"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე"... "ჩალეწილი არ არის, ამოღებულია" - რა ვითარებაა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში - კვირის პალიტრა

"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე"... "ჩალეწილი არ არის, ამოღებულია" - რა ვითარებაა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში შექმნილი სავალალო ვითარების შესახებ მოქალაქე დიდ აღშფოთებას გამოხატავდა. იგი ვიდეოში აჩვენებდა და საუბრობდა, თუ როგორაა შენობის ფანჯრები მინების გარეშე დარჩენილი, უნიკალური ექსპონატები კი, რომელთაც საგანგებო ტემპერატურა სჭირდება, ნადგურდება... მუზეუმს გარედან ბოქლომი ადევს...

თუ რა ხდება სინამდვილეში, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს, - იოსებ ჭუმბურიძეს დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა...

იოსებ ჭუმბურიძე:

"ეს საკითხი არ განეკუთვნება ჩემს კომპეტენციას. ამის მიუხედავად, გავარკვიე, რომ სამინისტროს დაგეგმილი აქვს ვაჟა-ფშაველას მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, რაც, ბუნებრივია, ამ პრობლემასაც მოაგვარებს. ყველაფერი გაკონტროლდება..."

იმავე კითხვით მივმართეთ სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელს მანანა გოდერძაულს.

მანანა გოდერძაული:

"ეს ფანჯრები ჩვენ ამოვიღეთ, რადგან ჩრდილის მხარეა, უკან ხევი ჩამოდის და საშინელი ნესტია, ჩალეწილი არ არის, ამოღებულია, სახურავი 1987 წელს გადააფარეს და ახლა შესაცვლელია, წყალი ჩამოდის... კულტურის სამინისტრო წელს გეგმავს სახურავის შეცვლას, იმედია, შეცვლიან.

ფონდი დაცულია, სხვა დარბაზშია გადატანილი, ასეთი ვიდეოები საქმეს არ შველის"...

მანანა გოდერძაულმა გვითხრა, რომ უნდა დავკავშირებოდით ალეკო გრიგალაშვილს, რომელმაც კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა და მიგვითითა, რომ ყველაფერს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა - ნინო აბრამიშვილმა კი ორი დღის განმავლობაში ჩვენს არც ზარს და არც შეტყობინებას არ უპასუხა...

თუ რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა, ამის შესახებ თავისი მოსაზრება პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გაგვიზიარა:

"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე... ამბობენ, შუშები ამოღებულიაო, მაგრამ არ ჩანს ასე, მართლაც ჩამსხვრეული უნდა იყოს. ეს არის ვანდალიზმი! ვინც ეგ ჩაიდინა, მან ვაჟა არ იცის და არც მან, ვისაც ეგ საქმე აბარია! შიგნით რა ამბავია, ეს რა ვნახე, ღმერთო ჩემო... შეიძლება ვიდეოში ჩანს მოახლოებული ნივთები, მაგრამ მაინც შეძლებს, ვისაც რა მოუნდება, წაიღოს.

მე ჯერ მსგავსი არაფერი მინახავს! მანდ ასე თუ ისე სულ წესრიგი იყო და ახლა რა ხდება? საზამთროდ არის დალაგებული თუ საზაფხულოდ, ნივთები ერთი ხელის გაწვდენაზეა. თუ მართლაც ფანჯრებიდან შუშები ამოიღეს, ამას ხომ თავისი ცოდნა სჭირდება?! სად გაგონილა ეგრე მიატოვონ?! ყველაფერს სულ სხვანაირი მოვლა უნდა და მაგას არ აქცევს ყურადღებას იქაური მთავრობა. მხოლოდ წყალმოვარდნის დროს ბოტებით გუბეში ჩადგომა არ კმარა!

ვაჟა-ფშაველაა, ვიღაც მოსახვევის პოეტი კი არა! ქვეყნის სული და გამოსახულება! დღეს ამის სწავლება სჭირდება ვინმეს, ვაჟა ფშაველა ვინ იყო?! იმდენად ვარ შეშფოთებული, რომ შეგვეძლოს მეც და ამირანიც დღესვე გავიქცეოდით იქ და ადგილზე ვნახავდით, რა ხდება..."

1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე აშენდა მუზეუმი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა-ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება - კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმაღლე 5 მეტრი) თავი (მოქანდაკე - ბ. ავალიშვილი). ქანდაკების უკან, მუზეუმის სახურავზე, ვიწრო, სწორკუთხა კვარცხლბეკზე დგას არწივის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ვაჟას მიერ შექმნილ პოეტურ სახეს განასახიერებს...

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია, როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე, XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში, აგრეთვე, დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფონდში, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი ერთეული ინახება.

(სპეციალურად საიტისთვის)