"შენზე "ვეცემიო", მითხრა. წყნეთის გარშემო 30 "კრუგი" ამისთვის დამარტყმევინე-მეთქი?" - რას ჰყვებოდა ქეთა თოფურია პირველ პაემანზე? - კვირის პალიტრა

"შენზე "ვეცემიო", მითხრა. წყნეთის გარშემო 30 "კრუგი" ამისთვის დამარტყმევინე-მეთქი?" - რას ჰყვებოდა ქეთა თოფურია პირველ პაემანზე?

ცნობილი ადამიანების პირველ პაემანსა თუ სიყვარულზე სახალისო ამბებს "გზის" არქივიდან შემოგთავაზებთ.

ინტერვიუები, რომლებიც წლების წინ ჩაიწერა, ბევრისთვის დღესაც სიახლე იქნება, ზოგისთვის კი იმის შეხსენება, რაც თავის დროზე ცნობილებმა გულახდილად გვიამბეს. გთავაზობთ ამონარიდებს ქეთა თოფურიას, ინგა გრიგოლიას, რუსკა მაყაშვილის, ზურა ხაჩიძისა და კრისტი ყიფშიძის ინტერვიუებიდან.

"თითოეული შეცდომა გაკვეთილია"

ქეთა თოფურია:

"12 წლის რომ ვიყავი, მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესავოს ბავშვები წყნეთში ვისვენებდით. მაგარ დროს ვატარებდით. მაშინ პირველად მომეწონა ბიჭი და პირველ პაემანზეც მასთან წავედი. ხელიხელჩაკიდებულებმა წყნეთს 30 "კრუგი" მაინც დავარტყით. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა: ქეთა-ა... - რა-ა? - რა ლამაზი ცააა! ქეთა-ა... - ბატონო. - რა ლამაზი ხეა! - ასე გრძელდებოდა დაუსრულებლივ. ბოლოს მითხრა, - შენზე "ვეცემიო". - უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, რომ გეთქვა? ამისთვის დამარტყმევინე წყნეთის გარშემო 30 "კრუგი"-მეთქი? - მერე კი გამოვუტყდი, რომ მეც მომწონდა. ეს ისეთი ხუმრობის ფორმით ვუთხარი, რომ ერთი კვირა არ იჯერებდა... თბილისში რომ ჩამოვედი, იმ ბიჭს დავშორდი. წყნეთში, გვინდოდა თუ არა, ერთმანეთს ვხვდებოდით, თბილისში კი პაემნებზე სპეციალურად უნდა მევლო. მივხვდი, ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი და დავშორდი. იმის მერე წლები გავიდა და ის ბიჭი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა.

- პირველმა პაემანმა რა გამოცდილება შეგძინა?

- ძალიან პატარა ვიყავი და გამოცდილება არ მიმიღია. უბრალოდ, წყნეთის ქუჩებში გატარებული საღამო ჩემთვის ერთ ლამაზ მოგონებად დარჩა.

- შეყვარებული მტირალა ხარ?

- საერთოდ, არ ვარ დეპრესიული ადამიანი. ძალიან ცუდ ხასიათზე მაქსიმუმ, ორი დღე ვარ. მერე თვითონ ვშველი საკუთარ თავს. იმ გოგონების რიგს არ მივეკუთვნები, რომლებიც წარსულს მისტირიან. რეალისტი ვარ და სიმართლეს თვალს იოლად ვუსწორებ.

- სასიყვარულო ურთიერთობებში შეცდომა ხშირად დაგიშვია?

- ყოველთვის ვიცი, ჩემს საქციელს როგორი რეაქცია მოჰყვება. საკმაოდ რისკიანი ვარ და ხშირადაც მიმართლებს. თუ რაიმე ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა და ვხვდები, ურთიერთობისას რაღაც შემეშალა, მაინც არ ვნანობ ჩემს საქციელს, რადგან თითოეული შეცდომა გაკვეთილია.

- რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ სიყვარული დაგიმტკიცოს?

- მე თვითონ ძალიან ყურადღებიანი ვარ. რასაც გავცემ, იმასვე მოვითხოვ სხვისგან. ამიტომ, ბიჭი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და არასდროს არ უნდა მომატყუოს..." იხილეთ სრულად