"ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი ურთიერთობა დავამთავრე"
ნია გუგავა სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" ქეთას როლს ასრულებს. დედასთან კონფლიქტური სიტუაცია აქვს, რადგან მას გოგონას რჩეული თავისი შვილისთვის შეუფერებლად მიაჩნია... ნია გუგავასთვის "ხელოვნურ სუნთქვაში" მონაწილეობა კამერასთან მუშაობის პირველი გამოცდილება არაა - ახალგაზრდა მსახიობმა სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარი როლიც შეასრულა...
- სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" ჩვეულებრივად მოვხვდი: კასტინგის მენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ დამირეკა - სერიალისთვის ახალი პერსონაჟი გვჭირდება, მსახიობს ვეძებო. მივედი, კასტინგი გავიარე და ქეთას როლზე დამამტკიცეს... საერთოდ, "ხელოვნური სუნთქვა" ისე მომწონდა, რომ ამ სერიალის ჩვეულებრივი მაყურებელი ვიყავი. როლისთვის რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა. შემდეგ, როცა სცენარს მიგზავნიდნენ, ჩემი სცენის გარდა, არაფერს ვკითხულობდი, რომ არ "დავსპოილერებულიყავი", რადგან როგორც აღვნიშნე, სერიალის მაყურებელიც ვარ.
- შენი პერსონაჟი როგორი გოგოა?
- ჩემი პერსონაჟი ადვოკატის - ბექას დაა. ბექამ დის დაკარგვის შესახებ რომ შეიტყო, ეგონა, "მომიტაცეს", რეალურად კი - საყვარელ ადამიანთან ერთად "გავიპარე". მიზეზი ის იყო, რომ ჩემს პერსონაჟს დედა საშუალებას არ აძლევდა, იმ ბიჭთან ჰქონოდა ურთიერთობა, რომელიც უყვარდა - შენი შესაფერისი არ არისო... ქეთა თავისუფალი გოგოა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს.
- სათამაშოდ საინტერესო როლია?
- საინტერესოა, რა თქმა უნდა. ჩემგან განსხვავებულია. მანამდე ჩემ მიერ განსახიერებული პერსონაჟები ჩემთან "ახლოს იყვნენ". ქეთას შემთხვევაში, ასე არ არის. თავდაპირველად, "ხელოვნურ სუნთქვაში" ჩემი პირველი სცენა რომ წავიკითხე, მეგონა, ქეთას ის ბიჭი არ უყვარდა და დედასთან კონფლიქტის გამო, ჯიბრით იქცეოდა ასე. რეჟისორთან და სცენარის ავტორებთან ლაპარაკის შემდეგ გაირკვა, რომ რეალურად, ლადუნა მართლა ძალიან უყვარს. ქეთას რთული ხასიათის დედა ჰყავს... ჩემი პერსონაჟი თავისუფლებას ცდილობს, თან - შეყვარებულთან ყოფნა უნდა, თან - ძალიან მხიარული, ცოტათი თამამია...
- რეალურ ცხოვრებაში მშობლები შენს პირად ცხოვრებაში რამდენად ერევიან?
- პირად ცხოვრებაში მათი ჩარევა მხოლოდ მხარში ამოდგომა და მოსმენა, მაქსიმუმ - რჩევის მოცემაა. საბავშვო ბაღის ასაკიდან მოყოლებული, ასეა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთვის რამე აეკრძალათ ან რამეზე მიეთითებინათ. ამ მხრივ, რეალურ ცხოვრებაში ძალიან თავისუფალი ვარ.
- ალბათ, ქეთასთან რამე საერთო თვისება გაქვს, არა?
- ალბათ ის, რომ ჩემი პერსონაჟი დამოუკიდებლობას ცდილობს და მეც ბავშვობიდან ამას ვაკეთებ. ასევე, ისიც ცოტათი თამამი, მხიარული და თან, ემოციურია.
- როგორც აღნიშნე, შენთვის ეს როლი პირველი არაა. კამერასთან მუშაობის რა გამოცდილება გაქვს?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კამერასთან მუშაობის ჩემი პირველი გამოცდილება პირდაპირ სრულმეტრაჟიან ფილმში, მთავარ როლს უკავშირდება. სანამ გადაღებები დაიწყებოდა, ძალიან გახარებულიც ვიყავი და იმავდროულად, შეშინებულიც, რადგან კამერასთან პირველად დგომისას, პირდაპირ მთავარი როლის შესრულება მარტივი არ იყო. მით უმეტეს, 17 წლის ვიყავი. ჯერ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებულიც არ მქონდა. როლისთვის შედარებით უფროსი ასაკის მსახიობს ეძებდნენ. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ისეთი ატმოსფერო და ხალხი დამხვდა, რომ პირველი სცენა გადავიღეთ თუ არა, თავისუფლად ვიგრძენი თავი. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ეს ფილმი - "ჯადოსნური ახალი წელი ანუ ერთი კოცნის ისტორია" - სამსახიობო სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები იყო.
