ლავრენტი ბერიას საბედისწერო აღზევება: უდიდესი პატივმოყვარეობა დიდ ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებისთვის დამღუპველია - კვირის პალიტრა

ლავრენტი ბერიას საბედისწერო აღზევება: უდიდესი პატივმოყვარეობა დიდ ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებისთვის დამღუპველია

ლ. ბერიას შესახებ მრავალი ათეული წიგნის, სტატიისა და ასეულობით საიდუმლო საარქივო დოკუმენტის გაცნობისა და შესწვლის შემდეგ, მინდა, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ ამ ურთულესი ბიოგრაფიისა და ტრაგიკული ბედის პიროვნების შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ლავრენტი ბერია, იოსებ სტალინთან ერთად, XX საუკუნის ერთ-ერთი სიმბოლოა: სისასტიკის, უზნეობის, დანაშაულისა და კაცთმოძულეობის სიმბოლო. ამ შეფასებას ვერ შეცვლის ბერიას დამსახურება საბჭოთა, იგივე რუსეთის იმპერიის წინაშე. პირიქით: რუსეთის იმპერიის გაძლიერებით ბერიამ, ჩვენდა საუბედუროდ, ხელი შეუწო მისი არსებობის გახანგრძლივებას.

ლ. ბერიას სახელი ათწლეულების მანძილზე საბჭოთა პროპაგანდის მიერ ყველაზე საშინელი ეპითეტებით იყო შემკული: "ხალხის მტერი”, სახელმწიფო მოღალატე, ქალებზე მოძალადე, უცხო ქვეყნის ჯაშუში და მრავალი სხვა. თუმცა ბერიას მთავარ დანაშაულზე: საქართველოში დაუნდობელი რეპრესიების ორგანიზებაზე და მკვლელობებში მონაწილეობაზე, ძალზე ცოტა და ისიც შერჩევით ითქმებოდა. რუსეთში, ბერიასთან დაკავშირებით, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა: წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლდა ფსევდოისტორიული წიგნები და სტატიები, სადაც ლ. ბერია მოხსენიებულია, როგორც ... XX საუკუნის საუკეთესო მენეჯერი, პირველი საბჭოთა რეფორმატორი, რომელსაც საბჭოთა იმპერიის დემოკრატიული გარდაქმნა სურდა, მაგრამ არ აცალეს, ოჯახის მოყვარული და მეუღლის უერთგულესი კაცი და ა.შ.

ასეა: ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ მივექანებით და კვლავ სუბიექტური დასკვნები სჭარბობენ. ბერიას თემა იმდენად დიდია, რომ ცალკე მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს და არა მარტო ისტორიკოსების.

კითხულობ რეპრესირებულთა ისტორიებს და გაოცება გიპყრობს: ისინი, იმ ბოლშევიკურ-კომუნისტური ქვეყნის მართლაც უერთგულესი ჯარისკაცები იყვნენ, რომელმაც შემდეგ "გილიოტინაზე" აიყვანა და ზვარაკად შეიწირა. თუმცა მსოფლიო ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველა რევოლუცია ანადგურებს თავის შემოქმედებს!

ოტო ფონ ბისმარკი, გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 წლებში) წერდა: "რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები" . გასული საუკუნის 20 იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა საბჭოთა იმპერიაში სწორედ მესამე - "ავაზაკთა ზეიმის ეტაპი" დაიწყო. სტალინი ფრთხილად, მოთმინებით და მეთოდურად ანადგურებდა ბოლშევიკური რევოლუციის "მომმზადებელ-მომხდენებს" - ე.წ. "ძველ ბოლშევიკებს", რისთვისაც "ცენტრშიც" და რესპუბლიკებშიც ახალგაზრდა, პირადი ერთგულების ნიშნით შერჩეულ კადრებს აწინაურებდა. სხვადასხვა გარემოებათა გამო საქართველო ყოველთვის იყო სტალინის შეშფოთების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა/რუსეთის იმპერიას აკონტროლებდა, თავის ისტორიულ სამშობლოში, პარტიულ წრეებშიც კი, ისეთი პატივისცემითა და შიშნარევი მოწიწებით არ "თრთოდნენ", როგორც "ბელადს" სურდა. იმიტომ, რომ საქართველოში კარგად ახსოვდათ "სოსელო"-"კობას" ახალგაზრდობის წლები.

