო თავდასხმა, მხოლოდ ღიმილს იწვევს, რადგან საჰაერო თავდასხმა აღკვეთილად მაშინ ჩაითვლებოდა, თუკი ამ დრონებს არათუ კრემლის, არამედ მოსკოვის მისადგომებთან ჩამოაგდებდნენ...
გაკვირვებას იწვევს ზოგიერთი დასავლური სამხედრო-ანალიტიკური ორგანიზაციის მტკიცება, რომ კრემლზე საჰაერო თავდასხმა თითქოს თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა, პუტინთან შეთანხმებით განახორციელეს, რომ უკრაინა ქვეყანა-ტერორისტად გამოაცხადონ და რუს ოკუპანტებს ხელ-ფეხი გაეხსნათ უკრაინისა და კიევის კიდევ უფრო დაუნდობლად დასაბომბადო...
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაზე ღია სამხედრო თავდასხმის დაწყებიდან, კრემლს ბომბები და რაკეტები არ დაუშურებია მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასასწორებლად და მეტი რაღა „სტიმული“ სჭირდება ამ დაუნდობელი დაბომბვების გასაგრძელებლად თუ გასაძლიერებლად?
ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს თავის მონაწილეობას კრემლის დაბომბვაში, ლოგიკურია - კიევს ასევე არ უღიარებია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომებზე კამიკაძე-დრონების არაერთი შეტევა, არც რუსულ რკინიგზაზე მოწყობილი დივერსიებითა და აფეთქებული რუსული ნავთობბაზებით ამაყობს ოფიციალურად, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყოველდღიურად მაინც ხდება და თანაც გეომეტრიულად მზარდი პროგრესიით?
განხორციელებული საჰაერო ოპერაციების არაღიარების პოლიტიკას ისრაელი ათწლეულებია ეწევა, მაგრამ განა ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ ვისი თვითმფრინავებიდან გაშვებული „ჭკვიანი“ რაკეტები წერტილოვნად აფეთქებენ ირანელების სამხედრო ობიექტებს სირიაში?
უკრაინა ბაძავს ისრაელის მაგალითს და ოფიციალურად არ აღიარებს რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას,იმიტომაც,რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს დასავლელი პარტნიორები,რომელთათვისაც კიევს პირობა აქვს მიცემული,რომ ამერიკულ,გერმანულ,ბრიტანულ თუ ფრანგულ იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მათი საშუალებით მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეებრძოლება რუს დამპყრობლებს...
P.S. ის, რომ კრემლზე და წითელ მოედანზე შეიძლება მომხდარიყო კამიკაძე-დრონების საჰაერო შეტევები, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, 26 აპრილის ბლოგში „წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმში "მონაწილეობას" უკრაინული კამიკაძე-დრონებიც აპირებენ?“, ვწერდი...