- გვიამბე, ამ ფილმში როგორ მოხვდი?
- კასტინგები ბევრად რთული იყო. თავდაპირველად, კასტინგის მენეჯერებმა მსახიობების მხოლოდ ფოტოები ნახეს. ჩემი ფოტოს ნახვისას თქვეს, - ეს გოგო პატარაა. მოდი, არ გვინდაო, მაგრამ ქალბატონმა ეკამ მაინც მიმიყვანა... პირველი კასტინგი უფრო ზოგადი ხასიათის იყო - მხოლოდ ტექსტი წამაკითხეს; მეორედ, "გადარჩევის" ეტაპზე, მთავარი როლების კანდიდატები - გოგონები და ბიჭები დაგვიბარეს. სცენა რამდენიმე ბიჭთან გავიარე. კასტინგზე 2 რეჟისორი - ჯაბა მელქაძე და გიორგი ებრალიძე იყვნენ... მეორე კასტინგის მერე უკვე როლზე დამამტკიცეს. ჩემთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ვიცოდი, ჩემს ასაკთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ, მით უმეტეს, არასრულწლოვანი ვიყავი და არც გამოცდილება მქონდა, არც - თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან მოულოდნელად ასეთი ბედნიერება მეწვია (იღიმის).
- იმ პერიოდში მსახიობობა შენთვის ჰობი იყო?
- არა. მსახიობობა ჰობად არასოდეს მქონია. 4 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე დავდექი - დედასთან ერთად ვთამაშობდი. მგონი, ლაპარაკიც არ ვიცოდი, როცა უკვე ეს პროფესია მინდოდა. 14 წლიდან გოგა პიპინაშვილის სტუდიაში დავდიოდი. მსახიობობა ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული. ფილმში მონაწილეობამ მაჩვენა, რომ თუკი მანამდე მსახიობობა ჩემი სურვილი და ოცნება იყო, ახლა უკვე შეიძლება, ამ მიმართულებით ჩემი საქმეები წინ წავიდეს. ჯერ 18 წლის ვარ. საერთოდ, ყველა ასაკში ბევრი ადამიანი მიზანს იცვლის, მაგრამ ჩემი სურვილი ისეთი ძლიერია, რომ გამომივა თუ არა, მაინც ყოველთვის ამ გზას მივყვები!..
- შენი პროფესიული არჩევანი დიდწილად დედამ, მსახიობმა ეთო გუგავამ ხომ არ განაპირობა?
- არა. ამასთან დაკავშირებით, დედისგან რჩევა ან შემოთავაზება არასდროს ყოფილა. როცა დედაჩემს რეპეტიციებზე ვესწრებოდი, მსახიობობის სურვილი მაშინ გამიჩნდა და ეს პროფესია შემიყვარდა. დედა რეპეტიციას იმიტომ მასწრებდა, რომ უბრალოდ, მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა იმიტომ, რომ პროფესიულ გზას მისახავდა. მას არასოდეს უთქვამს, - მოდი, ეს პროფესია აირჩიეო, პირიქით, მაფრთხილებდა, - ეს გზა ძალიან რთულია, დიდ მოთმინებას მოითხოვს, კარგად დაფიქრდიო... მოკლედ, მსახიობობა ბავშვობიდან აბსოლუტურად ჩემი პირადი არჩევანი იყო.
- ამ ეტაპზე, შენს პროფესიულ გზაზე მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- ჩემი ოჯახი და მეგობრები. მეგობრების უმეტესობაც სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ.
- აბიტურიენტობის პერიოდი რთული იყო?
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სტრესული წელი იყო, რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვედრა და შესარჩევი ტურების გავლა ურთულესია, მით უმეტეს - 4 წელი სტუდიაში დავდიოდი და ჩემს უფროს მეგობრებს ვუყურებდი, როგორ აბარებდნენ. თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები ბავშვების რაოდენობა ძალიან ცოტაა. 3 ტურია გასავლელი, ბევრ რამეს ითხოვენ... ხუთი მეგობარი ვაბარებდით. ერთად ვემზადებოდით ცეკვაში, სიმღერაში, პროზასა და საერთოდ, ყველაფერში, რაც თეატრალურში ჩასაბარებლად საჭიროა. არიან ადამიანები, ვინც წლებია, "იჭრებიან", მაგრამ არ ნებდებიან, რადგან მსახიობობა მათთვის სასურველი პროფესიაა. ჩვენს შემთხვევაში სასწაული მოხდა: ძალიან გაგვიმართლა და ხუთივე მეგობარი ჩავირიცხეთ. ერთმანეთი გვერდSი დგომით გავაძლიერეთ, ძალა და ენერგია შევძინეთ...