1921 წლიდან, ოკუპაციის შემდეგ პირველ წლებში, სტალინმა საქართველო და მთელი ამიერკავკასია სერგო ორჯონიკიძეს ჩააბარა. 1926 წლის სექტემბერში, როდესაც მოსკოვში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბოლშევიკებს შორის დაუნდობელი შიდაპარტიული ბრძოლები მიმდინარეობდა, სტალინმა "რკინის სერგო" მოსკოვში გადაიყვანა და სახელმწიფო ("მუშურ-გლეხური") ინსპექციის სახალხო კომისრად დანიშნა, ხოლო მის მაგივრად პარტიის ერთ-ერთი უხუცესი წევრი, მამია ორახელაშვილი "აირჩიეს". ოთხი წლის შემდეგ კი ამიერკავკასიაში დიდი "საკადრო კარუსელი" დატრიალდა: ბოლშევიკური პარტიის პირველი მდივნები იყვნენ: ალექსანდრე კრინიცკი (ნოემბერი 1929-1930); ბესარიონ ლომინაძე ( 1930 წლის ნოემბერი - 1930 წლის დეკემბერი); ლავრენტი ქართველიშვილი ( 1930 წლის დეკემბერი - 1931 წლის 11 ნოემბერი) და კვლავ მამია ორახელაშვილი (1931 წლის 11 ნოემბერი - 1932 წლის 17 ოქტომბერი). ამ ცვლილებების შესახებ გადაწყვეტიებას უშუალოდ სტალინი იღებდა, თუმცა რეკომენდატორი, უმეტეს შემთხვევებში, სერგო ორჯონიკიძე იყო.

picture3-1683272808.jpg

მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე

"ბელადი" სერგოს უსმენდა, თუმცა კადრებს იმის მიხედვით არჩევდა, თუ ვინ იყო ადრე მისი პირად- პოლიტიკურ მტრების ( ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის, რიკოვის, ტომსკის და სხვ.) "გუნდის წევრი". ამიტომაც იყო, რომ ძალზე ბევრი ადამიანი დახვრიტეს სტალინის მტრებთან მეგობრობის გამო. "დიდი ტერორის" დროს სტალინი ხელმძღვანელობდა კარგად ცნობილი პრინციპით: "ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია". გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში სტალინი ცდილობდა "ძველი ბოლშევიკები" ახალგაზრდა და ერთგული კადრებით ჩაენაცვლებინა. როდის და როგორ დაიწყო ლავრენტი ბერიას აღზევება? ამის გასარკვევად ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ საუბარი.

საბჭოთა კავშირის ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა, რომ პირველად 1922 წელს ლენინთან ნახა სრულიად ახალგაზრდა ლავრენტი ბერია. ეს, აქამდე უცნობი ფაქტი სხვა დოკუმენტური წყაროებით არ დასტურდება, თანაც იმ პერიოდში როდესაც ეს მოგონებები ჩაიწერა, მოლოტოვი უკვე ოთხმოც წელს იყო მიტანებული და, შესაძლოა, მეხსიერება სერიოზულად ღალატობდა. სტალინის თვალთახედვის არეში ახალგაზრდა ქართველი "ჩეკისტი" ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ 1924 წელს, "აგვისტოს აჯანყების" ჩახ­შო­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ში აქტიური მონაწილეობის შემდეგ მოხვდა. მაშინ ბერიას "ღვაწლი" დაუფასეს და სსრკ წითელი დროშის ორდენით დაჯილდოეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული ლ. ბერიას სერგო ორჯონიკიძე მფარველობდა და ეს ყველასთვის ცნობილი იყო.

ამასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა ერთი ამონარიდი აკადემიკოს ალ. ბარამიძის მოგონებების წიგნიდან: "ახლო წარსულიდან" (1993 წლის გამოცემა): " როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ 1924 წლის აჯანყება საბოლოოდ ჩაახშო, თუმცა რეპრესიები მთელი სიმკაცრით კვლავ გრძელდებოდა, ოპერის თეატრში გაიმართა დიდი თავყრილობა ამ აჯანყების თაობაზე, როგორც პროფკავშირების მუშაკმა , ამ თავყრილობაზე დასასწრები საშვი ვიშოვე . . . მოხსენებით გამოვიდა სერგო ორჯონიკიძე . . დაახლოებით შუა მოხსენებისას ორჯონიკიძემ სცენის კულისებიდან გამოიძახა ვიღაც კარგად ჩაცმული, დაბალი ტანის საკმაოდ გამხდარი ახალგაზრდა კაცი, ეს ბიჭი (ასე თქვა) არისო საქართველოს უშიშროების საგანგებო კომისიის ოპერატიული ნაწილის უფროსი ლავრენტი ბერია, რომელმაც მიაგნო აჯანყების შტაბის ბუნაგს შიომღვიმის მონასტერში, შეიპყრო ამ შტაბის ყველა წევრი და მენშევიკურ კონტრრევოლუციურ-ავანტიურისტულ უდღეურ აჯანყებას მოჰკვეთა თავის მურტალი თავიო. გაუმარჯოს ლავრენტი ბერიასო! პათეტიკურად შესძახა ორჯონიკიძემ და "რჩეული" აუდიტორიის ტაშმა იგრიალა" (ციტატის დასასრული).

ამის შემდეგაც ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია იყო. სტალინი კი ყოველთვის ინტერესდებოდა ემიგრაციაში მიმდინარე პროცესებით: განსაკუთრებით ნოე რამიშვილის მოღვაწეობით, რომელთანაც პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, პირადი შუღლიც ჰქონდა. სტალინმა ემისრებიც გაუგზავნა ნ. რამიშვილს და შესთავაზა: "შეწყვიტე პოლიტიკური აქტიურობა და შევრიგდეთო". თუმცა პარიზიდან მტკიცე უარი მოვიდა. მაშინ კი, როგორც ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსში "მარცხენა მარში" გაისმის: "Ваше слово, товарищ маузер" ("თქვენი სიტყვაა ამხანაგო მაუზერო") "ჩეკას" "აქტიური მოქმედების" დრო დადგა. 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ რევოლვერიდან გასროლით მოკლა ნ. რამიშვილი. ჩემი აზრით ეს იყო ლავრენტი ბერიას მიერ დაგეგმილი მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბერია თანმიმდევრულად მიიწევდა მაღლა, "ჩეკას" ქართველი პატრიოტების სისხლით მორწყულ "კარიერულ კიბეებზე", მისი დაწინაურება მხოლოდ ნ. რამიშვილის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

ლ. ბერიამ ათი წელი (1921-1931 წ.წ.) იმუშავა ამიერკავკასიის და საქართველოს "ჩეკა-ოგეპეუს” ორგანოებში და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყველა, მათ შორის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინააღმდეგ, სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებას. ხუთი წელი იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე და მხოლოდ 1931 წლის 17 აპრილს, ნოე რამიშვილის მკვლელობიდან სამ თვეში, დანიშნეს თავმჯდომარედ.

picture4-1683272808.jpg

ლავრენტი ბერია, ნინო გეგეჭკორი და სერგო ბერია (სავარაუდოდ 1929 წელი)

ეს შემთხვევითი ნამდვილად არაა: ჩემი აზრით სტალინმა ბერიას დაუფასა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის ორგანიზება. ამ პერიოდიდან ბერიას პიროვნებას სტალინი კიდევ უფრო დაკვირვებით ადევნებდა თვალს და ახალგაზრდა ლავრენტიც ცდილობდა "ამხანაგ კობასთვის” პირადი ერთგულებით ესიამოვნებინა. მოლოტოვი იხსენებს, რომ წლების შემდეგ პოლიტბიუროს ვიწრო წრეში სტალინს უთქვამს: "ბერია იმიტომ მომეწონა, რომ მართალ ინფორმაციას მაწვდიდა ამიერკავკასიის შესახებო”. ჩვენ კი ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ ამ "მართალ ინფორმაციას” მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.

