პრიგოჟინი პუტინს 10 მაისიდან "ვაგნერის" ბახმუტიდან დეზერტირობას "დაჰპირდა"... - კვირის პალიტრა

პრიგოჟინი პუტინს 10 მაისიდან "ვაგნერის" ბახმუტიდან დეზერტირობას "დაჰპირდა"...

"პარასკევია დღესაო, კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო" - ამ ცნობილი ანდაზისა არ იყოს, რუსული, არანაკლებ ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - პრიგოჟინი ანალოგიურად იქცევა, როდესაც დღეს, პარასკევს, 5 მაისს, განსაკუთრებულ სკანდალურ განცხადებას აკეთებს...

პრიგოჟინისგან სკანდალები კრემლს არც აქამდე აკლდა, მაგრამ "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ამჯერად თავის თავსაც აჯობა. ვიდეოკადრებში ის რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს გერასიმოვს უშვერი სიტყვებით აგინებს და ბოლო ბრძოლაში დახოცილი "ვაგნერელების" გვამებზე მიუთითებს, - თქვე ძაღლიშვილებო, საარტილერიო ჭურვები საჭირო რაოდენობით რომ მოგეცათ, ეს ჩემი ბიჭები დღეს ცოცხლები იქნებოდნენო...

პრიგოჟინისგან რუსეთის არმიის მეთაურობის სახალხოდ გინება არახალი ამბავია, სამაგიეროდ, უდიდეს სკანდალად შეიძლება იქცეს განრისხებული პრიგოჟინის ღია ულტიმატუმი კრემლის მიმართ. - საბრძოლო მასალის კრიტიკული რაოდენობის გამო, 2023 წლის 10 მაისიდან "ვაგნერი" ტოვებს ბახმუტში ფრონტის ხაზს და პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაულოცავსო, - დაიმუქრა პრიგოჟინი...

რაც უნდა იყოს, რუსული კერძო კომპანია "ვაგნერის" მაღალ ბრძოლისუნარიანობას თავად უკრაინელებიც კი აღიარებენ, თუმცა იმავეს აღიარება არ სურს რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს გერასიმოვს, რადგან "ვიღაც" პრიგოჟინის სახით მათ პუტინის თვალში სერიოზული მოწინააღმდეგე უჩნდებათ.

მაგრამ, თუკი პრიგოჟინმა მართლაც შეასრულა დანაპირები და 10 მაისიდან რეალურად მოხსნა ფრონტის ხაზიდან "ვაგნერის" საბრძოლო დანაყოფები, მაშინ ბახმუტის დამცველებს ამოუსუნთქავთ...

ბახმუტი, რომლის აღებასაც პუტინი "ვაგნერის" ხელით გასული წლის 1 აგვისტოდან, მე-9 თვეა, ელოდება, სტალინგრადის მსგავს საჯილდაო ქვად გადაიქცა და მის დანგრეულ ქუჩებში შეუჩერებელი ბრძოლების შედეგად ყოველდღიურად ორივე მხრიდან ასობით მეომარი იღუპება, ბევრად მეტი კი - იჭრება.

2-pri-1683286026.png
„ვაგნერის“ მებრძოლების ყოველდღიურ მასობრივ დაღუპვებში პრიგოჟინი ისევ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ღიად სდებს ბრალს...

დღეს "ვაგნერს" ბახმუტის უდიდესი ნაწილი აქვს დაპყრობილი, მაგრამ 9 მაისისთვის მაინც ვერ შეძლებს, პუტინს შეპირებული "ქალაქის გასაღები" ჩააბაროს, რაც აჩენს ეჭვს, რომ თავის დაზღვევის მიზნით, პრიგოჟინი წინსწრებ სვლას აკეთებს და თავის გამართლებას იმით ცდილობს, რომ შოიგუ და გერასიმოვი "ვაგნერს" სპეციალურად არ ძლევენ საჭირო რაოდენობის ჭურვებს, რათა პრიგოჟინმა ვერ შეძლოს, პუტინს დანაპირები აუსრულოს ბახმუტის 9 მაისისთვის დაპყრობის სახით...

აქამდე "ვაგნერის" მეტ-ნაკლებად წარმატებული საბრძოლო მოქმედებები განპირობებული იყო შემდეგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:

პირველი - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შექმნისას (რაც რუსეთის ფედერაციის მრავალ კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სამართლებლივად არ არის განსაზღვრული კერძო შეიარაღებული ფორმირებების ფუნქციონირება) პუტინის პირადმა მზარეულმა პრიგოჟინმა (რომელიც იმავე პუტინის მფარველობის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რუს მილიარდერად იქცა, მათ შორის - მრავალმილიარდიანი რუბლის ოდენობის ჩაწყობილი ტენდერების მოგებით, რის შედეგადაც პრიგოჟინის ფირმა "კონკორდი" რუსეთის არმიისა და როსგვარდიის უზარმაზარი პირადი შემადგენლობების კვებით უზრუნველყოფას ახორციელებდა) მინიმუმ ბიუროკრატია გამოიყენა და "ვაგნერში" დიდი ანაზღაურების საფასურად მიიწვია ყველა ის პროფესიონალი სამხედრო, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუროკრატიისა და კორუფციის შემყურე, მასობრივად ტოვებდა რუსეთის არმიაში სამსახურს...

მეორე - პრიგოჟინმა პუტინის თანხმობით თითქმის წარმოუდგენელი შეძლო და... ციხეებიდან პატიმრები გამოიყვანა (მათ შორის - რეციდივისტებიც) ფრონტის ხაზზე საბრძოლველად გასაგზავნად, რითაც გააძლიერა წმინდა რუსული მცნება, რომ ნებისმიერ მსხვერპლზე წავლენ მიზნის მისაღწევად - შესაბამისად, ბახმუტის თითოეული სახლის დაპყრობა "ვაგნერს" ასობით დაღუპულად უჯდებოდა, თუმცა ეს, ხომ, უბრალო პატიმრები იყვნენ...

მესამე - პრიგოჟინს ჭურვებთან ერთად პატიმრების "საზარბაზნე ხორცად" მიწოდების გზებიც გადაუკეტეს, არადა, მუდმივი ახალი ცოცხალი მასის მიღების გარეშე "ვაგნერს" მომავალი არ გააჩნია, შესაბამისად, მისი ბრძოლისუნარიანობაც კრიტიკულ დონემდე ეცემა...

პრიგოჟინი ხვდება, რომ მისი "ვაგნერის" მომავალი თავად რუსეთში უპერსპექტივოა და შოიგუ-გერასიმოვის დუეტი მართლაც ცდილობს, უკრაინელთა თავდაცვით ზღუდეებზე შეტევებს შეაკლან მთელი "ვაგნერი", ამიტომაც პრიგოჟინი ვა-ბანკზე მიდის და ...დიდ პოლიტიკაში ფეხის შედგმას აპირებს, რაზეც მეტყველებს მისი ღია შეთავაზება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებისთვის, რომ მას დუმის ტრიბუნიდან მოუსმინონ და მისგან ბევრ ახალ, საოცარ ამბავს გაიგებენ...

როგორც ჩანს, პრიგოჟინი არ მოისვენებს და შოიგუ-გერასიმოვის ღიად გინებას, რუსეთისთვის შეიძლება ბევრად უფრო დამღუპველი ქმედებები მოჰყვეს, თუკი თავიანთი მეთურებისგან მიქსეულმა "ვაგნერისა" და საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფებმა უკრაინელი სამხედროების გულების გასახარად... ერთმანეთს დასცხეს იმავე ბახმუტში!