- თეატრალურ უნივერსიტეტში როგორი სიტუაცია დაგხვდა? სწავლის პროცესით, დონით კმაყოფილი ხარ?
- ყველას დიდი მოლოდინი გვქონდა, რა თქმა უნდა, რადგან პატარა რომ ხარ და თეატრალურ უნივერსიტეტს უყურებ, იქაურობა მიუღწეველი და საოცარი სამყარო გგონია... სასწაული არ დამხვდა, მაგრამ სწავლის პროცესში ბევრი საინტერესო რამაა. თანამედროვე ტექნიკებიც შემოღებულია... ძალიან საყვარელი პედაგოგები - ნინო ლიპარტიანი და გიორგი სულთანიშვილი შეგვხვდნენ, რომლებმაც გაგვაცნეს, რა არის მსახიობის პროფესია. ოსტატობის ლექცია ყოველდღე გვაქვს. ერთად "ვიზრდებით". 3 წელი ჯერ კიდევ წინ გვაქვს: საკურსო, სადიპლომო სპექტაკლში უნდა ვითამაშოთ... ჯგუფში ვინც მოვხვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ... ბევრი საინტერესო ლექცია გვაქვს, რაც გვსიამოვნებს. იმედია, დარჩენილ 3 წელსაც ასეთი სიამოვნებით ვისწავლით...
- გართობისთვის დრო გრჩება? როგორ ერთობით შენი თაობის წარმომადგენლები?
- ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გართობა ცოტათი რთული თემაა, რადგან დილის 9 საათიდან საღამოს 9-10-მდე, ყოველდღე უნივერსიტეტში ვართ. მხოლოდ კვირას ვისვენებთ, თუმცა შეიძლება, კვირასაც გადაღებები დაემთხვეს. ამიტომ ვცდილობთ, უნივერსიტეტშივე გავერთოთ კიდეც. თუ 1 თავისუფალი დღე დაგვრჩა, აუცილებლად ბარში ან კაფეში მივდივართ და განტვირთვას ვცდილობთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ეს ფიქრი გვაქვს, - ვაიმე, ხვალ დილის 9 საათზე ქართული ცეკვა გვაქვსო!.. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, თავისუფალი დრო არ დავკარგოთ.
- ფილმისა და სერიალში მონაწილეობის გარდა, კიდევ რამე გამოცდილება ხომ არ გაქვს, რის შესახებაც არ ვიცით?
- ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც - "ხავერდის კაბა" ვმონაწილეობდი, რომელსაც რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი იღებდა. გარდაცვლილი ცოლის როლს ვთამაშობდი. ჩემთვის განსხვავებული, რთული და საინტერესო სამუშაო იყო. მით უმეტეს, ბავშვობის მეგობრები ვთანამშრომლობდით: ჩემი მეგობარი რეჟისორის ამპლუაში იყო, მე - მსახიობის.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი. ვცდილობ, საკუთარ თავზე კონცენტრირებული ვიყო. ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი ურთიერთობა დავამთავრე. ახლა მინდა, ბევრი დრო საკუთარ თავს, კარიერას დავუთმო - ამით შემოვიფარგლები (იღიმის)...
- 18 წლის გოგონამ მითხარი, - ხანგრძლივი ურთიერთობა დავასრულეო... შეგიძლია ამ ურთიერთობის შესახებ მეტი გვიამბო?
- მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული სამსახიობო ფაკულტეტზე ერთად ვაბარებდით. ერთმანეთს მხარში ვედექით, სტუდიაში ერთად დავდიოდით... უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ მაინც კარგი მეგობრები ვართ - ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ. მე მისი წარმატება მიხარია, მას - ჩემი.
- სამომავლოდ, შენს პროფესიულ განვითარებას სად ხედავ?
- რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მუშაობაც მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერ უნივერსიტეტში სწავლაც დასასრულებელი მაქვს და ასევე, საქართველოში ბევრი პროექტისგან პასუხს ველოდები. მინდა, რაღაცნაირად, ჯერ აქ მოვიკიდო ფეხი, შემდეგ კი - აუცილებლად საზღვარგარეთაც ვცადო ბედი. დღეს რომ არჩევანის წინაშე დამაყენონ, საქართველოში დავრჩე თუ უცხოეთში ვიმუშაო, აუცილებლად საქართველოს ავირჩევ...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"