დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლზე დრონით თავდასხმის უკან აშშ დგას - კვირის პალიტრა

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლზე დრონით თავდასხმის უკან აშშ დგას

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლზე დრონით თავდასხმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას.

CNN-ის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა კრემლს, რომ შეტევის უკან აშშ დგას, პესკოვმა უპასუხა: „უდავოდ".

„ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, „აბსოლუტურად სასაცილოა“, რომ ამას უარყოფენ როგორც ვაშინგტონში, ასევე კიევში.

პესკოვის მტკიცებით, მომხდარის მიუხედავად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდადაა.

„თქვენ იცით, რომ ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში პრეზიდენტი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ამიტომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა პესკოვმა.

IPN