ლ. ბერიას მონდომებამ შედეგი მალევე გამოიღო. 1931 წლის 19 აგვისტოს სტალინი, რომელიც ჩვეულებისამებრ შავ ზღვაზე ისვენებდა, მოსკოვში პოლიტბიუროს წევრ ლაზარ კაგანოვიჩს წერილს უგზავნის და ავალებს, რომ საქართველოში საამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაჩქარებისთვის საქმეში ჩართონ ამიერკავკასიის "ჩეკას” თავმჯდომარე ბერია. ეს იყო "ბელადის” მიერ ახალგაზრდა ბერიას "ჩეკადან” - პარტიულ-სამეურნეო სამუშაოზე დაწინაურების პირველი ეტაპი.

იმავე წლის 31 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებულ პოლიტბიუროს სხდომაზე ბერია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივნად და იმავდროულად საქართველოს ცკ პირველ მდივნად დაამტკიცეს. ამის შემდეგ ლავრენტის შანსი მიეცა უფრო ხშირად შეხვედროდა სტალინს: პირველ რიგში შავ ზღვაზე დასვენების პერიოდში. ლავრენტი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. 1932 წლის 13 ივლისს ბერია კაგანოვიჩს აცნობებს: "ორჯერ ვიყავი ამხ. კობასთან და საშუალება მქონდა დაწვრილებითი ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩვენი საქმეების შესახებ”. მალევე ბერიას აღზევების მომდევნო ეტაპი დაიწყო.

1932 წლის 12 აგვისტოს დასავენებლად მყოფი სტალინი კაგანოვიჩს წერს: "ბერია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგი ორგანიზატორი, საქმიანი, იმედის მომცემი მუშაკია . . .მიუხედავად იმისა, რომ ბერია არ არის ცკ-ას წევრი (ის კანდიდატიც კი არაა) მაინც მოგვიხდება მისი წარდგენა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე”.

picture5-1683272808.jpg

ლ.ბერია 1930 იანი წლების დასაწყისი.

სტალინის გადაწყვეტილებით 1932 წლის 17 ოქტომბერს ამიერკავკასიის ლიდერად ახალგაზრდა კომუნისტი, თუმცა უკვე გამოცდილი "ჩეკისტი" ლ. ბერია დაინიშნა. ის 1937 წლის 23 აპრილამდე სამი რესპუბლიკის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ბატონ-პატრონი იყო და სწორედ ამ პერიოდზე მოდის საქართველოში სისხლიანი რეპრესიების პიკი. ლ. ბერია დაუნდობლად ანადგურებდა ყველას ვინც კონკურენტი იყო ან შეიძლება მომავალში გამხდარიყო.

პირველი თაობის ქართველი "ჩეკისტების” ბიოგრაფიებს თუ ყურადღებით წავიკითხავთ, ერთ საბედისწერო კანონზომიერებას შევამჩნევთ. მათი უდიდესი უმრავლესობა 1937-1938 წლებში იქნა რეპრესირებული და დახვრეტილი. პიროვნული დაპირისპირება მსხვერპლთშეწირვის რიტუალით მთავრდებოდა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გავიხსენო.

1925 წელს ქართველი "ჩეკისტების” ერთმა ჯგუფმა: საქართველოს "ჩეკას” მეორე თავმჯდომარემ, კონსტანტინე ცინცაძემ, მისმა შემცვლელმა, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ, ეპიფანე კვანტალიანმა (1889-1937 ), თავის მოადგილეებთან: ტიტე ლორთქიფანიძესა (1896-1937) და დავით კილაძესთან (1885-1937 ) ერთად, იმ დროს ძალზე მნიშვნელოვანი "ჩე-კა - გე-პეუ"-ს საპატიო თანამშრომლის” სამკერდე ნიშნები და წოდებები მიიღეს. ეს ჯილდო "აგვისტოს აჯანყების" სისხლში ჩახშობის დამსახურებისათვის იყო გაცემული. თუმცა ზოგიერთი, ვისაც არანაკლები წვლილი ჰქონდა შეტანილი ამ საქმეში, მაშინ წოდების გარეშე დარჩა. ეს იყო ეპიფანე კვანტალიანის კიდევ ერთი მოადგილე, ლავრენტი ბერია. მას მხოლოდ 1932 წელს "გაუღიმა ბედმა” და ეს წოდება მიანიჭეს.

ლ. ბერია წყენას არასდროს ივიწყებდა და ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. დახედეთ ამ ქართველი "ჩეკისტების” გარდაცვალების თარიღებს და თქვენც დარწმუნდებით. კონსტანტინე ცინცაძე კი, რომელიც სტალინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 20 იანი წლების დასწყისიდან გამოდიოდა, 1928 წელს დააპატიმრეს და რუსეთში, გადასახლებაში გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ლ. ბერიას აქტიური მონაწილეობის სტალინისთვის კარგად იყო ცნობილი. ლ. ბერიას დაუნდობელი ბუნება მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს ახალგაზრდა კაცი "პატარა დიქტატორად" იქცა. მაშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უდიდესი პატივმოყვარეობა დიდ ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებისთვის დამღუპველია. ლ.ბერიამ სწორედ მაშინ გაუხსენა ყველას ძველი დამცირება და წყენა, ზურგსუკან დაცინვები და მოსკოვში დასმენები. ის არაფერს ივიწყებდა. როგორ ადგენდა ის დასახვრეტთა სიებს და როგორ წყვეტდა უდანაშაულო ადამიანის და მისი ოჯახის წევრები სიკვდილ-სიცოცხლის ბედს?

ლ. ბერია, რომელიც არა მარტო განუხრელად ასრულებდა მოსკოვიდან წამოსულ ბრძანებებს, არამედ რეპრესიების "გეგმის” ზემოთაც აწამებდა და ხვრეტდა ხალხს. დაპატიმრების სანქციაზე ბერიას რეზოლუცია - "გამოიყენეთ რეჟიმი” ცემას გულისხმობდა, ხოლო "მკაცრი რეჟიმი” - სასტიკ ცემასა და წამებას. ხშირად სანქციისა და ორდერის გარეშე დაპატიმრებულებს პირდაპირ "დამუშავებას” უწყობდნენ, რაც ყოველგვარი დაკითხვის გარეშე სასტიკ ცემას ნიშნავდა.

ბერიას ჯალათებს შეეძლოთ ნებისმიერი პიროვნება არაადამიანური წამების შედეგად აეძულებინათ ნებისმიერ დოკუმენტზე მოეწერა ხალხი, მათ შორის "ნებაყოფლობითი” თანამშრომლობის ხელწერილზე, მიეცა ოპერატიული ფსევდონიმი, საქმეში ჩაეკრა ამ ვითომდა აგენტისაგან დაწერილი ცნობა და ა.შ. ასე ირეოდა ერთ სისხლიან სადღვებელში ჯალათი და მსხვერპლი, დამსმენი და დასმენილი. რეპრესიების სისხლიანმა მანქანამ ყველაზე ღრმა და მძიმე კვალი ქართველი ინტელიგენციას დამჩნია.

დღეს, როდესაც "ცისფერყანწელთა" შესახება უამრავი წიგნი, სტატია და მონოგრაფია იწერება, რატომღაც ყურადღების მიღმა რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: 1936-1938 წლების "დიდ ტერორსა" და "სისხლიან რეპრესიებს" "ცისფერყანწელთა" უდიდესი უმრავლესობა (ვ. გაფრინდაშვილი, შ. აფხაიძე, კ. ნადირაძე, ს. კლდიაშვილი, რ. გვეტაძე, ა. არსენიშვილი, გ. ლეონიძე და სხვ.) საბედნიეროდ ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ბევრ, წამებით მიღებულ ჩვენებებში მათი გვარებიც იყო დასახელებული (როგორც "ჯაშუშების”, "ტროცკისტების" და სხვა მრავალი, ჯალათ-ჩეკისტების მიერ მოგონილი აბსურდი), კიდევ ვიმეორებ - საბედნიეროდ, მათ რეპრესიები არ შეხებიათ. ბერიასგან ამგვარმა "უცნაურმა გულკეთილობამ" სხვა ქართველ მწერლებსაც (კ. გამსახურდია, გ. ქიქოძე, ი.მოსაშვილი. ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი და სხვ.) შეუნარჩუნა სიცოცხლე. რა იყო ლ. ბერიას "გულკეთილობის" მიზეზი?

წაიკითხე წინა ბლოგი

(მეთოთხმეტე ნაწილის დასასრული)